"ომარი ამბობდა, ძლივს არ ვეღირსე ძმასო"! - "ყაჩაღობით" შეძენილი საძმოს ისტორია, ანუ როგორ დაიყოლია შენგელაიამ "ხარება და გოგია" გადაღებაზე - კვირის პალიტრა

"ომარი ამბობდა, ძლივს არ ვეღირსე ძმასო"! - "ყაჩაღობით" შეძენილი საძმოს ისტორია, ანუ როგორ დაიყოლია შენგელაიამ "ხარება და გოგია" გადაღებაზე

"ლევანი ომართან რომ რეკავდა, მეკითხებოდა: ხარება შინ არისო? თითქოს, ვერ გამოვიდნენ ფილმიდან"

"გიორგი შენგელაია გადამეკიდა, ფილმ "ხარება და გოგიას" გადაღებას ვიწყებთ და ხარება ჯიბუტის ძმის, სიმონას როლი უნდა ითამაშოო"

"მკითხველს არასოდეს ეპრანჭებოდა, მისი ემოციებით არ ჟონგლიორობდა და საკუთარ პერსონას თავზე არასოდეს ახვევდა. მისი მოთხრობების კითხვისას გრძნობდი, როგორ უყვარდა ის ადამიანები, ვისზეც წერდა და როგორ უყვარდი შენ, ვისაც ამ ყველაფერს გიყვებოდა"

ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი

64 წლის ასაკში გარდაცვლილი უნიჭიერესი მწერალი, მწერალთა კავშირის, სახელმწიფო, ასევე, პრემია "საბასა" და კიდევ ბევრი პრემიის ლაურეატი ნუგზარ შატაიძე, რომლის სცენარის მიხედვით გადაღებულმა "გაღმა ნაპირმა" მსოფლიო აღიარება მოიპოვა, მან კი - საუკეთესო სცენარისთვის პრიზი, პროფესიით მშენებელი იყო, მერე ჟურნალისტადაც მუშაობდა, პარალელურად კი, მოთხრობებს ბეჭდავდა, რადიოპიესებს წერდა, ხოლო მის კინოსცენარებზე - "ლომა", "მევლუდი", "პეიტარი", "მიახლოება", "ცხელი ძაღლი", "გაღმა ნაპირი", "სიმინდის კუნძული", "მოგზაურობა აფრიკაში" და კიდევ რამდენიმე, მხატვრული და დოკუმენტური ფილმია გადაღებული. შემთხვევით, თავადაც გახდა მხატვრული ფილმის გმირი, რასაც რამდენიმე ეპიზოდური როლიც მოჰყვა. დღეს მწერალ ნუგზარ შატაიძის სწორედ იმ ერთადერთ მნიშვნელოვან როლსა და ბევრისთვის საყვარელი ფილმის - "ხარება და გოგიას" გადაღებას გავიხსენებთ.

როგორ მოხვდა კინოში

ნუგზარ შატაიძემ წლების წინ, მასთან ოჯახში სტუმრად მყოფს მიამბო, რომ კინოსტუდიაში, რევაზ თაბუკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მწერალთა გაერთიანებაში რევაზ ჭეიშვილთან, გურამ დოჩანაშვილთან, რევაზ ინანიშვილთან, ვაჟა გიგაშვილთან და კიდევ რამდენიმე სახელოვან მწერალთან ერთად მუშაობდა:

"სცენარებს ვწერდით და ზოგჯერ ამ სცენარებზე ფილმებს იღებდნენო. ბატონ ნუგზარს ერთი უცნაურობა ჰქონდა - არ უყვარდა სტამბა, სადაც წიგნები იბეჭდება, - არადა, თითქოს, პირიქით უნდა ყოფილიყო. თურმე იგივე ემართებოდა კინოგადაღებებზეც: მსახიობი რომ ხარ, შენი ნებით ხომ არ მოქმედებ? - რეჟისორს ემორჩილები და სცენარისტის ტექსტს ამბობ...

კომუნისტების ზეობის ხანაში, გსურდა თუ არა, სცენარის ავტორი ფილმის გადაღებას უნდა დასწრებოდი, რეჟისორს სჭირდებოდი. მე უმეტესად, ვურჩობდი და რეჟისორებიც ხშირად "მასმენდნენ"... ერთხელაც გიორგი შენგელაია გადამეკიდა: ფილმ "ხარება და გოგიას" გადაღებას ვიწყებთ და ხარება ჯიბუტის ძმის, სიმონას როლი უნდა ითამაშოო. სცენარიც კი გამომიგზავნა - ჩემი მეგობრის, ბაადურ ბალარჯიშვილის დაწერილი იყო. მითხრა: შენ და ომარ ფხაკაძე (ხარებას როლი უნდა შეესრულებინა) ძალიან გავხართ ერთმანეთსო.

