უკანასკნელმა ყარაჩოხელმა უკანასკნელი სიმღერა შეასრულა, გულზე ხელი დაიდო... და შეაბიჯა მარადისობაში - კვირის პალიტრა

უკანასკნელმა ყარაჩოხელმა უკანასკნელი სიმღერა შეასრულა, გულზე ხელი დაიდო... და შეაბიჯა მარადისობაში

ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.

მაშინაც ქალაქ გორში მის იუბილეს აღნიშნავდნენ. 1986 წლის 30 ნოემბერი იდგა... საიუბილეო კონცერტი, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ტარდებოდა. უკანასკნელმა ყარაჩოხელმა უკანასკნელი სიმღერა შეასრულა, გულზე ხელი დაიდო, კულისებში გავიდა... და ასე შეაბიჯა მარადისობაში...

მანამდე კი იყო ტკივილით, სიხარულით და საოცარი მუსიკით სავსე ცხოვრება.

გოგი ცაბაძე 1924 წლის 24 აგვისტოს შეძლებულ ოჯახში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი 30 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მამამისი გაბრიელი დახვრიტეს, ოჯახის ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა. პატარა გოგი და-ძმებთან ერთად დედასთან იზრდებოდა, მისი დედმამიშვილები მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომმა შეიწირეს.

პატარა გოგის ოცნება სულაც არ ყოფილა კომპოზიტორობა, ის ბავშობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა მისი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება დიდ ხანს ვერ შეძლო. გოგის მიმავალ ტრამვაიზე შეხტომისას, კონდუქტორმა ხელი ჰკრა მარცხენა ფეხი ბორბლებში მოექცა და ვეღარ შეძლო თავისი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება.

ამ ამბის შემდეგ ახალგაზრდა გოგის პიანინო შეუძინეს და სწორედ, ამ პერიოდიდან გახდა მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

გოგიმ მუსიკალური ხუთწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა ცნობილი კომპოზიტორის იონა ტუსკიას ხელმძვღანელობით კონსერვატორიაში განაგრძო. სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო და სწავლისთვის უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა. ამიტომაც გოგიმ კონსერვატორიაზე დროებით უარი თქვა და მოგვიანებით, მეუღლის თხოვნით, 32 წლის ასაკში დაასრულა.

1956-1975 წლებში ის ფილარმონიის საესტრადო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ამავე პერიოდში შეიქმნა ანსამბლი "ორერა", რომლის რეპერტუარსაც თვითონ გოგი ცაბაძე ქმნიდა.

თბილისის ტრუბადურს ტყუილად არ უწოდებდნენ, ამ ქალაქზე უზომოდ იყო შეყვარებული.

"თბილისში დავიბადე, თბილისში გავიზარდე. ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, ნახალოვკა, სვანეთის უბანი, საბურთალო ძალიან ბევრი უბანია თბილისში და ყველა ერთიმეორეზე უკეთესი. არ შეიძლება თბილისში ცხოვრობდე და ეს ლამაზი ქალაქი არ გიყვარდეს", - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ბატონი გოგი.

გოგი ცაბაძის შემოქმედება ძირითადად პეტრე გრუზინსკისა და მორის ფოცხიშვილის პოეზიას დაუკავშირდა, ეს სამი ადამიანი შეიძლება ითქვას, განუყრელი მეგობრები იყვნენ.

კახა ცაბაძე, გოგი ცაბაძის შვილი: "როდესაც ტელეფონს პასუხობდა, სახელი რომც არ ეხსენებინა, გოგის ხმა ისე ეცვლებოდა, ვხვდებოდით, რომ მორის ფოცხიშვილს ესაუბრებოდა. პირველი სიმღერა, რომელიც ჩაწერა და ფირფიტაც გამოიცა, იყო "ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს", რომელიც ბუბა კიკაბიძეს დაუწერა, მაგრამ ამ დროს ბუბას ფილმში იღებდნენ და საქართველოში არ იყო, ამიტომაც ადგა და თვითონ ჩაწერა "ორერასთან" ერთად".

