"ქალი თუ მომწონდა, მასთან სერიოზული რატომ ვიქნებოდი"? - ახალგაზრდა არქიტექტორი ფილმიდან "აბეზარა" - კვირის პალიტრა

"ქალი თუ მომწონდა, მასთან სერიოზული რატომ ვიქნებოდი"? - ახალგაზრდა არქიტექტორი ფილმიდან "აბეზარა"

"ორივე შვილი ჩემი ეკრანული გმირის კვალს გაჰყვა - არქიტექტორობა ირჩიეს..."

არ ნანობს, მსახიობობას მომღერლობა რომ არჩია. საქართველოში ბანის პარტიის პირველ შემსრულებელს საოპერო მომღერლის ძალიან საინტერესო გზა გაუვლია - კონცერტები საბჭოთა კავშირის ყველა დიდ ქალაქში, ხანდახან - საზღვარგარეთაც კი. საქართველოს კონსერვატორიის გამორჩეული პედაგოგი გახლავთ და მისი მოწაფეები საქართველოს გარდა, უცხოეთის წამყვან თეატრებშიც მღერიან.

საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს - "ხელოვნების ქურუმის" მფლობელ საოპერო მომღერალს თენგიზ მუშკუდიანს წელს, 12 ივნისს 89 წელი შეუსრულდა. 14 ივლისს მას საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, საზეიმო დღე კი მისი აღზრდილების გალა-კონცერტით დასრულდა...

როცა ახალგაზრდა ხარ, გარეგნობითაც გამოირჩევი, ძალიან კარგად მღერი, ხელოვნებაც გიყვარს და ფილმებში მთავარ როლს შემოგთავაზებენ, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და ამ სიამოვნებას არ დათანხმდე. ვფიქრობ, კიდევ უფრო ძნელი, პოპულარობის მიღწევის შემდეგ მასზე უარის თქმაა.

ბატონ თენგიზს, ჰოლივუდში რომ ეცხოვრა, მეეჭვება, კინემატოგრაფის კლანჭებს დახსნოდა, თუმცა მას არჩევნის გაკეთება არც საბჭოთა საქართველოში გასჭირვებია და ამით კმაყოფილიც ჩანს, თუმცა... სამუსიკო კარიერაზე საუბარს ამ საქმის სპეციალისტებს დავუთმობ, მე კი მის მეტისმეტად ხანმოკლე კინოკარიერაზე გიამბობთ. ეს ხალისიანი, უსაყვარლესი მსახიობებითა და ულამაზესი სიმღერებით დახუნძლული ფილმი ბევრს გინახავთ და გიყვართ, შესაბამისად, არც მისი "აბეზარი" გმირის დიდი სიყვარული - ახალგაზრდა, მომხიბვლელი და ელეგანტური არქიტექტორი გიორგი დაგავიწყდებოდათ, ამიტომ კითხვაზე, რაზე უნდა ვისაუბროთ, რამ გაგახსენათ ჩემი თავიო? - მეც მისთვის აბეზარი (რადგან ვინ იცის, რამდენჯერ უთხოვიათ მოყოლა) პასუხი გავეცი: ამჯერად "აბეზარამ", ბატონო თენგიზ!

თენგიზ მუშკუდიანი:

- "აბეზარას" გადაღებიდან დიდი ხანი გავიდა, თუ არ ვცდები, 1955-56 წლები იყო. ახალგაზრდა მომღერალი ვიყავი, კონსერვატორიის ასე, 24-25 წლის სტუდენტი და ცოტათი პოპულარულიც მუსიკოსთა წრეში. ხშირად ვმონაწილეობდი კონცერტებში და ყველა წამყვან პარტიას ვმღეროდი. ჩანს, რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა, რომელიც სულ ახალ-ახალ სახეებს ეძებდა, შემნიშნა და სინჯებზე, კინოსტუდიაში დამიბარა. ბუნებრივია, ახალგაზრდა კაცს ფილმში გადაღების სურვილი მექნებოდა. სინჯებზეც წავედი და დამამტკიცეს კიდეც მთავარ – არქიტექტორ გიორგის როლზე.

- არტისტიზმით მოხიბლეთ რეჟისორი თუ ზედმიწევნით აკმაყოფილებდით იმ ეპოქის წარჩინებული არქიტექტორის ზოგად პარამეტრებს - ისიც თქვენსავით წარმოსადეგი და სერიოზული უნდა ყოფილიყო?

- მაინც ალბათ არქიტექტორად აღმიქვა. ისე, გაგეცინებათ და, ორივე შვილი ჩემი ეკრანული გმირის კვალს გაჰყვა - არქიტექტორობა ირჩიეს... მოკლედ, სულ სხვა გარემოში მოვხვდი. კინემატოგრაფი ძალიან განსხვავდებოდა ოპერისგან. დრამის ზოგიერთი არტისტი არ ვარგა კინოში და მით უმეტეს, მომღერალი კაცი აღმოვჩნდი მთავარ როლში უდიდეს მსახიობებთან ერთად. პირველივე შეკრებაზე შევკრთი: დამხვდნენ სანდრო ჟორჟოლიანი, სესილია თაყაიშვილი, აკაკი კვანტალიანი, გოგი გეგეჭკორი და ულამაზესი და უნიჭიერესი ლეილა აბაშიძე. ლეილა ჩემზე უმცროსია, მაგრამ უკვე განთქმული მსახიობი იყო. შემეშინდა... თურმე, კინემატოგრაფს თავშეკავებული ადამიანები უყვარს, ნაკლებად რომ გამოხატავენ ემოციებს. მეც ასეთი ვიყავი და მშვენივრად მოვერგე სიტუაციას. ბევრი ტვინის ჭყლეტა არ დამჭირვებია - საკუთარ თავს ვთამაშობდი. იმანაც ძალიან შემიწყო ხელი, რომ ირგვლივ ყველა კინოს ოსტატი მყავდა, ლაღად, შეუბოჭავად რომ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და მეც იოლად ავყევი მათ. მგონი, ნორმალური რამ გამოვიდა. თანაც, გადაღება მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა. მეტი დროით ალბათ ოპერის თეატრიდანაც არ გამიშვებდნენ. ისიც, კარგად დაემთხვა, რომ ზაფხული იყო და ნაკლებად დატვირთული ვიყავი...

