"ვილოცოთ ტერორისტებს ჩვენც არ გავახსენდეთ, თორემ ისევ ამ "ჩმორი" ევროპელების საპატრონო გავხდებით" - კვირის პალიტრა

"ვილოცოთ ტერორისტებს ჩვენც არ გავახსენდეთ, თორემ ისევ ამ "ჩმორი" ევროპელების საპატრონო გავხდებით"

მწერალი, ესეისტი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე საინტერსო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"ურწმუნო საბჭოთა საქართველოში გავრცელებული რწმენა - "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ!" - მორწმუნე ოთხმოცდაათიანებში ეჭვის ჭიამ დაღრღნა, ფანატიზმის ნულოვან წლებში კი ზუსტად საპირისპირო უკიდურესობად ჩამოყალიბდა - "ჩვენზე დამპალი, გოთვერანი და გოიმი ერი დედამიწაზე არ არის!"

ამან ერთგვარი "ზნეობრივი თავისუფლება" მოუტანა ერს: დღეს თითქოს მართლაც აღარაფერი დარჩა ისეთი რასაც ბევრი ჩვენთაგანი არ იკადრებს, ღირსება - იაფფასიან რესტორანში შეკვეთილი ზედმეტი, დარჩენილი გაციებული ხინკალივით გახდა, რომელიც შეგიძლია ზეთში შეაწვევინო .. ეჭვის ჭია კარგა ხანია სომსუქნით მოკვდა. კითხვებს აღარ ვსვამთ. ყველაფერი ისედაც მშვენივრად ვიცით, მხოლოდ , საშინლად დავკომპლექსდით და უზომოდ ბედნიერები ვართ ნებისმიერი პატარა გამონათებით, მაგალითად, რაგბიში მორიგი გამარჯვებით, რომელიმე ჩვენი პიანისტის კარგი შესრულებით, ქართული ღინით, უკრაინულ "ნიჭიერში" ქართველი კონკურსანტის ტალანტით თავზარდაცემული და აქვითინებული ჟიურით და ა.შ... მაგრამ ქართველის გულს დავიწყებული "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ" მაინც ფანტომურ ტკივილად შემორჩა, რომელსაც ყველაზე მეტად სალბუნად მაინც საფრანგეთში მომხდარი ტერაქტები ედება ხოლმე - ყოველ ჯერზე როდესაც იქ ტრაგედიაა, ნახევარი საქართველო კომპლექსებისგან თავისუფლდება, ახსენდება რომ ჩვენზე უფრო "ჩმორი" ხალხიც არსებობს, რომლებსაც "არაბები და ზანგები" ყოველდღიურად კიდევ უფრო აჩმორებენ, რადგან ჩვენგან განსხვავებით ქრისტიანულ საფუძველს, ოჯახის სიწმინდეს მოსწყდნენ, ყალბი ფასეულობები მოახვიეს თავს მსოფლიოსა და განსაკუთრებით მათსავით ხისთავიან რადიკალ ისლამისტებს, რომ ამ ფასეულობების სიმბოლო "შარლი ებდოა", რომ პუტინს შეეკრნენ და საერთოდ - რაც დაიმსახურეს ის მიიღეს.

ნიცის ტრაგედიის შემდეგ გახარებულები, იმასაც იძახიან, მსოფლიოში სიმშვიდის ბოლო კუნძული ვართო. მგონი, ამის საფუძველზე ტურისტების ულევი ნაკადის და შესაბამისად დიდი და მცირე ბიზნესის აღორძინებასაც ვარაუდობენ ხელების ფშვნეტით !..

გაუბნებით, კიდევ ერთი ორი სისხლიანი ტერაქტი საფრანგეთში და საქართველო საბოლოოდ განთავისუფლდება ამ ოცწლიანი მტანჯველი კომპლექსებისგან! მხოლოდ ვილოცოთ, მანამდე ტერორისტებს ჩვენც არ გავახსენდეთ თორემ ისევ ამ "ჩმორი" ევროპელების მისახედი და საპატრონო გავხდებით". (წყარო)