"ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ" - უბედური შემთხვევა ფოთში - კვირის პალიტრა

"ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ" - უბედური შემთხვევა ფოთში

ფოთში, ზღვისა და მდინარე რიონის შესართავთან, 14 წლის გიორგი გოგუა დაიხრჩო. შემთხვევა დილით ადრე მოხდა. წყალში შესული ორი მეგობრიდან ერთ-ერთის გადარჩენა იქვე არსებული ნიჩბოსნობის სკოლის სპორტსმენებმა შეძლეს, მეორეს კი ვერ უშველეს...

"ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ", - განაცხადა ნიჩბოსნობის სკოლის მწვრთნელმა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბანაობისას ორივე ტალღამ გაიტაცა...

მარი, გიორგი გოგუას ოჯახის ახლობელი: გული გვეწვის ამ ოჯახის საცოდაობით. გიორგი დილით ადრე ამდგარა და დედისთვის უთქვამს, - ფეხბურთის სათამაშოდ უნდა წავიდეო. ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა. გულით და სულით სავსე ბავშვი იყო. კარგად აღზრდილი... საშინელებაა, მასზე წარსულში რომ მიწევს საუბარი. არ იცით, მის ოჯახში რა საცოდაობა ტრიალებს. დედისერთა იყო და მთელი ოჯახი მას შესცქეროდა თვალებში. დედამისი გიორგის შემდეგ ორჯერ იყო ფეხმძიმედ, ერთხელ 8 თვის ბავშვი გააჩინა მკვდარი, მეორედ 9-ის... ახლა ისეთი საცოდავია დედამისი, თვალებიდან არ ამომდის მისი სახე. ფოთში, ბაზარში მუშაობს, წვრილმანებით ვაჭრობდა და შვილს არაფერს აკლებდა. კარგად აღზრდილი შვილი ჰყავდათ.

- გასულ წელს ფოთში სამაშველო სამსახურის არარსებობის შესახებ ჩიოდა მოსახლეობა. ეს პრობლემა მოგვარდა?

- სამწუხაროდ, არა... ქალაქს სამაშველო სამსახური ჰყავს, მაგრამ ჩვენ სანაპიროს სამაშველო სამსახურს ვითხოვდით. მერიასაც მივმართეთ, მაგრამ... ზაფხულის სეზონთან ერთად, უბედური ფაქტები ხშირია. სანაპიროზე კი არ არის მაშველი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რიგით ადამიანს ბავშვი გადაურჩენია და თვითონ დამხრჩვალა. ამიტომ ვითხოვდით და ვითხოვთ სამაშველო სამსახურს. რა გახდა რამდენიმე გამოცდილი ადამიანი? თუ მერია ამ პრობლემას ყურადღებით არ მოეკიდა, კიდევ ბევრი ოჯახი გაუბედურდება. ჩვენმა ხელმღვანელობამ იცის, რომ ყოველ ზაფხულს ასეთი ტრაგედიები გარდაუვალია და მაინც დუმს, ამდენი წელია შველას ვითხოვთ, მაგრამ პატრონი არ ჩანს.

- რა პასუხი მიიღეთ მერიისგან?

- როგორც გვითხრეს, განიხილეს, მაგრამ პროექტი არ დაამტკიცეს... იქნებ წინასაარჩევნოდ მაინც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)