"მთელი ღამე არ შეწყვეტილა ხალხის ტალღა სტამბოლის ქუჩებში. სროლების, გაფრთხილების, მუქარის, აფეთქებების მიუხედავად, მათი რაოდენობა მატულობდა... ცაში სამხედრო ვერტმფრენები დაზუზუნებდნენ... ერდოღანი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, ეს ცხადია, მაგრამ ახლა ხალხს ერთი რამის შიში აქვს, არ მოხდეს დაპირისპირება ჯარსა და პოლიციას შორის, ამის საფუძველი არსებობს და თუ ეს მოხდა, სამოქალაქო ომი გარდაუვალი იქნება" - ამბობს თურქი ჟურნალისტი ალი სევქეთოღლუ.იხილეთ ფოტოგალერეაადგილობრივი მედიის წარმომადგენლის თქმით, ბოლო დროს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ძალიან დიდი სისწრაფით იზრდებოდა, რაც სხვადასხვა ფაქტორით იყო განპირობებული. რამდენიმე მიზეზი უკვე გამოიკვეთა:"ეს არის ერდოღანის მცდელობა, მოახდინოს თურქეთის მკაცრი ისლამიზაცია, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. და კიდევ, გარდა იმისა, რომ თურქეთში ძალიან დიდი ამერიკული ბაზაა განლაგებული, ერდოღანი ეკონომიკური მოსაზრებით, რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ერდოღანმა ხელი შეუწყო კორუფციის დანერგვას, აკონტროლებდა მასმედიას და სასამართლო სისტემას... ადგილობრივი მედია ნებისმიერ ტერაქტს, რომელიც ბოლო დროს თურქეთის ქალაქებში ხდებოდა, სიცოცხლის ფასად აშუქებდა, ხელისუფლება კი ყველა მეთოდის გამოყენებით გვბლოკავდა და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩემი კოლეგების ასეთი კრიტიკული სიუჟეტის მომზადებას შეეწირნენ, - ერდოღანმა ისინი უბრალოდ, მოიშორა... ასეთი პოლიტიკური ფორმატით ქვეყნის მართვა მიუღებელია, ეს არ იყო ათათურქის ოცნება, რომელმაც ლამის ერთი საუკუნის წინ განსაზღვრა ქვეყნის უკეთესი მომავალი... ერდოღანმა თურქეთის განვითარება შეაფერხა, ამისთვის უნდა გასამართლდეს. ის ებრძოდა დაუნდობლად ყველა მის მოწინააღმდეგეს, პირდაპირ იშორებდა. ეს ყველაფერი პრეზიდენტს ერთ მშვენიერ დღეს ცუდად მოუბრუნდა. მთავარია, ხალხმა სიმშვიდე შეინარჩუნოს და შეიარაღებულ მხარეებად არ იქცნენ".მერი შენგელია, სტამბოლში მცხოვრები ქართველი:- ქალაქში პანიკაა... ჩვენს ქუჩაზე ტანკებმა ჩაიარეს... ბოლო დროს სულ ტერაქტების კვალდაკვალ გვიწევს ცხოვრება. დღეს თურქეთში საომარი მდგომარეობაა. გარეთ გასვლას უკრძალავენ ხალხს, მაგრამ ისინი მაინც გადიან... შეშინებული ვართ. არ ვიცი, რა ვქნათ. თურქები თითქოს ჩვენზე მეტად ინარჩუნებენ სიმშვიდეს, მათ არ უნდათ აქაურობა უცხოელებმა დატოვონ, ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში უარესი იქნება... არადა, თუ ასე გაგრძელდა, ვეღარ გავჩერდებით. ფაქტობრივად, ქვეყნის ორ ქალაქში ომია. ადგილობრივებს ეშინიათ, რომ ამ შემთხვევით ისარგებლებენ ქურთი ტერორისტები და ტერაქტებს მოაწყობენ... როგორც კი ინფორმაცია მიიღეს, ხალხი ქუჩაში გაცვივდა და მაღაზიებსა და ბანკომატებს მიაწყდა. ყიდულობდნენ წყალსა და საკვებს და გამოჰქონდათ ფული ბანკომატებიდან... ნანა წივქარიძე, სტამბოლში მცხოვრები ქართველი:- ტაქსიმის მოედანთან ვცხოვრობ და აქაურობა ზანზარებს. შუქები ჩავაქრეთ, რადგანა გვეგონა, რომ უფრო დაცულად ვიქნებოდით. აქ ისმის მძიმე ტექნიკის გადაადგილებისა და სროლის ხმები, ასევე აფეთქებები. აქტივისტები მიმართავენ მოსახლეობას, რომ ქუჩაში გამოვიდნენ... ანკარაში ჩემი მეგობარი ქართველები ცხოვრობენ და იქ გაცილებით უარესი მდგომარეობაა - მთელი ღამე ისმოდა დაბომბვისა და იარაღის ხმები. აქაც არიან დაღუპულები, სავარაუდოდ, პოლიციელები, რომლებიც ერდოღანის პოზიციას იცავენ...დათო აბრალავა, ანტალიაში მცხოვრები ქართველი:- ეს მხიარული და ხალისიანი კურორტი ერთ საათში შეიცვალა. მთელი ღამე ხალხი მაღაზიებისა და ბანკომატების რიგში იდგა. საოცრად შეშინებული იყვნენ, არ უნდათ ომი... აქამდე იმაზე დარდობდნენ, სეზონი რომ ჩაუვარდათ, ახლა კი დაპირისპირებამ ძალიან საშიში სახე მიიღო... ადგილობრივები უცხოელებს დახმარებას გვთავაზობდნენ. ტაქსიმ სახლამდე მიმიყვანა და მგზავრობის ფული არ გამომართვა.ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)