"ჩემი გავიხადე და მას ჩავაცვიო. ამიტომ არის ზაზა იმ ცნობილ კადრებში წელსზევით შიშველი…" - კვირის პალიტრა

"ჩემი გავიხადე და მას ჩავაცვიო. ამიტომ არის ზაზა იმ ცნობილ კადრებში წელსზევით შიშველი…"

ორი ტრაგედია და ფოტოები, რომელთაც მსოფლიოს აგვისტოს ომი აჩვენეს

საქართველო-რუსეთის ხუთდღიანმა ომმა 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. ათასობით ჩვენი მოქალაქე სამშობლოში აქცია დევნილად, საქართველომ დამატებით დაკარგა ახალგორის რაიონი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები, კოდორის ხეობა. რუსეთმა აღიარა ჩვენი რეგიონების დამოუკიდებლობა, დააბრუნა თავისი სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე და დღემდე განაგრძობს პროვოკაციებს.

აგვისტოს ხუთი უმძიმესი დღე უამრავ ადამიანურ ტრაგედიას ინახავს; ბრძოლის, ტკივილის, თავგანაწირვისა და გადარჩენის სიხარულის ისტორიებს; იმ გმირების სახელებს, რომელთაც მანამდე არ ვიცნობდით; ადამიანებს, რომლებიც ომმა ამ უდიდესი სახელმწიფოებრივი და ადამიანური ტრაგედიის სიმბოლოდ აქცია.

არაერთგზის თქმულა უკვე, რომ შესაძლოა ერთმა ფოტომ მთელი ეპოქის სული, სიხარული და ტრაგედია იმაზე გაცილებით უკეთესად აჩვენოს, ვიდრე მთელმა საისტორიო წყაროებმა.

მათმა ფოტოებმა მთელი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშულებები მოიარა, სამყაროს ქართული ტკივილი აჩვენა და იმ დღეების მთელი ტრაგიზმი გაუზიარა.

ძმები ზვიად და ზაზა რაზმაძეები

ძმები რაზმაძეების სულისშემძვრელმა ფოტოსურათმა იმჟამად მთელი მსოფლიო მოიარა და საბოლოოდ, როგორც ყველაზე ტრაგიკულმა ფოტომ, საერთაშორისო პრიზიც აიღო.

რაზმაძეები ერედვიდან დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოში, გორის დაბომბვისას, ზვიად რაზმაძესთან ერთად მისი მეუღლე, 28 წლის მაკა მესროპაშვილიც დაიღუპა, რომელიც 9 თვის ორსული იყო. სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა მათი მცირეწლოვანი ვაჟი - დიტო. ომიდან მოკლე ხანში ზვიადის ოჯახს საცხოვრებელი კარალეთის დევნილთა დასახლებაში გამოუყვეს. მათი შემოსავალი პატარა სავაჭრო დახლი, იყო, რომელიც აგრარულ ბაზარში ჰქონდათ, თუმცა, 2014 წელს ძველი ბაზარი გაუქმდა და რაზმაძეებიც შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. რამდენიმე თვეში ოჯახმა საკუთარი სახლის გვერდით ჯიხურის დადგმა გადაწყვიტა, მაგრამ ესეც სავალალო აღმოჩნდა მათთვის - რკინის კონსტრუქციის მოშლისას, ელექტროსადენები ერთმანეთს შეეხო და ომს გადარჩენილი ზაზა რაზმაძე მაღალი ძაბვით მიღებული ტრავმით დაიღუპა.

აი, რას ყვებოდა 2014 წელს მათი დედა ლიზიკო რაზმაძე ჟურნალ "გზასთან":

- ერედვიდან დევნილები ვართ, იქიდან 1993 წელს წამოვედით. მოვახერხეთ და ბინა ვიყიდეთ. ზაზა და ზვიადი ერთად პროფილაქტიკაში მუშაობდნენ... 4 აგვისტოს თბილისში გამიშვა ზვიადმა: დედა, ამდენს შრომობ, ცოტა ხნით წადი და შენები მოინახულეო. ჩემი დის სანახავად წავედი, თან შვილიშვილები მიმყავდა. იმ დროს გორში არანაირი საშიშროება არ იგრძნობოდა. მერე ზაზამ დამირეკა, - არეულობაა, აქეთ არ წამოხვიდე. მე ვაგონში დავიძინებ, ზვიადი და მისი ცოლ-შვილი კი სიდედრთან, სოფელ ხელთუბანში წავიდნენო. 8 აგვისტოს ზვიადმაც დამირეკა, სიდედრთან დავრჩებითო. ღამის 12 საათი ხდებოდა, რომ ველაპარაკე.

ტელევიზორში დავინახე, ჩემი სახლი იწვოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა და საკუთარ თავს ვარწმუნებდი: არა, ეს ჩემი სახლი არ არის-მეთქი. ისიც კი გამოაცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღუპაო. ჩემი რძალი მაკა 9 თვის ფეხმძიმე იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ის იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ. ჩვენს კორპუსში იმ დროს 4 ფეხმძიმე ცხოვრობდა და ვტიროდი, - ნეტავ, რომელია-მეთქი? თურმე, ზაზამ იქ რომ გამოიარა, დაინახა, სახლი იწვოდა, აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდნილა, ოჯახის წევრებს ეძებდა. ჭრელი მაისურით იცნო გარდაცვლილი ძმა და ლამის გაგიჟდა. ეს კადრები მაშინ მთელმა მსოფლიომ ნახა. მაკა თურმე, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ 4 საათი იცოცხლა. სიკვდილის წინ უთქვამს: სად არის ზვიადი? დიტოს, დიტოს მიმიხედეთო.

შენობიდან გამოყვანილი ბავშვი კი აფეთქებამ შორს მოისროლა. დიტო ამბობს, მერე არაფერი მახსოვსო. თურმე, გაშავებული ბავშვი ძირს ეგდო. ვიღაც კაცი შვილს ეძებდა და დიტო იპოვა. მერე სასწრაფოდ თბილისში, იაშვილის კლინიკაში წაიყვანა. დღესაც არ ვიცი იმ ღვთისნიერი კაცის ვინაობა, რომ მადლობა მაინც გადავუხადო შვილიშვილის გადარჩენისთვის.

ბიჭის დაბადებას ველოდებოდით, მეცხრე თვეში იყო ჩემი რძალი... ზვიადს ნამსხვრევი პირდაპირ ფერდში ჰქონდა ჩარჭობილი. ზაზამ თავისი ხელით ამოაცალა და ინახავდა. ზვიადს ტანსაცმელი სულ დაფლეთილი ჰქონია. ზაზამ მითხრა, - ჩემი გავიხადე და მას ჩავაცვიო. ამიტომ არის ზაზა იმ ცნობილ კადრებში წელსზევით შიშველი…

ზოია მამედოვა

აგვისტოს ომის კიდევ ერთ სიმბოლოდ 61 წლის ზოია მამედოვის ფოტო იქცა. ზოია მამედოვა გორის დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ სიარული არ შეუძლია. ომამდე იგი შვილთან, შვილიშვილთან და დედასთან ერთად, გორში სუხიშვილის 12 ნომერში ცხოვრობდა. საცხოვრებელი არ შეუცვლია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა... ქალბატონი ზოია ომის დღეებს ტკივილით იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ არც უფიქრია, რომ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ფოტოს წყალობით მთელი მსოფლიო გაიცნობდა. 2008 წლის 9 აგვისტომ მისი ცხოვრება ორ ეტაპად გაყო: ცხოვრება ომამდე და ომის შემდეგ.

"სახლი მეორედ უნდა დაიბომბოსო, გავიგე და ოჯახის წევრები მაშინვე გავიყვანე ქალაქიდან, მხოლოდ მე და დედაჩემი დავრჩით. იქამდე, ვიდრე მორიგი აფეთქება მოხდებოდა, მეზობელმა დამიძახა ყავაზე, გასვლა იყო და ბომბიც ჩამოვარდა. სასწრაფოდ გამოვვარდი, მინდოდა გამომესწრო, ვიდრე კიბეები დაიწყებდა ნგრევას; კიბეზე ზვიადი შემხვდა (ზვიად რაზმაძე - ავტ.), - გაგიყვანო, - მითხრა. უკანა ეზოში გავდიოდით და ამ დროს მეორე ბომბიც ჩამოვარდა - ერთადერთი, რაც მახსოვს, ისაა, რომ ყველაფერი ზედ მეყარა. რამდენიმე წუთში ერთი ჟურნალისტი გამოჩნდა და რომ დამინახა, სამხედროებს დაუძახა და მალევე საავადმყოფოში გადამიყვანეს. როგორც ჩანს, თავიდანვე ცუდი მდგომარეობა მქონდა - 14 ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ უშედეგოდ - მას შემდეგ მოძრაობა აღარ შემიძლია".

აგვისტოს ომის შემდეგ მისი ყოველდღიური ცხოვრება ტელევიზორის ყურებით შემოიფარგლება. როდესაც გაიგო, რომ სიარულს ვერ შეძლებდა, ხელისუფლებას პირველ სართულზე, თავის ბაღში სთხოვდა ერთი ოთახის ჩადგმას, რომ ქუჩაში გასვლა გაადვილებოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, "სულ ტყუილად, ვზივარ მეხუთე სართულზე და ვერსად გავდივარ".

ფიქრობს, რომ მისი ისტორია მხოლოდ ომის წლისთავზე ახსენდება საზოგადოებასა და სახელმწიფოს, თუმცა ამ მძიმე ისტორიის მიღმა კიდევ რამდენი ცხოვრებისული პრობლემაა, არავის აინტერესებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

თათია ქუჯოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)