"4 თვე ვიყავი კომაში" - ტკივილიანი ისტორია ახალგაზრდა კაცისა, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"4 თვე ვიყავი კომაში" - ტკივილიანი ისტორია ახალგაზრდა კაცისა, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება

"ქალაქის მერიაში მითხრეს, დაგიწეროს ექიმმა, რომ საზღვარგარეთ რეაბილიტაცია გჭირდება და ნახევარ თანხას მაინც გადაგირიცხავთო. როცა ექიმს მივმართე, მან მითხრა: რა აზრი აქვს ეს ცნობა რომ დაგიწერო, შენს ძვლებს მაინც არაფერი ეშველება, თუ ფულს გაძლევენ, ჩემს საავადმყოფოში მოიტანე და მე გიმკურნალებო. გაოგნებულმა ვკითხე, - თუ ჩემს მკურნალობას აზრი არ აქვს, მაშინ როგორ უნდა მიმკურნალო-მეთქი"?!

ცხოვრება უცნაური რამაა, ერთმა შემთხვევამ შესაძლოა ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. თუმცა ცხოვრების ფერხულში ჩაბმულთ, ეს ხშირად სულაც არ გვახსოვს. ჟურნალისტი ვასო სილაგაძე საბედისწერო წამამდე ცნობილი და პერსპექტიული ადამიანი იყო; ნაცნობები მისი მეგობრობით ამაყობდნენ. მას შემდეგ, რაც 13 წლის წინ სასტუმრო აჭარასთან ვიღაცამ მანქანით გადაუარა, მას მეგობრები ცოტა, ტკივილები კი ბევრი დარჩა, - თანაც, მუდამ თანმდევი, წამი არ არსებობს, როცა მას რაიმე არ აწუხებდეს; თუმცა არც ისეთი წამია, როცა არ სჯერა, რომ დადგება დრო, როცა საქმეს ისევ ხელს მოჰკიდებს. დღეს კი ხელში ჯოხით და თვალებში არაადამიანური დარდით, 44 წლის ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს. ადრე ვერასოდეს იფიქრებდა თუ მოწყალებისთვის ივლიდა, მაგრამ არც სხვანაირად გამოდის, - მამა მის დარდს გადაჰყვა, თავისი და დედამისის პენსია კი პურის საყიდლად არ ჰყოფნით. სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, - რადან თავზე ჭერი აქვს, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ დასახმარებელი არაფერი ჰქონდა.

- არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ თავიდან მთლიანად ამომივარდა ის ღამე, როცა მანქანა დამეჯახა. მაგრამ მანამდე რა ცხოვრებით ვცხოვრობდი, წამიც არ დამვიწყებია; ხანდახან ისე მენატრება ის დრო, რომ ცრემლი მახრჩობს: ვმუშაობდი "რეზონანსში", "ინტერპრესნიუსში", ტელევიზიაშიც, - საზოგადოებრივ არხზე. ეს იყო ჩემი ნამდვილი ცხოვრება, რომელიც 31 წლის ასაკში დავამთავრე. თუმცა ღმერთს მადლობა რომ ეს მაინც იყო, მაშინ ბედნიერი ვიყავი. ბევრჯერ მიფიქრია ხოლმე, ნეტა ადამიანი ხვდებოდეს, რომ თუ ჯანმრთელია და საქმე აქვს, ესე იგი ბედნიერია-მეთქი. აბა, ეს რა ცხოვრებაა, მე რომ ვცხოვრობ, იმის ფულის შოვნაც არ შემიძლია, რომ საკუთარ თავს მივხედო. არადა, მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, სიკვდილიდან ვარ მობრუნებული და ჯამრთელობა ძალიან დაზიანებული მაქვს, ჩემი ფეხზე დაყენება შეიძლება. მარტო იმისთვის ხომ არ გამომიყვანდა უფალი 4-თვიანი კომიდან, რომ ჯოხით ვიარო და 100-ლარიან პენსიაზე ვიცხოვრო!

- 4 თვე იყავით კომაში?

