"ჩემს ქეთოს ფილტვში და გულში ისევ წყალი ჩაუდგა, სიმსივნეც იზრდება" - მამა 24 წლის ქალიშვილის გადასარჩენად იბრძვის - კვირის პალიტრა

"ჩემს ქეთოს ფილტვში და გულში ისევ წყალი ჩაუდგა, სიმსივნეც იზრდება" - მამა 24 წლის ქალიშვილის გადასარჩენად იბრძვის

"შვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ, - გულიდან რაც წყალი ამოუღეს, თითქოს საწოლიდან კი წამოდგა, მაგრამ ძლივს დადის და კითხვის თვალებით მომჩერებია. მე კი ვერ მითქვამს, - ნუ გეშინია, შვილო, დაგეხმარები-მეთქი. რა ვუთხრა? ჯერ ვერც სიმსივნის სახეობა დაადგინეს და არც ფული მაქვს, რომ უცხოეთში წავიყვანო, რომ გადავარჩინო".

კოტე ბარიხაშვილი საინგილოში მცხოვრები ქართველია, რომელიც ყველაფერ ქართულს განსაკუთრებული სიყვარულით და რუდუნებით ეკიდება. მასთან "კვირის პალიტრამ" ინტერვიუ "მამულ-დედულისთვის" ამ ცოტა ხნის წინ ჩაწერა, მაშინ გვითხრა, რომ ქართული უნიკალური ჯიშების გამრავლებას რომ დააპირებდა, ისევ შეგვეხმიანებოდა. მაშინ მისმა ინტერვიუმ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. (იხილეთ: მიწის მოყვარულმა კაცმა საინგილოში მამული თავის ჭკუაზე დაალაგა)

მისი შემდეგი ზარი რედაქციაში, სამწუხაროდ, ძალიან ტკივილიანი აღმოჩნდა. კოტე ბარიხაშვილის 24 წლის ქალიშვილს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ძალიან წუხს მთელი ოჯახი, ხალხის შეწუხება არ გვინდაო, მაგრამ ფაქტია, რომ ქეთევანს სასწრაფოდ სჭირდება უცხოეთში გადაყვანა და მკურნალობის დაწყება.

მამების ტკივილის ყურება ძალიან მძიმეა, როცა ცრემლის შეკავებას ცდილობენ, თვალებში კი ენითაუწერელი ტანჯვა ესახებათ! კოტე ბარიხაშვილს  საინგილოში ქართველობის ტვირთი აქამდე მხარგაშლილს, დიდი ღირსებით დაჰქონდა, ერთხელაც კი არ წაუფორთხილია, შვილის ავადმყოფობამ კი სულ რამდენიმე დღეში მოხარა მხრებში. მას მრე, რაც მის თვალხატულა ქეთევანს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ჯერაც ვერ მოსულა გონზე... მის გარდა კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავს: მარიამი, რუსუდანი და თამარი. 2 წლის თამარის გარდა ყველა სტუდენტია.

კოტე ბარიხაშვილი:

- მარიამმა დამირეკა ალიბეგლოში, - მამა, თბილისში უნდა წამოხვიდე, აუცილებლადო! წამში მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა, - ხმის ტონითაც კი ვხვდები, ჩემს შვილებს რა სჭირთ; ხმა ჰქონდა გაბზარული - ქეთო ავად არის, ზუსტი დიაგნოზი არ ვიციო. მარიამი მალე ექიმი გახდება, ემერჯენსის კლინიკაში გადის რეზიდენტურას, იქვე მიუყვანია ფილტვებზე მოსასმენად. ასე დადგინდა ჩვენი უბედურება.

- გოგონას ფილტვებზე მოსმენა რატომ დასჭირდა?

- ხველება და სისუსტე დაეწყო. მოუსმინეს თუ არა, თურმე იმ წამს რენტგენზე გაუშვეს. რენტგენმა ფილტვში და გულზე წყალი აჩვენა.

მერე გადაუღეს კომპიუტერეული ტომოგრამა და იქ გამოჩნდა ჩვენი სრული უბედურება, გულის შუასაყარის სიმსივნე, რომელიც ზომით თითქმის 17 მილიმეტრია.

- სანამ ასე სერიოზულად გახდებოდა საქმე, დაავადების სიმპტომებს ვერ გრძნობდა?

- ალბათ ცოტას კი გრძნობდა, მაგრამ არა ისე, რომ ფეხზე ვეღარ დამდგარიყო. ქეთევანი 24 წლისაა, იმდენად ენერგიული და სიცოცხლით სავსე იყო, ერთი უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მაშინვე მეორეში გადავიდა, - ახლა უცხო ენები უნდა ვისწავლოო, - მიყვარს და თანაც, ვიდრე სტუდენტი ვიქნები, მოსწავლეებს ავიყვან და ცოტას საინგილოშიც მოგეხმარებითო. ასეც აკეთებდა. ალბათ მართლა კარგი სპეციალისტია, რადგან ბევრი მოსწავლე ჰყავდა და ჩვენი დახმარებაც გამოსდიოდა. ამაზე საუბრის გაგრძელება არ მინდა, მაგრამ იქ ქართველობა მუხლჩაუხრელი შრომითაც ვერ ვართ კარგ დღეში... იქ კარგი შვილი განსაკუთრებულად საამაყოა. შვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ, - გულიდან რაც წყალი ამოუღეს, თითქოს საწოლიდან კი წამოდგა, მაგრამ ძლივს დადის და კითხვის თვალებით მომჩერებია. მე კი ვერ მითქვამს, - ნუ გეშინია, შვილო, დაგეხმარები-მეთქი. რა ვუთხრა? ჯერ ვერც სიმსივნის სახეობა დაადგინეს და არც ფული მაქვს, რომ უცხოეთში წავიყვანო, რომ გადავარჩინო. ალიბეგლოელ კაცს ამდენი ფული საიდან მექნება?! არადა, მთელი ოჯახი მე შემომყურებს თვალებში, რას მოვახერხებ, - ცოლი დღედაღამ ტირის...

