აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები! - კვირის პალიტრა

აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები!

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები, თქვენს არჩევანს აჭარაზე შევაჩერებთ. რეგიონის საზღვაო კურორტები, მუდმივად განვითარებადი ტურისტული ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი ღონისძიებები აჭარას ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის. თუმცა რეგიონში დასვენებას მრავალფეროვანებას მაღალმთიანი აჭარის ერთდღიანი ტურისტული მარშრუტები სძენს, რაც საუკეთესო საშუალებაა ქალაქის ხმაურისა და სიცხისგან თავის დასაღწევად.

ველომოყვარულთათვის განსაკუთრებით მიმზიდველი მირვეთის ველომარშრუტია, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარიდან იწყება და სოფელ მირვეთში ულამაზეს ჩანჩქერთან სრულდება. მარშრუტი ბათუმი-მირვეთი-ბათუმი ერთდღიანია და სრულებით საკმარისი პიკნიკის, თევზაობისა და მირვეთის ულამაზეს ჩანჩქერსა და აჭარისწყალზე ბანაობისთვის.

ჰაიკინგის, ზიპლაინის, ცხენზე ჯირითის ან უბრალოდ ულამაზეს ბუნებაში გასეირნებისა და პიკნიკის მსურველთათვის საუკეთესო არჩევანი მტირალას ეროვნულ პარკში სტუმრობაა, რომელიც ბათუმიდან 40 წუთის სავალზე მდებარეობს. პარკის სტუმრებს საშუალება აქვთ ადგილობრივ საოჯახო სახლებსა და კვების ობიექტებში მტირალას ნატურალური თაფლი, არაყი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნონ.

მტირალას გარდა აჭარაში 2 ეროვნული პარკი(მაჭახელა, კინტრიში) და ერთი დაცული ტერიტორია (ისპანის ჭაობი) მდებარეობს, სადაც გარდა ულამაზეს, ხელუხლებელ ბუნებაში თავგადასავლების ძიებისა ფოლკლორისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების გაცნობაა შესაძლებელი.

ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მხრივ განსაკუთრებით საინტერესო მაჭახელას ეროვნული პარკია. ბუნების სილამაზითა და მრავალფეროვნებით პარკი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია რეგიონში. ხეობაში არსებული ისტორიული ციხე-სიმაგრეები და ხიდები თავიანთი სიძველით რეგიონის განვითარების სხვადასხვა პერიოდის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ამ მხრივ განსაკუთრებით ჩხუტუნეთის მუზეუმი, გვარას ციხე და ცნობილი მაჭახელას თოფის მონუმენტი გამოირჩევა. ეროვნული პარკი, ასევე შესანიშნავი ადგილია ჰაიკინგის, ჯომარდობისა და კემპინგისთვის.

აჭარა არა მხოლოდ ეკოტურისტული და სათავგადასავლო მარშრუტებით, არამედ მრავალფეროვანი სამზარეულოთი გამოირჩევა. ქალაქიდან ერთდღიანი ტურისთვის შესანიშნავი საშუალება მაღალმთიანი აჭარის კულინარიული და ღვინის ტურებია. აჭარის მუნიციპალიტეტები გემრიელი კერძებით გამოირჩევა. ქობულეთი უგემრიელესი აჩმითა და იახნით, ქედა, ხულო, შუახევი კი ბორანით, სინორითა და მალახტოთი იზიდავს ტურისტებს. ქედის ჩხავერისა და ცოლიკაურის დაგემოვნება კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს მაღალმთიანი აჭარის გასტრონომიულ ტურებს.

აჭარაში ზღვაზე დასვენების გარდა ბევრი საინტერესო აქტივობის დაგეგმვაა შესაძლებელი. ამისთვის კი საჭიროა ტურისტმა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს მიმართოს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და კონკრეტული მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე Gobatumi.com ან ცხელ ხაზზე 577 90 90 93.