"კიდევ კარგი, პატარა ქალიშვილი თან არ ჰყავდათ" - საშინელი ტრაგედიით დასრულებული ავტოავარია - კვირის პალიტრა

"კიდევ კარგი, პატარა ქალიშვილი თან არ ჰყავდათ" - საშინელი ტრაგედიით დასრულებული ავტოავარია

21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა სამი ადამიანი, ოთხი კი - დაშავადა. მათ შორის არიან: საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და გუნდ "ლელოს" მოთამაშე გიორგი ლომინაძე. ასევე მათი მეუღლეები.

ბოლო ცნობებით, მერაბ (მეკო) კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია, ხოლო მისი მეუღლე, ანანო მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმეა ლომინაძის მდგომარეობა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ორივე ქვედა კიდურის მძიმე დაზიანებები აქვს და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება... კლინიკის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სტაბილურად მძიმეა მისი ფეხმძიმე მეუღლის მდგომარეობაც...

ანი ჩხაიძე

ავარიის შედეგად გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გიორგი (სკირა) პაპასკირი და ნუცა კალანდარია. ასევე მათ მანქანაში მყოფი ანი ჩხაიძე.

როგორც ცნობილია, წყვილი, მეგობართან ერთად, თბილისში ბათუმიდან ბრუნდებოდა.

მათ ორი წლის ქალიშვილი დარჩათ. "ერთმანეთი სკოლიდან უყვარდათ და შემდეგ დაქორწინდნენ. გიორგი ისეთი ბიჭი იყო, მთელი სამეგობროს საყრდენი და იმედი. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი არქიტექტორი... მოკლე დროში, ძალიან ბევრს მიაღწია. რამდენიმე ძალიან კარგი პროექტის შეთავაზება ჰქონდა. ყველანი ვგულშემატკივრობრობდით, - დიდი მომავალი გაქვსო, - ვეუბნებოდით... ის მხოლოდ სამეგობროს კი არა, მთლიანად ქვეყანას დააკლდა", - ამბობენ გიორგის მეგობრები.

ანასტასია პაიჭაძე, გიორგის და ნუცას მეგობარი, მათი ქალიშვილის ნათლია:

- ბათუმიდან მოდიოდნენ, გიორგი პაპასკირის მანქანით - NNisan TIIDA -თი. უკან იჯდა, ასევე ჩვენი მეგობარი ანი. სამივე ადგილზე დაიღუპნენ…

- ერთ-ერთი ვერსიით, გზაში წვიმდა და უბედური შემთხვევის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, მოცურებაც იყო.

- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს დეტალებზე. როდესაც აზრზე მოვალთ, მერე ალბათ შევძლებთ გავარკვიოთ რა მოხდა. ახლა ძალიან ცუდად ვართ ყველანი - ოჯახიც და მეგობრებიც. დეტალების შესახებ, რა და როგორ მოხდა, არაფერი ვიცით. შოკში ვარ, ასე მეგონია, კოშმარი მესიზმრება. კიდევ კარგი, კატო, მათი პატარა ქალიშვილი თან არ ჰყავდათ... სიტყვები არ მყოფნის იმ საშინელების გადმოსაცემად, რასაც ვგრძნობ...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)