მახსოვს, შემოდგომა იყო. ოპერის შენობიდან გამოვედით მე, ბათუ კრავეიშვილი და ზურაბ ანჯაფარიძე. რუსთაველის პროსპექტს გამოვუყევით. თეატრალური ინსტიტუტის ქვემოთ კინოთეატრი "სპარტაკი" იყო, სადაც უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ერთ გოგონას ვკითხე, რა ხდება-მეთქი? -  ახალი ფილმი გამოვიდა, "აბეზარა" და პრემიერააო, - გვიპასუხა. წარმოიდგინეთ, ჩემი საქმით ისე ვიყავი დაკავებული, ფილმის არსებობაც კი არ მახსოვდა. ზურაბ ანჯაფარიძე ცოტა "შეჩვენებული" კაცი იყო, ოხუნჯობა უყვარდა. გვეუბნებოდა, წამო, იქით გავიაროთო. მე კიდევ, მორცხვი ვიყავი და იქ გავლა მაინცდამაინც არ მინდოდა, მაგრამ ზურიკოსთან რას გავაწყობდი! ხალხს რომ მივუახლოვდით, ჩამჭიდა ხელი და ატეხა ყვირილი: შეხედეთ, "აბეზარაში" მთავარ როლს რომ ასრულებს, ის კაციაო! კინაღამ დავიწვი სირცხვილით. ძლივს გავაშვებინე ხელი, სასწრაფოდ გადავჭერი ქუჩა და მივიმალე.

- მართლა საკუთარი თავი გითამაშიათ ფილმში, ამიტომ გაუჭირდა "საწყალ აბეზარას" თქვენი ყურადღების მიპყრობა.

- ყოველ შემთხვევაში... არ იყო მსახიობობა ჩემი საქმე. მე კარგი ვოკალური მონაცემები მქონდა და სიმღერას ვერ ვუღალატე. ისე, ერთხელ რეჟისორმა ტაბლიაშვილმაც მიმიწვია "დიდოსტატის მარჯვენაში". იქ ჭიაბერი განვასახიერე. პატარა როლი მქონდა. ეს იყო და ეს. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ კინოში მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა. თითქოს გამოცდასავით იყო ჩემთვის. ცოტათი შებოჭილობაც მომიხსნა, მსახიობებთან ურთიერთობამ კი მეტად გამზარდა.

- ბატონო თენგიზ, კი ამბობთ, "აბეზარას" გადაღების დროს უკვე მიცნობდა საზოგადოების ნაწილიო, მაგრამ ნუთუ ამ ფილმმა მეტი პოპულარობა არ შეგძინათ? მსმენია, რომ წარმოსადეგი, სიმპათიური თენგიზ მუშკუდიანი ძალიან პოპულარული იყო.

- მახსოვს, მოსკოვის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ჩვენი ფილმიც მონაწილეობდა, მე, ლეილას და ჩვენს მთელ დელეგაციას დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ. მაღაზიებშიც დიდი აჟიოტაჟით გვხვდებოდნენ. ერთგან შევედით, ვიღაცამ გვიცნო და ისეთი ამბავი ატეხა, რომ...

- მაშინაც დაიმორცხვეთ?

- გამოვვარდი იმ მაღაზიიდან. დღეს კი არავის არაფერი უკვირს. დღეს ე. წ. ფანები თუ თავიანთ "კერპებს" მობილურებით უგზავნიან წერილებს და ინტერნეტით ესაუბრებიან, ჩვენ ოჯახებში გვირეკავდნენ. მაგრამ მე სულ დაკავებული ვიყავი და ტელეფონისთვის სად მეცალა!

- მაშინ ალბათ დაოჯახებულიც იყავით...

- როგორ არა. ფილმის გადაღების პერიოდში უკვე მყავდა მეუღლე, მაგრამ ძალიან თავშეკავებული კაცი ვიყავი. საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, გავურბივარ კიდეც...

- ანუ ამტკიცებთ, რომ თქვენი "მონაცემების" ადამიანი მუდამ დაკავებული და სერიოზული იყავით და მექალთანე არ ყოფილხართ?

- ქალი თუ მომწონდა, მასთან სერიოზული რატომ ვიქნებოდი? არ მინდა ახლა ყველაფერზე ლაპარაკი (იცინის). თუმცა მქონია პერიოდები, როცა ძალიან მინდოდა, არავის მოექცია ჩემთვის ყურადღება, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო. მაგალითად, მოსკოვში, სასტუმრო "მოსკოვიდან" რომ გამოვიდოდით, მთელი არმია გვხვდებოდა და ავტოგრაფებს გვართმევდა. ახალგაზრდა კაცსაც მეტი რა უნდა!

- მოკლედ, ბატონო თენგიზ, ამბების მოყოლისასაც ძალიან თავშეკავებული ხართ...

- მეტი რაღა მოგიყვეთ? რაც ხმამაღლა მოსაყოლია, იმას ვყვები (იცინის).

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)