გორი, 1986 წლის 30 ნოემბერი

გიორგი ერისთავის დრამატულ თეატრში გოგი ცაბაძის, მეგობრები, ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები შეკრებილიყვნენ და მათი საყვარელი კომპოზიტორის გამოჩენას სულმოუთქმელად ელოდნენ.

კადრი გოგი ცაბაძის უკანასკნელი კონცერტიდან

კახა ბერიძე, გორის დრამატული თეატრის მსახიობი:

- მოლოდინი ძალიან დიდი იყო ქალაქში, იქაურობა მაყურებელს ვერ იტევდა. 500-კაციან დარბაზში დაახლოებით 700 კაცი მაინც იყო მოსული. ჩამოსავსლელებზე, პარტერში, კიბეეზე ყველგან ისხდნენ...

გორში ჩამოსვლა დააგვიანდა გოგი ცაბაძის შვილს, კახა ცაბაძეს, სწორედ ამის გამო ერთი საათით გადადებული საიუბილეო კონცერტი, როგორც იქნა, დაიწყო...

ბუბა კიკაბიძე:

- კონცერტი გახურდა, ინგრეოდა აპლოდისმენტებით იქაურობა, ვმღერით გოგის სიმღერებს. ბოლოს, დარბაზში მე ჩავედი გოგის სცენაზე ამოსაყვანად... მაგდენი ყვავილი ერთად არც მანამდე მინახავს და არც მას მერე... ყრიდნენ და ყრიდნენ სცენაზე ყვავილებს. გოგი როიალისიკენ წავიდა, თამრიკო - მისი მეუღლე კულისებში იდგა.

კახა ცაბაძე:

- მე და ჩემ გოგოს ცალკე დაგვიდგეს სკამი, სადღაც შუა გასასვლელისკენ, მუხლებზე დავისვი. სცენაზე ასვლისას გოგი მოვიდა და თათას აკოცა, ეს უკანასკნელი კოცნა დარჩა თათას ბაბუსგან. რამდენიმე სიმღერა თვითონვე შეასრულა.

ბუბა კიკაბიძე:

- დაიწყო სიმღერა და ვხედავ, რომ რიტმი ძალიან ნელია, ხომ ვიცოდი სიმღერის ტემპი. უკრავს ნელა, ძალიან ნელა.. მივუბრუნდი მის მეუღლეს თამრიკოს და ვკითხე, - რა ხდება-მეთქი. თამრიკომ, - ვაიმე, არაფერი მოუვიდესო. დაასრულა სიმღერა... შემოვიდა კულისებში და მითხრა, დროზე მოაგვარეთ ყველაფერი, სუფრაზე გველოდებიანო და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ვეხუმრე, გოგი, მოდი ნახევარი ყვავილები გავყიდოთ, ფულს ვიშოვით- მეთქი და ამ დროს დავინახე სკამი როგორ გადაიხარე გვერდზე, მეგონა სკამს ფეხი მოტყდა, თავი არ დაარტყას-მეთქი და ხელი შევაშველე გოგის...

კახა ბერიძე:

ელვის სისწრაფით გავრცელდა დარბაზში ინფორმაცია ბატონი გოგი ცუდადააო. ყველა პროცედურა ჩაუტარდა, რაც უნდა ჩატარებოდა, მაგრამ... საოცარი ის იყო, რომ მაყურებელი ადგილიდან არ დაიძრა. იქაურობა ისევ სავსე იყო. ხალხი იყო დარბაზში, ფოიეში, თეტარის უკანა მხარეს...

ასე დასრულდა კიდევ ერთი ლეგენდა, სახელად გოგი ცაბაძე.

როგორც პოეტმა მორის ფოცხიშვილმა მისი დაკრძალვის დღეს ბრძანა: "ქუდები მოიხადეთ,უკანასკნელი ყარაჩოხელი ემშვიდობება თბილისს"!

სტატიაში გამოყენებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმის "უკანსკნელი ნოტები" მასალები.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო