"ეს იმის ბრალია ყველა ხის ძირში კონცერტებს რომ აწყობენ" - რატომ ჩაიშალა რუსული ჯგუფის კონცერტი ბათუმში? - კვირის პალიტრა

"ეს იმის ბრალია ყველა ხის ძირში კონცერტებს რომ აწყობენ" - რატომ ჩაიშალა რუსული ჯგუფის კონცერტი ბათუმში?

29 აგვისტოს ბათუმის კორტებზე რუსული როკ-ჯგუფის, „ზვერის“ კონცერტი იყო დაგეგმილი, მსურველებმა ბილეთები tkt.ge-ზე წინასწარ შეიძინეს, თუმცა ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს, ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში ჩასატარებელი კონცერტი გაუქმდა.

„ჯგუფი „ზვერი“ იძულებულია შექმნილი პრობლემების გამო ბათუმში კონცერტი გააუქმოს. კონცერტის ორგანიზატორმა - GTS Group - ვერ შეასრულა შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულება. კონკრეტულად კი, მათ მუსიკოსებს ვერ გადმოურიცხეს ჰონორარი კონკრეტულად მითითებულ ვადაში... ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რადგან უკვე დიდი ხანია გვსურს წარვსდგეთ ქართველი მსმენელის წინაშე და ვფიქრობდით, რომ ეს მალე მოხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა 2017 წლის ტურის ფარგლებში შედგება. ველოდებით ახალ შემოთავაზებებს ახალი პრომოუტერებისგან“.

შოთა პერტაია, GTS Group-ის ხელმძღვანელს,დავუკავშირდით:

- მომღერლების ჩამოყვანას ჩემი ფირმა უზრუნველყოფდა. ხელშეკრულება რომ გავაფორმეთ, თანხა რამდენიმე ნაწილად უნდა გადაგვეხადა. მათ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ჰონორარი არ იყო გადახდილი, მაგრამ ასე არ არის. მათი მთლიანი ჰონორარი იყო 15 000 დოლარი, 12 500 დოლარი მე უკვე გადახდილი მქონდა, ამ 2 500 დოლარზე წინა დღითაც კი შეთანხმებულები ვიყავით, რომ ჩამოვიდოდნენ უნდა დაგვეხვედრებინა. იმდენი ხარჯი გავიღეთ ჯგუფის ჩამოსაყვანად ეს დარჩენილი თანხა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა. ღამის 12 საათზე, სანამ დაიძინებდნენ მქონდა დასტური შეტყობინების სახით - დილით გველოდეთ, რაც შეიძლება კარგი დრო უნდა ვატაროთ საქართველოშიო. დილით 05:30-ზე მირეკავენ აეროპორტიდან და მითხრეს, მანდ რომ ჩამოვალთ რა გარანტია გვაქვს რომ ფულს გადაგვიხდითო, აეროპორტში რეგისტრაციაც კი გავლილი ჰქონდათ, მაგრამ უეცრად გადაიფიქრეს ჩამოსვლა, მე ვუთხარი, რომ მათ საქართელოზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ და ასე აქ არ ხდება.

- პირობის დარღვევისთვის ჩივილს თუ აპირებთ?

- საჩივარს ვამზადებ, როგორც ქართველმა ადვოკატებმა მითხრეს, საქართველოში ჩივილს აზრი არ აქვს, საჭიროა რუსი ადვოკატი დავიქირავო, ყველა საბუთი მოვამზადო და რუსეთის სასამართლოში შევიტანო სარჩელი. ამას აუცილებლად გავაკეთებ.

- გადახდილ ჰონორარს უკან თუ დააბრუნებენ?

- როგორც აღმოჩნდა, თანხა რომელიც გადაგზავნილი მქონდა არც მოუკითხიათ და არ აუღათ, შევიტანე განცხადება ვესტერნ იუნიონზე და მითხრეს, რომ გადარიცხული ჰონორარი უკან 1 თვის ვადაში დამიბრუნდება, მსმენელს კი ბილეთის თანხა აუცილებლად დაუბრუნდება.

დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის ხელმძღვანელი:

"რუსულ როკ ჯგუფს უკვე დიდი ხანია სურს საქართველოში ჩამოსვლა და პრობლემა მათი მხრიდან არ არსებობდა. შექმნილი პრობლემა მხოლოდ იმ კომპანიისგან წარმოიშვა, რომელსაც ჯგუფის ჩამოსვლის პირობები უნდა მოეგვარებინა. მსგავსი ქმედება არის უპასუხისმგებლობა, როცა ადამიანი იღებს შვებულებას ამ კონცერტისთვის, ყიდულობს ბილეთს, მგზავრობაც და ბათუმში ერთი ღამის გატარებაც თანხებთანაა დაკაშირებული, ამიტომ კომპანია ვალდებულია საჯაროდ გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. და საერთოდ, ასეთ კომპანიას სამომავლოდ უნდა აეკრძალოს კონცერტის ჩატარება. ეს იმის ბრალია ყველა ხის ძირში კონცერტებს რომ აწყობენ, ასე არ შეიძლება.

როცა საკონცერტო დარბაზებს იჯარით გასცემენ, ხომ უნდა იცოდნენ ვის უთმობენ საკონცერტო ადგილს. ხომ უნდა ჰქონდეს ამ კომპანიას გამოცდილება, ეს ყველაფერი კიდევ იმის ბრალია, რომ კონცერტებს ბილეთებით შემოსული თანხების იმედზე ატარებენ, არადა, კონცერტის ჩასატარებლად სხვა თანხებიც უნდა გქონდეს. ვფიქრობ, ამ კომპანიამ მსმენელს საჯაროდ უნდა მოუბოდიშოს".

პ.ს. რაც შეეხება ბილეთებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ იმდგაცრუებულ მსმენელს თანხა ეტაპობრივად, ოთხშაბათიდან დაუბრუნდება.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)