ძროხა საპირფარეშოში, ევა, ბორია და "ჯერკალ ესტ?" - ქართული ტურიზმის თავისებურებანი... - კვირის პალიტრა

ძროხა საპირფარეშოში, ევა, ბორია და "ჯერკალ ესტ?" - ქართული ტურიზმის თავისებურებანი...

ჟურნალისტი, "პროფესიით" - ტურისტი, ზღვასა და მთას ვეწვიე. ყველაფერს უცხო თვალით შევხედე, რომ სამშობლოს სიყვარულს არ გადაეძალა და ხარვეზებზე თვალი არ დამეხუჭა

"სანაპიროს ალაგებენ, მაგრამ დამსვენებლები ზღვაში ყრიან ნაგავს, პირდაპირ პლაჟზე ყრიან საზამთროს ქერქებსა და სიმინდის ნარჩენებს, სიგარეტის კოლოფებსა და ნაყინის ქაღალდებს..."

ჭელს საქართველოს უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი ესტუმრა. ამას, უწინარესად, ხელი იმან შეუწყო, რომ საქართველო ტურიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შევიდა. ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან შემოდის.

ყბადაღებული თემაა, მაგრამ მაინც საინტერესოა, მომზადებული თუ შევხვდით მათ? ცალსახად მინდა გითხრათ, რომ - არა!

ამჯერად ტურისტის "პროფესია" შევითავსე და ზღვასა და მთას ვეწვიე. ყველაფერს უცხო თვალით შევხედე, რომ სამშობლოს სიყვარულს არ გადაეძალა და ხარვეზებზე - "ყველა დედას თავისი მახინჯი შვილი უყვარს" - პრინციპით, თვალი არ დამეხუჭა.

ტუალეტის "მბრძანებელი"

ჯერ ბათუმზე მოგახსენებთ. იქ 2 დღე დავყავი და სავსე იყო უცხოელებით... პირველად ბულვარში გავისეირნე. ზედ ზღვის პირას რამდენიმე ადამიანს მაგნიტოფონი და ხმის გამაძლიერებელი ჰქონდა ჩართული და ცეკვავდა. გამვლელებიც ერთვებოდნენ და სიამოვნებით უბამდნენ მხარს მხიარულ ბიჭებს. ბულვარს ეტყობა, რომ მის სისუფთავეზე ზრუნავენ, დამსვენებლები კი დაუდევრად მოისვრიან სიგარეტის ნამწვს, თუ ლუდის ცარიელ ჭიქას. იქვე ჯიხურია, სადაც სასმელები და ათასგვარი ნუგბარი იყიდება, მაგრამ ისეთი ფასები აქვს, რაც იქ ერთ ქილა სასმელში უნდა გადაიხადო, კაი ქორწილს გაგასტუმრებინებს.

ერთ 0,5-ლიტრიან წყალში, ფინჯან ყავაში (თბილისში 60 თეთრი ღირს), ჩიფსში და ფილა შოკოლადში 14 ლარი და 20 თეთრი გადავიხადე. საპირფარეშო 70 თეთრი ღირს. და ვიკითხე, - რატომ არის ასე ძვირი-მეთქი.

- ამას დალაგება უნდა, ხსნარი უნდა, წყალი უნდა, ყველაფერი ძვირი ღირს, თანაც რომ გაუჭირდებათ, გადაიხდიან, აბა, ხომ არ ჩეიფსამენ, - მპასუხობს ტუალეტის "მბრძანებელი".

ევა და ბორია

ორი ყმაწვილის გარშემო უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ერთს მხარზე მაიმუნი შემოესვა, მეორეს - მოზრდილი თუთიყუში. მაიმუნი პატრონს თავს უხილავდა, თუთიყუში კი თვალებს აბრიალებდა და ყველაფერს ინტერესით აკვირდებოდა.

რომა კოხრეიძე, 15 წლის: - ჩვენ თბილისიდან ვართ, აქ ბინა გვაქვს ნაქირავები და ცოტაოდენ ფულს ვაკეთებთ...

- სად იშოვეთ მაიმუნი?

- ნათხოვარი მყავს, ისე სოჭიდანაა ჩამოყვანილი, ევა ჰქვია. ცელქია, მაგრამ მაინც მიჯერებს. მუშაობის დროს შივდება და ბანანს ან ტკბილეულს ვაჭმევ... კეთილია, ყველას ემეგობრება.

- მასთან სურათის გადაღება რა ღირს?

- 5 ლარი. უცხოელები უფრო გამოთქვამენ სურვილს, ვიდრე ქართველები.

