ვინ და როგორ არჩევს საქართველოში "ოსკარზე" წარსადგენ ფილმებს?! - კვირის პალიტრა

ვინ და როგორ არჩევს საქართველოში "ოსკარზე" წარსადგენ ფილმებს?!

ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შერჩევა დაიწყო. ვინ იქნებიან შესარჩევი ტურის ჟიურის წევრები და როგორ მიმდინაროებს ფილმების შერჩევის პორცესი? -  ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე გვესაუბრება.

- "ოსკარის" კომიტეტის მხრიდან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი არის აღიარებული ორგანო, რომელმაც უნდა ჩაატაროს ოსკარის უცხოენოვანი ფილმების სექციაში საქართველოდან წარსადგენი ფილმის შერჩევი სპროცესი.

- როგორ მიმდინარეობს შერჩევის პორცესი?

- ჟიურის წევრები არიან კინოს შექმნისთვის საჭირო ყველა პროფესიის წარმომადგენელი: - რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, სცენარის ავტორი, მსახიობი, მხატვარი, კინოკრიტიკოსი. ოღონდ არც ერთ მათგანს შეხება არ უნდა ჰქონდეს კონკურში მონაწილე შესარჩევ ფილმებთან.

ამას მკაცრად ვაკვირდებით. გარდა ამისა, ჩვენი პოზიციაა, რომ ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ის ადამიანებიც, რომელთა ფილმებიც გასული წლების განმავლობაში, წარდგენილნი იყვნენ "ოსკარზე", ამიტომაც,ზაზა ურუშაძის, გიორგი ოვაშვილის, ნანა ექვთიმიშვილის, ლევან თუთბერიძის გამოცდილება ჩვენთვის გასათვალისწინებელია. ჟიურის მიერ შერჩეულ ფილმს უნდა ჰქონდეს ყველა ის ღირებულება, რაც მნიშვნელოვანია "ოსკარის" მოპოვებისთვის.

ჟიურის წევრთა შერჩეულ ნუსხას "ოსკარის" კომიტეტს ვუგზავნით დასამტკიცებლად და აგვისტოს თვეში უკვე დავიწყებთ კომისიის წევრებისთვის დახურული ჩვენებების გამართვას კინოთეატრში.

- რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?

- მთავარი მოთხოვნაა, რომ ფილმი იყოს სრულმეტრაჟიანი. მასში დიალოგების 50 %-ზე მეტი უნდა იყოს არაინგლისურ ენაზე. შერჩეული ფილმი გასული წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე პერიოდიში, 1 კვირით მაინც უნდა იყოს კინოთეატრებში გამოსული. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა აღნიშნული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო სექცებში მონაწილეობა. რეკომენდაციის სახით ვითხოვთ იმასაც, რომ წარმოადგინონ საკონკურსო ფილმთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პუბლიკაციები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცემებიდან.

- ამ ეტაპზე რამდენი ფილმს აქვს შესარჩევ ტურში მონაწილეობის შანსი?

- ჩვენი დაკვირვებით 5 ფილმია, რომელთაც პოტენციურად შეიძლება მონაწილეობა მიიღონ "ოსკარზე" წარსადგენი ფილმების შესარჩევ ტურში. ესენია: თეონა მღვდელაძე-გრენადეს "ძმა", რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო კინოფესტივალებზე და კინოთეატრებშიც ამ ბოლო პერიოდში გამოვიდა; ნინო ბასილიას "ანას ცხოვრება", რომელსაც საკმაოდ წარმატებული საფესტივალო ცხოვრება აქვს, პრიზიორიცაა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის და მალე ალბათ, კინოთეატრებშიც გადაინაცვლებს; რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი", ამ ფილმმა პრემიერისთანავე მთავარი პირიზი მოიპოვა კარლოვი ვარის ძალიან ავტორიტეტულ კინოფესტივალზე და იმედია, კინოეკრანებზეც მალე გამოჩნდება; ვანო ბურდულის "გაყინული შადრევნების წელიწადი", რომლის პრემიერაც ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. აღსანიშნავია, რომ ფილმი სოფიას კინოფესტივალის გამარჯვებულია; მეხუთე ფილმს ჯერ ვერ დავასახელებ, რადგან სწორედ ახლა ერთ-ერთ საერთაშორისო კინოფესტივალთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ვიდრე ეს პროცესი არ დასრულდება, მანამდე იგი ჩვენს კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდებია და შესაძლებელია სხვა ფილმიც გამოჩნდეს, რომელიც ამ პროცესში ჩაერთვება.

- როდის გახდება ცნობილი, თუ რომელი ფილმი შეირჩევა წელს "ოსკარზე" წარსადგენად?

- ვფიქრობთ, აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე გვეცოდინება ფილმი, რომელიც 2017 წლის ოსკარზე უცხოენოვანი ფილმები ნომინაციაზე საქართველოდან წარსდგება.

ეკა სალაღაია (სპეცილაურად საიტისთვის)