- დიახ. დაჯახების შემდეგ ბევრი აღარაფერი მახსოვს, მაგრამ ის კი გავიხსენე, რომ ღამით ახლობლების ოფისში ვიყავი და იქიდან მოვხვდი სასტუმრო აჭარასთან. ალბათ ტაქსიში მინდოდა ჩაჯდომა, მაგრამ ტაქსი კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება უკუღმა დატრიალდა. ის წამები როგორ მიახლოვდებოდა მანქანა, რა ფერი იყო, ან რა მარკა იყო, მთლიანად ცნობიერებიდან მაქვს ამოგდებული. არც დარტყმის ხმა მახსოვს. მაგრამ ამ დროს ამ ადგალზე შემთხვევით ჩემი დეიდაშვილის თანამშრომელს გაუვლია და იმან წამიყვანა საავადმყოფოში; მან კი ვერ მიცნო, მაგრამ გასისხლიანებული წაქცეული ადამიანი რომ დაინახა, მანქანა გააჩერა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში წამიყვანა. იქ 4 თვე ვიყავი კომაში. როდესაც გონს მოვედი, მარჯვენა ხელ-ფეხი გაჩერებული მქონდა; მითხრეს დაჯახებისას ინსულტი დაგემართაო; ყელში კი საყლაპავი ზონდი მქონდა გაჩრილი, რომელსაც, როგორც მერე აღმოჩნდა, თურმე დროდადრო ამოღება და გაწმენდა სდომებია, ექიმებს, კი ეს ერთხელაც არ გაუკეთებიათ. ამიტომ, როცა მილი ამომიღეს ხორხთან იყო შეხორცებული და საყლაპავის სიტემის ნაგლეჯები ამოჰყვა. ვერც ვჭამდი ვერც ვლაპარაკობდი, მერე 4 ოპერაცია დამჭირდა, რომ ხმა და ყლაპვა ნაწილობრივ მაინც აღმედგინა. დანარჩენი 3 ოპერაცია ფეხზე მაქვს გაკეთებული. სასწაული მოახდინა, იმ ხალხმა ვინც აღმდგენი ოპერაცია გამიკეთა, მაგრამ ხორხი ისე დაფლეთილი მქონდა, ვაი ამ აღდენას, დღესაც წესიერად ვერ ვაგებინებ ხალხს რას ვლაპარაკობ.

- რასაც ბრძანებთ, წარმოუდგენელი ბარბაროსობაა.

- ექიმების გულგრილობას გულისხმობთ? დიახ, ასეც იყო. ამაზე უარესიც მინახავს ამ 13 წლის განმავლობაში, - ქალაქის მერიაში მითხრეს, დაგიწეროს ექიმმა, რომ საზღვარგარეთ რეაბილიტაცია გჭირდება და ნახევარ თანხას მაინც გადაგირიცხავთო. როცა ექიმს მივმართე, მან მითხრა: რა აზრი აქვს ეს ცნობა რომ დაგიწერო, შენს ძვლებს მაინც არაფერი ეშველება, თუ ფულს გაძლევენ, ჩემს საავადმყოფოში მოიტანე და მე გიმკურნალებო. გაოგნებულმა ვკითხე, - თუ ჩემს მკურნალობას აზრი არ აქვს, მაშინ როგორ უნდა მიმკურნალო-მეთქი?! არადა, ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ურეკში დ 10-დღიანმა მასაჟებმა და ქვიშამ სასწაული მოახდინა, - არც აღმართზე შემეძლო ასვლა და არც დაღმართზე ჩასვლა, არც დიდ მანძილზე გადაადგილება; მასაჟების შემდეგ ყველაფერს ვახერხებ. ამიტომ გადამექცა ნატვრად ურეკში ისევ წასვლა, - მხოლოდ იმდენი თანხა მჭირდება, რომ კიდევ ერთხელ გავიარო ეს პროცედურა. ვიცი, რომ ეს ჩემს რეაბილიტაციას ძალიან შეუწყობს ხელს.

- ისე ამბობთ, მხოლოდ ურეკში წასვლის თანხა მჭირდებაო, თითქოს პურის ფული არ გიჭირდეთ.

- ძალიან მიჭირს, იმდენად, რომ ხანდახან სიცოცხლეც არ მინდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარება მომიხსნეს. ინვალიდ, შრომისუუნარო ადამიანს, რომელსაც პენსიონერი დედა უვლის ის გროშებიც როგორ უნდა წაართვა, რომლითაც წამალს ყიდულობს?! ხანდახან ჩემი მეგობრები, რომ არ მაწვდიდნენ საარსებო თანხას, ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი. ახლა კი მხოლოდ ურეკში წასვლის და რეაბილიტაციის ფულს ვნატრობ, - ცხოვრებამ ესეც კი აუსრულებელ ნატვრად მიქცია.

მითხრა ყოფილმა ჟურნალისტმა და გული ჩამწყვიტა, - მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი წამია, მაგრამ შეგვიძლია ეს ერთი წამი საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც მცირე სიხარულად მაინც ვუქციოთ, ტკივილი დავუამოთ მას, ვინც ცხოვრებამ წამში მოცელა. ამიტომ ვწერთ ამ ტრაგიკული ადამიანის ანგარიშს. ვისაც საშუალება აქვს, გთხოვთ, მცირედით დაეხმაროთ.

TBC ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE81TB7102345063600014

მიმღები: ვასო სილაგაძე. ტელეფონი: 571014455

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)