გიორგი კბილაშვილი, 24 წლის: - ჩემს თუთიყუშს ბორია ჰქვია. ვერ ვიტყვი, ევა უფრო პოპულარულია, თუ ბორია. ორივე თანაბრად მოსწონს ხალხს. სანამ სეზონია, აქ ვიქნებით.

- დღეში რამდენს გამოიმუშავებთ?

- ხან ას ლარს, ხანაც - მეტს.

"ბულვარული" ფასები

ბულვარში სიძვირეს ყველა უჩივის, თუმცა ქალაქში აჭარული ხაჭაპურის ფასი იგივეა, რაც ზამთარში...

ერთ-ერთი ბარის მეპატრონეს ვკითხე, ფასებში ასეთი სხვაობა რატომ არის-მეთქი?

- იმიტომ, რომ ბულვარში მხოლოდ სეზონზე იხსნება ის კაფეები და ცდილობენ, 3 თვეში რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. თანაც, რომ მოგწყურდება, ქალაქში ხომ არ გამოიქცევი წყლის საყიდლად? იძულებული ხარ, იქ შეიძინო და ამით სარგებლობენ. ჩვენ კი მთელი წელი ვმუშაობთ, ამიტომ, ფასებს არ ვზრდით...

"პერსონალის მოუმზადებლობა თვალში საცემია"

ტურისტების აზრითაც დავინტერესდი. ბერძენი ლეონი მოხიბლულია ბათუმით, მაგრამ უარყოფით მხარეებზეც მიგვითითებს:

- ბინები და სასტუმროები ძვირია, მომსახურება კი ძალიან დაბალი. პერსონალიც მოუმზადებელია. არ იღიმიან, უნდა ეხვეწო, რომ ყურადღება მოგაქციონ, საფერფლე დაგიცალონ, ყავა მოგიტანონ... ბოლოს კი ისეთ ფასს გადაგახდევინებენ, მეორედ იქით არც გაიხედავ. ქალაქში არ არის ტუალეტი. ამისთვის სასტუმროში უნდა დაბრუნდე, ან ბულვარში გაიქცე... სანაპიროს ალაგებენ, მაგრამ დამსვენებლები ზღვაში ყრიან ნაგავს, პირდაპირ პლაჟზე ყრიან საზამთროს ქერქებსა და სიმინდის ნარჩენებს, სიგარეტის კოლოფებსა და ნაყინის ქაღალდებს...

იცით, პირველად რამ გამაოგნა? ქუთაისში ჩამოვფრინდი და იქიდან ბათუმში მიკროავტობუსით ვიმგზავრე. ვცდილობდი, მძღოლისთვის რაღაცები მეკითხა... უცებ ასაკოვანი ქალბატონი მომიბრუნდა და სუფთა ბერძნულით დამელაპარაკა... გავოცდი... შემდეგ ბათუმში ბინას რომ ვეძებდი, ერთ ქალს მისამართი ვკითხე, რომელიც ფურცელზე მეწერა. მანაც სუფთა ბერძნულით მიპასუხა... ჩემი დიასახლისიც გამართულად ლაპარაკობს ბერძნულად... რას ვიფიქრებდი, თუ აქ ბერძნული ვინმეს ეცოდინებოდა და თურმე ნახევარი საქართველო ლაპარაკობს... მგონია, რომ ვალში ვარ და ვცდილობ, მეც ვისწავლო ქართული.

"ნეტ, სლოვენია! ჯერკალ ესტ?"

ბათუმის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ყაზბეგს ვეწვიე... საოცარი ბუნება... ჯადოსნურ სამყაროში ხვდები...

პირველი გაჩერება ტრავერტინებთან გვქონდა. ეს ულამაზესი ადგილია... მთიდან ჩამოსულ წყალს მოჰყვება მინერალები, რომლებიც გზადაგზა ილექება და სხვადასხვა ფერის ზოლებსა და მაქმანებივით ზედაპირს ქმნის...

იქვე სავაჭრო ადგილია... შინ მოქსოვილი ქუდებით, წინდებით, ჯემპრებით, ხილით ვაჭრობენ.

ხანში შესულ ქალბატონს ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ევაჭრებოდა - ხევსურული და სვანური ქუდების ყიდვა უნდოდათ. ქალბატონი ფასს არ უკლებდა, მაგრამ გულმოდგინედ ურჩევდა ფერებსა და ზომას... თან ცნობისმოყვარეობას იკლავდა.

- ატკუდა ვი, პოლშა?

- ნეტ, სლოვენია... ჯერკალ ესტ?

ჩემთვის გაუგებარი იყო, რა სთხოვა უცხოელმა, მაგრამ ქალბატონმა, რომელიც ტურისტების ენას უკვე შეჩვეული იყო, უცებ სარკე მიაწოდა. მერე მივხვდი, რომ "ჯერკალ" "ზერკალო" ყოფილა...

"ხინკლის შეკვეთას ვერ მივიღებ!"

სტეფანწმინდაში დაღლილები და მოშივებულები ჩავედით. გადავწყვიტეთ, გერგეტის სამების ტაძარში ასვლამდე ცოტა დაგვესვენა და ცენტრში გავჩერდით... მოხევეების ხინკალი თუ არ გასინჯე, იქიდან ისე როგორ წამოხვალ? ჰოდა, გადავწყვიტეთ, ხინკალი გვეჭამა. სასადილოში შევედით, მაგრამ ხინკალზე უარი გვითხრეს - მზარეული არ გვყავსო და შემწვარი კარტოფილი და კატლეტი შემოგვთავაზეს...

სასადილოს გვერდით ნაგვის ურნა სავსე იყო და ნაგვის პარკები გარშემო ჰქონდა შემოწყობილი... გაფანტულ ნაგავს ბუზები და ძაღლები ეხვეოდნენ... არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ცენტრში ხდება!..

გზის მეორე მხარეს კიდევ ერთი რესტორანი იყო და იმას მივადექით. მიმტან-ადმინისტრატორი (ორივეს მოვალეობას ასრულებდა) საქმიანად მიდი-მოდიოდა... ღია ცის ქვეშ მაგიდებთან რამდენიმე კაცი იჯდა. ჩვენ კი, ხუთი კაცი, ვდგავართ ცარიელი დარბაზის შუაში და ველოდებით, როდის მოგვაქცევს ყურადღებას, მაგრამ შენც არ მომიკვდე...

დამლაგებელი იატაკს წმენდდა და ხან იმ ჯოხს გადავახტი, ხან სველ იატაკზე ფეხი მომიცურდა და ბალერინასავით რამდენიმე პა გავაკეთე, მაგრამ ამანაც ვერ მიიქცია ყურადღება და დავუძახეთ...

- ხინკლის შეკვეთას ვერ მივიღებ, ახლა 50 ხინკალი შეგვიკვეთეს და ჯერ ის უნდა გავაკეთოთო, - გვიპასუხეს.

- რამდენ ხანს დაგელოდოთ?

- ვერ მიგიღებთ!

ფაქტობრივად, გამოგვყარა რესტორნიდან... ესაა ალბათ, ქართული ბიზნესის თავისებურება... მართლა ვერ ვხვდები ასეთი მიდგომის არსს...

მინივენების ბიზნესს შეწირული გზა

სტეფანწმინდიდან გერგეტის ტაძრამდე 6 კილომეტრია, მაგრამ საოცარი - საჭესთან თუ ზიხარ, მშვენიერებას ვერ აღიქვამ, რადგან ისეთ დანგრეულ და ოღროჩოღრო გზაზე მიდიხარ, რომ გაფაციცებული უნდა იყო, სადმე ორმოში (და არა ხევში) არ ჩაიჩეხო... გზა ძალზე ვიწროა და საპირისპიროდ მიმავალი მანქანები თუ შეხვდა ერთმანეთს, მაშინ ხარ ცოდვა... არადა, იმდენი მანქანა დადის, გაგიკვირდება. ძირითადად მინივენები" და ჯიპები. წუთში ერთხელ გადის სტეფანწმინდიდან მინივენი, 10 ლარს გადაიხდი და იმგზავრებ...

როცა ვიკითხე, - რატომ არის ეს გზა ასეთ დღეში-მეთქი, მიპასუხეს, - ეგ რომ გააკეთონ და ყველა თავისი მანქანით ავიდეს, მინივენების ბიზნესი ჩავარდებაო...

მთელი გზა პირჯვრისწერითა და "ღმერთო, მიშველეს" ძახილით გავლიე. იქ ასულს სლოვენიელები დამხვდნენ... მინივენის მძღოლს დამტვრეული რუსულით ეკითხებოდნენ, - მალე გავალთო? 2 კაცი და გოუ! - უპასუხა მძღოლმა...

ძროხა საპირფარეშოში

ტუალეტები არც სტეფანწმინდაშია... ან შენი ღამის ქოთნით უნდა იარო, ან გერგეტის ტაძრის ეზოში უნდა აირბინო და ძროხა რომ გამოვა საპირფარეშოდან, მერე შებრძანდე... იქაური ბუნებით მოხიბლული დავრჩი, მაგრამ ინფრასტრუქტურისა და მომსახურებისა რა გითხრათ...

მოყვარეს პირში უძრახეო, ნათქვამია, მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ დავწერ, რადგან ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოსწორდება...

მარი ჯაფარიძე