„გაიხარეს „ნაცებმაც“, გაიხარეს რუსებმაც, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის" - რას ყვება შვილებზე თარხან ბათირაშვილის მამა? - კვირის პალიტრა

„გაიხარეს „ნაცებმაც“, გაიხარეს რუსებმაც, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის" - რას ყვება შვილებზე თარხან ბათირაშვილის მამა?

ერთი კვირის წინ ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაადასტურა ინფორმაცია მათი ერთ-ერთი ლიდერის ომარ-ალ შიშანის - თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ. მანამდე კი პენტაგონი ავრცელებდა ინფორმაციას ბათრაშვილის მძიმედ დაჭრისა და სიკვდილის შესახებ, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდებოდა.

ბი-ბი-სი-ს რუსული რედაქციის კორესპონდენტი გარდაცვლილი ლიდერის მამას ესაუბრა, რომელიც, მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში მარტო ცხოვრობს.

„გაიხარეს „ნაცებმაც“ - სააკაშვილის ყოფილმა მთავრობამ, გაიხარეს რუსებმაც, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის. პირველად რომ გამოაცხადეს თარხანის დაღუპვის ამბავი, მართლა შემეშინდა. შემდეგ ამ ინფორმაციას რომ იმეორებდნენ, მივხვდი ცრუ ინფორმაცია იყო. იმედი მქონდა, ამჯერადაც იტყუებოდნენ, მაგრამ ეხლა სიმართლე ყოფილა.

მე ხომ ქრისტიანი ვარ და მათთვის მიუღებელია ქრისტიანს სამძიმარი გამოუცხადონ. თარხანი მუსლიმანი იყო, როგორც მისი ძმები. ხშირად არ ვიყავი სახლში, სამუშაოდ დავდიოდი ხან გროზნოში, ხან რუსეთში და ისინი დედის ნათესავებთან იზრდებოდნენ. თარხანის დეიდაშვილი ვაჰაბიტი იყო და მოკლეს, ამის გამო ძმები ძალიან გაბრაზდნენ. სოფელში ქრისტიანი, მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა დავრჩით.

ჩემი შვილები სამივენი ძალიან კარგად სწავლობდნენ. უფროსი შვილი თამაზი მესამე კურსის სტუდენტი იყო, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა და ფულის გადაუხდელობის გამო სასწავლებლიდან გამოუშვეს, 400 დოლარი უნდა გადაგვეხადა...

საქართველოს არ სჭირდება მეომარი ხალხი?! ცუდი იქნებოდა ასეთი მებრძოლი საქართველოს ჰყოლოდა? შაჰიდი გახდაო... იშვიათობაა ამ ასაკში ამდენს მიაღწიოს ადამიანმა. 28 წლის იყო და ამდენს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ მართლა ჭკვიანი იყო.

ერთი რამ, რაზეც ვფიქრობ ეს არის რომ მე თურმე ჩემ შვილს არ ვიცნობდი. თამაზს კარგად ვიცნობდი, ჩემთან სულ კარგად იქცეოდა. თარხანმა კი, როგორც კი სკოლა დაამთავრა ჯარში წავიდა. როდის ვნახავდი? საზღვარგარეთ მიწევდა მუშაობა. არ ვიყავი მათ გვერდით და დროსაც ვერ ვუთმობდი, ხომ უნდა მერჩინა ისინი?

რაც მოხდა, ამას აღარაფერი ეშველება..." - განაცხადა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში თემურ ბათირაშვილმა. (წყარო)

იხილეთ ასევე: ISIS-ის მუქარა პანკისის "ჯამაათს" - ექსკლუზივი: აუდიომიმართვები რაკკადან - "ისლამური სახელმწიფოს" ბუნაგიდან

მოამზადა ეკა გადახაბაძემ