კვირიკაშვილი სტაბილურადაა, ლომინაძე მძიმედ - როგორია ავარიაში მოყოლილი რაგბისტების მდგომარეობა - კვირის პალიტრა

კვირიკაშვილი სტაბილურადაა, ლომინაძე მძიმედ - როგორია ავარიაში მოყოლილი რაგბისტების მდგომარეობა

21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

გარდაცვლილებს შორის ორი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია, მესამე კი მათი მეგობარი გოგონა.

დაშავებულები კი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და გუნდ "ლელოს" მოთამაშე გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეები არიან.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღები ექიმის, დავით წულაიას განცხადებით, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

„21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვე იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს - 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა მიმღების ექიმმა.

რაც შეეხება მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეებს, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის, ანჟელა ორჯონიკიძის განცხადებით, მათ დღეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანენ.

ორჯონიკიძის თქმით, ამჟამად ერთი პაციენტი სამტრედიის „ჯეოჰოსპიტალში“ იმყოფება, ხოლო მეორე - ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში. ორივე დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მომხდარს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მან გარდაცვლილების ოჯახებს და მათ ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან, ერთი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი რჩება მძიმედ. რაც შეეხება გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობებს, როცა მობილიზაციას აცხადებდნენ სისხლის პროდუქტებზე, გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის სისხლის პროდუქტების“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, დილის საათებში კონსილიუმი გაიმართება და უკვე შუადღისთვის იქნება სამოქმედო გეგმა.

„გვიან ღამით იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი. ვფიქრობ, რომ დილის საათებში გაიმართება კონსოლიუმი და შუადღისთვის გვექნება სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება გადმოყვანას, ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან სადაც არიან, მათ მკურნალობა კვალიფიციურად უტარდებათ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ინგლისური ვერსია