რაგბის კავშირსა და შპს”კანტს” შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა - კვირის პალიტრა

რაგბის კავშირსა და შპს”კანტს” შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა

სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” , დღეს, საქართველოს რაგბის კავშირსა და შპს”კანტს” შორის სასპონსორო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

საქართველოში რაგბის ხელშეწყობის მიზნით, ახალი ენერგეტიკული სასმელი, სავაჭრო მარკით - “16TH“ ( მეთექვსმეტე), შეიქმნა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს ”კანტის” გენერალურმა დირექტორმა, ალეკო ხომერიკმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული ყოველი ერთეული ენერგეტიკული სასმელი “16TH“-დან, 5 თეთრი გადაირიცხება საქართველოს რაგბის კავშირში.

”ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე თუნდაც იმისთვის, რომ სტანდარტული სასპონსორო ურთიერთობების მიღმა გამოჩნდა კიდევ ახალი აქტივობის ფორმა, რაც შემოგვთავაზა ჩვენმა ახალმა პარტნიორმა კომპანიამ. ეს ფორმა არ არის ამოწურული და საბოლოოდ სხვადასხვა კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები, თავიანთი მარკეტინგული პოლიტიკიდან გამომდინარე შემოგვთავაზონ სხვა პროდუქტები”, - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

”მეთექვსმეტეს” წარმომადგენლის, ნოდარ მელაშვილის ინფორმაციით, ხელშეკრულება გათვალისწინებულია ხუთწლიანი ვადით.

”ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოში რაგბის განვითარების საქმეში. ჩვენთან ერთად ამ ენერგეტიკული სასმელის მომხმარებელი მონაწილეობას იღებს რაგბის განვითარების საქმეში, რაც შეეხება თანხას, დაგროვილი არის უკვე 80 000 ლარამდე. მიმდინარე წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისთვის განკუთვნილი თანხა გაიზარდოს 300 000 ლარამდე”, - განაცხადა ნოდარ მელაშვილმა.

დაგროვილი ფინანსები მოხმარდება საქართველოს რაგბის ინფრასტრუქტურის იმ ნაწილს, რომელსაც შესაბამისი მომენტისთვის, ახალი ენერგია მეტად დასჭირდება.

ორგანიზატორების ცნობით, ინფორმაცია აკუმულირებული ფინანსებისა და გაწეული ხარჯების შესახებ იქნება საჯარო და ყოველთვიურად დაიდება ვებ-გვერდზე www.16th.ge. 17 ივლისის მონაცემებით აკუმულირებული თანხა 80 374,10 ლარს შეადგენს.

წლის ბოლოს რაგბის კავშირში დაახლოებით 250 000 - 500 000 ლარამე ჩაირიცხება. 3 წლის შემდეგ ენერგეტიკული სასმელი “16TH“ რაგბის კავშირის ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი იქნება.

(R)