"ოლიმპიელთა გუნდის ჩაცმულობის ასეთი ვერსია დასჯადი უნდა იყოს" - ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი?! - კვირის პალიტრა

"ოლიმპიელთა გუნდის ჩაცმულობის ასეთი ვერსია დასჯადი უნდა იყოს" - ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი?!

დღეს ქართველმა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს, თუმცა ამ მოვლენაზე გაცილებით დიდი რეზონანსი მათმა ჩაცმულობამ გამოიწვია, რისი განხილვაც პირდაპირ ზვავივით მოაწყდა სოციალურ ქსელებს. ვისაც არ ეზარება ოლიმპიელთა ფოტოებს აქვეყნებს და მათ ფორმას აკრიტიკებს. თუმცა ამ განხილვის კულმინაციად ალბათ „ფეისბუკის“ ერთ -ერთი მომხმარებლის სტატუსი იქცა - „ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღოო“.

მას არც სხვები ჩამორჩებიან, მაგალითად, ფილოლოგი გია მურღულია წერს: „ვფიქრობ, საქართველოს ოლიმპიელთა გუნდის ჩაცმულობის ასეთი ვერსია დასჯადი უნდა იყოს - ნაკლული გემოვნების განხრით სტარტზევე პირველ ადგილზე ვართ“.

ვიღაც გვახსენებს, რომ: „როგორც პიერ დე კუბერტენი იტყოდა, - მთავარია მონაწილეობა და არა - ფორმა“!

ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ოლიმპიელებს წარმატებებს უსურვებს და იქვე დასძენს: „ეს ტანსაცმელი სამარცხვინოა, და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ქვეყნის ყველაზე წარმატებულნი არ იმსახურებენ მსგავს დამოკიდებულებას.

მე რომ ამის უფლებამოსილება მქონდეს არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი ამ სამოსით მათ გამგზავრებას.

ეს არაფერს არ გავს, არაფერს“!!!!

პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე კი წერს: "ჯერ ერთი, ზაფხულია ხალხო და ეს მაინც როგორ ვერ გაითვალისწინეთ, როდესაც ამ აშკარად საზამთრო დიზაინის ფორმებზე თანხმდებოდით? (სხვა დეტალებზე აღარც გავჩერდები)

ვერცერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. სიცხის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ რიოში კიდევ უფრო ცხელა".

 

მომხმარებელთა ნაწილი ამ ფორმის სასწრაფოდ ჩანაცვლებას ითხოვს.

ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა? - ამით ambebi.ge დაინტერესდა:

ვინაიდან ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა, გაჩენილ კითხვებზე პასუხი სწორედ მის დირექტორს, მხატვარ ანი ნინუას ვთხოვეთ.

- რადგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია ოლიმპიელების სამოსმა, გიპასუხებთ, რომ ის არის ჭეშმარიტად ქართული სამოსი, ოღონდ, მათ ვისაც ასეთი კითხვები გაუჩნდა, არ ვიცი, რას გულისხმობენ ქართულში.

6 წელია, მაღაზია გვაქვს და გარდა სამოსის გაყიდვისა, ვცდილობთ, იქაურობას გარკვეული შემეცნებითი დატვირთვაც მივცეთ.

ადამიანებს ვუხსნით თუ რა დანიშნულება აქვს, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ტანსაცმელს და მის ატრიბუტებს, მაგალითად, ფაფანაკს, ყაბალახს და ა.შ. უმეტესმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, მაგრამ ბევრმა მიმაჩნია, რომ არ იცის. ზოგს ჰგონია, რომ ჩოხა მხოლოდ ქართული ტანსაცმელია, არადა, ზოგადად კავკასიურია (უბრალოდ ქართულ ჩოხაშიც სხვაობაა, არის მეგრული, იმერული, არის ჩოხის განსხვავებული დეტალები). ამავე დროს არის ქალის ულამაზესი სამოსიც მაგალითად, კავთარი, რომელიც რაჭულისთვის არის დამახასიათებელი. ასევე არის აჭარული, ულამაზესი ელეგი, კაბა, მაგრამ აჭარული ადამიანებს მხოლოდ ის ჰგონიათ, რაც მოცეკვავეებს სცენაზე აცვიათ. ისიც არის, ოღონდ, იყო სხვაც, რომელიც ისე გავრცელებული არ გახლდათ.

- ოლიმპიელი ქალბატონები რა კუთხის სამოსით მოგვევლინენ?

- ეს არის სწორედ აჭარული ელეგი, ის მუზეუმში დაცული კოსტიუმის ზუსტი ანალოგია, მისი კოპირება,- ორნამენტი, ნაქარგობა ზუსტად იქიდან არის აღებული, უბრალოდ, სილუეტი ცოტათი შეცვლილია. იქ თავისუფალია და ჩვენ წელში გამოყვანილი შევქმენით იმიტომ, რომ კაბას ასეთი ფორმა უხდება. ქალებს ასევე შევუქმენით ჩაფრასტი, თავზე დასაფარებელი. ხელში კი ქისები უჭირავთ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი, იგივე ტელეფონის შესანახად გამოადგეთ. თან, ოლიმპიურმა კომიტეტმა გვთხოვა, რომ ხელში რაღაც ჰქონოდათ.

- ყველაფერი მათთან შეთანხმებით გაკეთდა, ხომ?

- დიახ, ეს იყო ჩვეულებრივი შეკვეთა, რომელიც მივიღეთ და შევასრულეთ. ასეთი კაბა ჩვენს კატალოგში შავი ფერის გვაქვს, რომელიც ნინო სალუქვაძეს უნდოდა, მაგრამ თეთრი უფრო გაანათებს, სტადიონზე, კარგად გამოჩნდებაო და მერე ასე გადაწყდა.

- მამკაცი ოლიმპიელების სამოსიც აჭარულია?

- ის ხევის მოხევის ახალუხი გახლავთ, ასე ეცვათ ადრე მოხევე მამაკაცებს, რომელიც უფრო თბილი ქსოვილისგან იყო, ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე გათვლილი და მთისთვის მოსახერხებელი. ჩვენ უფრო დავამოკლეთ, ქურთუკის ვარიანტში გადავწყვიტეთ, ცოტა თანამედროვე ელემენტები შევძინეთ, რომ პრაქტიკული ყოფილიყო. თან, სხვა დროსაც რომ ჩაიცვან როგორც ქართული შტრიხებით შექმნილი ტანსაცმელი. გაგრძელება

პ.ს. დასასრულ კიდევ ერთ სტატუსს გთავაზობთ „ფეისბუკიდან“ რომელიც ჟუნალისტ ვასილ მაღლაფერიძეს ეკუთვნის: „შევთანხმდით, რომ ფორმა არ მოგვეწონა, ერთხელ ვთქვით, ორჯერ ვთქვით, ათჯერ ვთქვით, ყველანი შევჯერდით და დავიწუნეთ! აწი იმაზეც ვიფიქროთ, რომ ხასიათს ნუ გავუფუჭებთ და მთლად საპანაშვიდო განწყობით ნუ გავუშვებთ ჩვენს ოლიმპიელებს, რომლებისგანაც გამარჯვებებს ველით. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ. ამდენი ოლიმპიელი, ოცდაცხრამეტი, არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს და იმედია, შედეგიც შესაბამისი იქნება!

რაც მოხდა, მოხდა, აწი სპორტზე და გამარჯვებაზე ვიფიქროთ“!

ჩვენც ვიზიარებ ამ განწყობას და ჩვენს ოლიმპიელებს წარმატებას ვუსურვებთ!