"მამა ოჯახის თითოეულ წევრზე ძალადობს" - კვირის პალიტრა

"მამა ოჯახის თითოეულ წევრზე ძალადობს"

იმ ადამიანს, ვისზეც ახლა უნდა მოგიყვეთ, ერთი წლის წინ შევხვდი სახელოვნებო კონკურსის ფინალზე. ფინალისტებს შორის, თუ არ ვცდები, ყველაზე ახალგაზრდა იყო. დასკვნით ეტაპის მერე, საბანკეტო სუფრასთან ვერ ისვენებდა და ყველაზე ადრე დატოვა სასიამოვნო გარემო. სამიოდე თვის წინ მომწერა, რომ ქმარს გაეყარა და შერიგების შანსი ნულის ტოლი იყო.

მასალას ახალგაზრდა ქალზე, რომლიც ჯერ მამის, შემდეგ ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყო და რომლის რეალურ გვარ-სახელისაც შეგნებულად არ ვასახელებთ, ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც მოანრიდებს გთავაზობთ:

როცა ამგვარ ამბებს ვისმენდი, ვფიქრობდი, რომ გამოგონილი იყო ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც საგრანტო თანხისათვის ათასგვარ რამეს იგონებდნენ.

მინდა, ვინმემ მომისმინოსო, - მთხოვა. მინდოდა მეთქვა, რომ მოენახა ქმართან შერიგების გზა, ერთად გაეზარდათ შვილები და ეცხოვრა მშვიდად, მაგრამ...

მარი:

- ხელით პირველად მაშინ შემეხო, როცა გაიგო, რომ ეროვნულ გამოცდებზე გავდიოდი, - ორი შვილის დედის სწავლა აღარ გამიგიაო. მე კი მინდოდა, დიასახლისის გარდა, სხვა ვინმეც ვყოფილიყავი. მცოდნოდა და შემძლებოდა იმაზე მეტი, ვიდრე დედაჩემმა შეძლო. დედამ უსაზღვრო მოთმენა ისწავლა, ქმრის ლოთობის ატანაც და ცემის არგამჟღავნებაც, მე კი სხვა რამე მინდა. მსურს თავისუფალი და განათლებული ადამიანი ვიყო. ოჯახის გარდა, საზოგადოებაში ყოფნის ფასიც ვიცოდე... მეორედ მაშინ მცემა, როცა სტუდენტი გავხდი. სხვა გზა არ მქონდა: ან უნდა შევგუებოდი იმას, რასაც დედაჩემი წლობით იტანს (ალბათ, კიდევ დიდხანს მოუწევს მოთმენა, რადგან მამა ჯერ მხოლოდ 45 წლისაა), ან დამოუკიდებლად მეზრუნა ცხოვრების მოწყობაზე. 8 თვე შვილებთან ერთად ვიცხოვრე სპეციალურ დაწესებულებაში, მერე სასამართლომ გადაგვიწყვიტა ყველაფერი...

- როგორ დაიწყე მიზნების განხორციელება?

- სკოლა რომ დავამთავრე, მამამ არც სწავლის გასაგრძელებლად გამიშვა და არც სამუშაოდ. იძულებული გამხადეს, ოჯახი შემექმნა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თავისად რომ დამიგულა და შვილებიც შეგვეძინა, "აიშვა". მეუბნებოდა, - არ ისწავლი, არ იმუშავებ. სახლში უნდა იყოო. არ დავემორჩილე და ჩემი ოქროს ნივთების ნაწილი შევიტანე ლომბარდში, რათა რეპეტიტორებისთვის თანხა გადამეხადა. მოიკითხა, სადაა ოქროო და რომ გაიგო, რაც გავაკეთე, დამარტყა. რამდენჯერმე მანამდეც ვიჩხუბეთ... მერე იყო პატრული, სასამართლო! არ ვაპირებდი ჩივილს, მაგრამ ყველამ მიმატოვა, წასასვლელი არსად მქონდა და იმისთვის, რომ თავშესაფარში მეცხოვრა, შემაკავებელი ორდერი იყო საჭირო, რომელსაც მხოლოდ პატრული წერს... ტირილი მინდა ახლაც. მსურს ცრემლებმა დამავიწყოს მწარე წარსული. გათხოვებამდე ორჯერ გავიქეცი სახლიდან და მიმაბრუნეს. უფრო, დედის გამო დავბრუნდი, რადგან მამა ჩემ გამო მას დაუზოგავად სცემდა! დედა კი ხმას არ იღებს, ხალხი რას იტყვისო? არადა, მამა მხოლოდ მას კი არა, ოჯახის ყველა წევრს სცემს ხოლმე. ჩემი ერთი და გათხოვილია, მეორე - მუშაობს. ამას წინათ ჩემი ძმა უცემია. ის 16 წლისაა. იმანაც, შეუბრუნა ხელი და ლამის დაუხოცავთ ერთმანეთი. ოჯახში ყველაზე უმცროსი სამი თვისაა და მისი ბედი განსაკუთრებით მაწუხებს! არ ვიცი, მისი გაჩენა როგორ შეძლო დედამ!

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 აგვისტოს ნომერში