- ფული არც სხვებს აქვთ, მაგრმ საწაულიც არაერთხელ გვინახავს, როცა ხალხის თანადგომამ არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა. მითხარით, დაავადების ზუსტი დიაგნოზი რატომ ვერ გამოვლინდა აქამდე?

- როცა მარიამმა მითხრა, - მამა, ცუდი ამბისთვის უნდა მოვემზადოთ, ქეთოს ბიოფსია უნდა ჩავუტაროთო, არც კი მახსოვს, როგორ მოვაწერე თანხმობას ხელი, - ის იგივე ოპერაციაა, გულში შევიდნენ ნემსით და სიმსივნიდან ქსოვილი აიღეს გამოსაკვლევად. პასუხი რომ მითხრა, ექიმი თვალებში ვერ მიყურებდა, - ეს ავთვისებიანი სიმსივნეაო. მეც კიდევ ერთხელ გავნადგურდი, მერე პარალელურად სხვა კვლევაც ჩაატარეს და ახლა ივარაუდეს კეთილთვისებიანიაო... ოპერაცია ამ შემთხვევაშიც რთულია, მაგრამ სიცოცხლის იმედი გაჩნდა. ცოტა ხანში კი კიდევ ერთი კვლევის პასუხი მიიღეს და, - არა, ეს ალბათ უფრო ავთვისებიანიაო. ამ ვარაუდებს როგორ უნდა ენდოს კაცი?!  ვიფიქრე, შვილს სხვა კლინიკაში წვიყვან, ხომ შეიძლება იქ კვლევის სხვა საშუალება ჰქონდეთ, უფრო ზუსტი პასუხი გავიგო-მეთქი; მაგრამ იქ მითხრეს, - ჩვენ იმ ემერჯერსის კვლევებს ვერ ვენდობით, ბიოფსია და კვლევები თავიდან უნდა ჩავატაროთო. ლამის იქვე მოვკვდი, - ვერ მივხვდი რა საჭირო იყო, ჩემი შვილის გულის კიდევ ერთხელ გახვრეტა და წამება, როცა ეს კვლევა უკვე ჩატარებული იყო?! მერე მითხრეს, - ასეა, ათ საავადმყოფოში რომ მიხვიდე, ათივეგან ახალ-ახალ ანალიზებს გაგაკეთებინებენ, შემოსავალს ასე შოულობენო. ახლა ჩემი შვილის სიცოცხლე ბეწვზეა. მძიმედ და სუსტად არის, ანტიბიოტიკები ვერ დაეხმარა, ფილტვში და გულში წყალი ისევ ჩაუდგა, სიმსივნეც იზრდება. ერთადერთი გზა მაქვს, რაც შეიძლება მალე უნდა გავიყვანო უცხოეთში, სადაც დიაგნოზსაც დაუსვამენ და ოპერაციასაც გაუკეთებენ.

- ჯანმრთელობის სამინისტრო დიაგნოზის გარეშე უცხოეთში გასამგზავრებელ ფულს არ მოგცემთ.

- ვიცი, მაგრამ ვიდრე აქ დიაგნოზს დასვამენ, ჩემი შვილი შეიძლება ცოცხალი აღარც იყოს. როგორმე უნდა მოვახერხო მისი ქვეყნიდან წაყვანა. ალიბეგლოში ყველაფერი გავყიდე - ძროხებიცა და ღორებიც. ახლა კი მიწას ვყიდი. მიწა მენანება, როცა მამა ავად გამიხდა, მაშინ მინდოდა გამეყიდა და თბილისში მემკურნალა. მან არ დამანება, - მიწას ხელი არ ახლო, ჯობია მე მოვკვდე, ვიდრე ეს გაყიდოო. ასეც მოხდა. მამას ვერ ვუმკურნალე და გარდამეცვალა. მაგრამ ახლა ამას ვერ ვიზამ, შვილი ყველაფერზე მეტია. მისმა დარდმა მათხოვრობაც დამაწყებინა, - ცხოვრებაში ხელი არავისთვის გამიწვდია და ახლა ვიწვდი, - გზის ფული მაინც უნდა ვიშოვო, რომ საფრანგეთში მეგობართან ჩავიდე. მერე ის მომხედავს. მანამდე რწმენა გამაძლებინებს, - საინგილოში, ეკლესიის სტიქაროსანი ვარ და ვიცი, რომ რწმენა თუ გაქვს, წყალზეც გაივლი. ის მე შვილსაც გადამირჩენს.

მითხრა ბატონმა კოტემ და დამემშვიდობა. ახლა გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, რომ ერთხელაც შეიძლება თითოეულ ჩვენგანსაც აღარაფერი დარჩეს გარდა იმ რწმენისა, რომ სიკეთე არსებობს. თუმცა ის ხომ მართლაც არსებობს,- ჩვენ ხომ ამ სიკეთის გაღებით არაერთი ბიჭი და გოგო გადავარჩინეთ. ახლა ქეთევანია გადასარჩენი.

გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს:

რეკვიზიტებს დოლარში: citibank N.A SWIFT: CITIUS33

bank of georgia

swift: BAGAGE22

ევროში: commerzbank, frankfurt germany swift :COBADEFF

bank of georgia

swift:BAGAGE22

ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000868199000

მიმღები: რუსუდან ბარიხაშვილი

კოტე ბარიხაშვილის საკონტაქტო ნომერია: 599444899

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)