გიორგის დიდ პატივს ვცემდი და უარი ვერ ვუთხარი. მე კი იოლად დამიყოლია, მაგრამ ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილის როლის შემსრულებელი), ომარი და მიშა სალაძე ვერ დაითანხმა. ლევანი მაშინ სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. ჩააკითხა გიორგიმ კაკაბეთში, როგორ არ ეცადა დაყოლიებას, ისიც უთხრა, 6 ათას მანეთს ჰონორარს გადაგიხდიო. 1985-86 წლებში 6 ათასი მანეთი კარგი ფული იყო. გამოიღო ლევანმა სეიფიდან 8 ათასი მანეთი, დაუდო გიორგის და უთხრა: აიღე ეს ფული და თავი დამანებეო. მოგვიანებით გიორგიმ ამიხსნა: განა არ შემეძლო, მსახიობები მომეწვია, ნაკლებადაც გავწვალდებოდი, მაგრამ ფილმისთვის ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო. წარმოიდგინეთ, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი არის ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი; ველომბროლელი ომარ ფხაკაძე ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონი იყო, მოჭიდავე მიშა სალაძე - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. ისინი ყოველმხრივ დიდი ვაჟკაცები, გმირები იყვნენ. მაშინ ცკ-ის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი გახლდათ. გიორგიმ ამ ხალხთან შუამდგომლობა სწორედ მას სთხოვა და ასე დაითანხმა ლევანი, ომარი და მიშა. სხვათა შორის, მერე სამივეს ძალიან მოეწონა კინოში მონაწილეობა, ლევანს დაუფასდა კიდეც ეს შრომა - აზიისა და აფრიკის ქვეყნების კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზიც მიიღო. ერთხელ გამომიტყდა კიდეც: ჩემს ყველა ოქროს მედალს მირჩევნიაო.

ხალისიანი გადაღებები

ცხადია, კინოგადაღება რთული პროცესია და დისციპლინას მოითხოვს. მსახიობი ამას შეჩვეულია, არაპროფესიონალები კი, თურმე, ძალიან "ცელქობდნენ" და, შესაბამისად, გიორგი შენგელაიასაც ანერვიულებდნენ. ფილმში ავქსენტი მიქაბერიძის როლს ასრულებს მურმან ჯინორია, ვისთან ერთადაც გადაღებისას ნუგზარ შატაიძე სასტუმროში, ერთ ნომერში ცხოვრობდა.

ბატონი ნუგზარი იხსენებდა:

"მურმანი კარგად უკრავს გიტარაზე და მღერის, ამიტომ გადაღებაზე საგარეჯოში გიტარა წამოიღო. ერთხელაც, გადაღების შემდეგ, ღამის 10 საათზე შემოგვაკითხა ლევანმა. ჩვენ რაღაც წავიმღერეთ, ლევანი კი აშკარად ვერ ისვენებდა: კაცო, არ ვიქეიფოთო?!-  მოკლედ, საღერღელი ჰქონდა აშლილი, არადა, უკვე ძილის დრო იყო, მეორე დღისთვის ადრიანად უნდა წავსულიყავით ვაჩნაძიანთკარის ზემოთ, ტყეში, გადაღებაზე. არ მოგვასვენა, გიტარიანად ჩაგვსხა მანქანაში და სადღაც წაგვიყვანა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ ვიღაცის ორსართულიან სახლს მიგვაყენა - ჩანდა, "კარგი პატრონი" ჰყავდა იმ სახლს. მოკლედ, საგარეჯოს ღვინის ქარხნის დირექტორის ოჯახში აღმოვჩნდით. გაგიჟდნენ სიხარულით. გაიშალა სუფრა და დავიწყეთ მოლხენა. ლევანს ჰყავდა მძღოლი (რაკი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო), მელოტი კაცი, რომელსაც "ხუჭუჭას" ეძახდა და რომელიც იქ გვახლდა. ქეიფი რომ გახურდა და მასპინძლებმა შეიტყვეს, სასტუმროში ნატო ვაჩნაძის შვილი - გიორგი არისო (კახელებს განსაკუთრებულად უყვართ ნატო ვაჩნაძე), გული დასწყდათ: ნეტავ, წამოგეყვანათო. ლევანმა ქაღალდის ხელსაწმენდზე დაწერა: შენ თუ ახლა აქ არ მოხვალ, აი, ასე და ისეო... და კახური გინება მიაყოლა. ეს წერილი "ხუჭუჭას" გაატანა გიორგი შენგელაიასთან. გადარეულა გიორგი, - ხვალ გადაღებაა, ამ ეპიზოდისთვის ოთარ მეღვინეთუხუცესი ერთი დღითაა ჩამოსული, ყველაფერი ჩაიშლებაო და უთხოვია ავთო მაისურაძისა და მიშა სალაძისთვის, როგორმე ის ხალხი აქ მომიყვანეთო. ავთო და მიშა მოვიდნენ საყვედურებით: რას ანერვიულებთ იმ კაცსო! - დასხედით, განსხვავებული დალიეთო! - დასჭექა ლევანმა და იმათაც კი მოუნდათ ქეიფი. დარჩნენ ჩვენთან და დილიდ 4 საათამდე ვილხენდით. დილით ყველას თავი გვისკდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაღებამ მშვიდობიანად ჩაიარა.

გასაოცარი ომარ ფხაკაძე

კადრი ფილმიდან: ხარება და გოგია გემახსოვრებათ ფილმში ლევან თედიაშვილისა და ომარ ფხაკაძის ჭიდაობის ეპიზოდი. მაშინ ლევან თედიაშვილს უთქვამს: ეგეთი ღონიერი კაცი არ მინახავსო... საუბრისას ნუგზარ შატაიძემ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით თავისი ეკრანული ძმა, წარმოსადეგი და საოცრად მომხიბვლელი ველომრბოლელი, ახალგზარდა ასაკში გარდაცვლილი ომარ ფხაკაძე გაიხსენა:

"იცით, რა ძლიერი იყო ფიზიკურად?! ლევანს რომ შეხედავდი, მაშინვე მიხვდებოდი, რომ "მონსტრი" იყო. ომარი უფრო ხმელი იყო, მაგრამ უზარმაზარი ხელები ჰქონდა. ლეგენდები დადიოდა: ომარი სიჩქარეს რომ აკრებდა, ველოსიპედის ჩარჩოს ღუნავდაო. ამიტომაც ჩარჩო სპეციალურად რკინისგან თუ ფოლადისგან ჩამოუსხეს.

იმ გადაღებებმა დიდი საძმო ჩამოაყალიბა. არ დამავიწყდება, ომარს უფროსი და რომ გარდაეცვალა, სამძიმარზე ვიყავით. უზარმაზარი მანქანა-მაცივარი ჩამოდგა, საიდანაც იმ წუთას თავისი მანქანით მოსულმა ლევანმა მთელი ქელეხის სანოვაგე გადმოაზიდვინა ბიჭებს. მართლა ძმებივით იყვნენ. ომარის მეუღლე დონარა იგონებდა: ლევანი ომართან რომ რეკავდა, მეკითხებოდა: ხარება შინ არისო? თითქოს, ვერ გამოვიდნენ ფილმიდან, როლიდან. მეც მათთვის ძმასავით ვიყავი. მით უმეტეს, ომარს ოთხი თუ ხუთი და ჰყავდა და ამბობდა, - ძლივს არ ვეღირსე ძმასო!

სხვათა შორის, ლევანს ფილმამდეც ვიცნობდი, "ლელოდან". იქ, ძირითადად, ჭიდაობაზე ვწერდი და მიზეზიც მქონდა - დედას მხრიდან დიდი პაპის ბიძა იყო გრიგოლ ორბელიანის ფალავანი დათა ხიზამბარელი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ვერავის წაუქცევია, 24 წლისა კი - მოკლეს. აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკიდან" აბდუშაჰილისა და ბაში-აჩუკის შერკინების ეპიზოდი აკაკიმ სინამდვილიდან აიღო - იქ ჭიდაობდნენ 21 წლის დათა ხიზამბარელი და გოლიათი სპარსი მოჭიდავე, რომელსაც მანამდე 14 ქართველი ფალავანი წაუქცევია, თურმე. სხვათა შორის, ჩემი ბიძებიც ჭიდაობდნენ, პაპაჩემი კი "საჭიდაოსაც" უკრავდა..."

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მწერლობა აირჩია...

მწერლობა ნუგზარ შატაიძის ცხოვრების ნაწილი იყო. მახსოვს, დაიჩივლა: "ძალიან ცუდ დღეში ვართ დღეს მწერლები. წარმოიდგინეთ, 300 ეგზემპლარი რომ გამოდის წიგნი, ის ხომ მხოლოდ ვიწრო წრეს დააკმაყოფილებს. ვინც ნაღდი მკითხველია, მას წიგნისთვის ფული არც აქვს, საერთოდაც, ხალხი გადაეჩვია კითხვას. არადა, კითხვა უნარ-ჩვევაა, რომელიც ადამიანმა ბავშვობაში უნდა გამოიმუშაოს. ჩვენი ბავშვები კი კომპიუტერისა და ტელევიზორის გადამკიდე, წიგნისთვის ვეღარ იცლიან. ეს ჩემთვისაც ცუდია, მაგრამ, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის საზიანო. ერი რომ წიგნს, კულტურას მოსწყდება, რაღაზე იფიქრებს? - ალბათ მხოლოდ იმაზე, ფული როგორ იშოვოს. ეს აღარ არის ცხოვრება, ამით ადამიანი ცხოველს დაემსგავსება და მაშინ რაღა ვქნათო"?

სამწუხაროა, "პალიტრა L"-ის პროექტ "ქართული პროზის საგანძურში" გამოცემულ დიდტირაჟიან და ყველასთვის ხელმისაწვდომ მის წიგნს რომ ვერ მოესწრო. ალბათ, როგორ გაიხარებდა, უამრავი მკითხველის თაროზე რომ აღმოაჩენდა მის "გაღმა ნაპირს"...

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)