"ცხელი" შემოდგომის მრავალფეროვანი ეთერი - რა ელოდება "პალიტრანიუსის" მაყურებელს ახალი სეზონიდან - კვირის პალიტრა

"ცხელი" შემოდგომის მრავალფეროვანი ეთერი - რა ელოდება "პალიტრანიუსის" მაყურებელს ახალი სეზონიდან

დღეიდან, 29 აგვისტოდან, ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" ახალ სატელევიზიო სეზონზე სიახლეებით ბრუნდება ეთერში. წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანია მაყურებელს მრავალფეროვან და საინტერესო ეთერს ჰპირდება.

დაგეგმილ სიახლეებთან ერთად, ახალ სატელევიზიო სეზონზე ეთერს განახლებული სტუდიით, ყველაზე აქტუალური თემებით და საინტერესო სტუმრებით უბრუნდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "360 გრადუსი" გადაცემაში წამყვანი ემა ტუხიაშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავს აქტუალურ თემებსა და მოვლენებს. უცვლელია გადაცემის დრო - "360 გრადუსს" ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 21:00 საათზე ნახავთ.

"ახლა პოლიტიკურად ყველზე ცხელი შემოდგომა იწყება, შესაბამისად ჩვენც ყველაზე ცხელი მოვლენების ეპიცენტრში ვიქნებით და ჩვენი მაყურებელი, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, საღამოს 21:00 საათზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზს, შეფასებასა და დისკუსიას მოისმენს. ჩვენი გადაცემის ეთერი ღიაა ყველა პოლიტიკური ძალისთვის და იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდანაც იქნება მზაობა დასხდნენ ოპონენტების პირისპირ და საკუთარი პოზიცია კამათის, პოლემიკისა და დისკუსიის რეჟიმში წარმოაჩინონ.

ემა ტუხიაშვილი,  "360 გრადუსის" წამყვანი: "მოგეხსენებათ, რომ "პალიტრა მედია" მულტიმედია ჰოლდინგია, ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, ჩვენი კორესპონდენტების მეშვეობით, მაყურებელს ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალური მოვლენების შესახებ და პირველი კომენტარები, შეფასებები მოვისმინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრებისგან. ისევე, როგორც გასული სეზონის განმავლობაში, ამ სატელევიზიო სეზონზეც ბევრ ექსკლუზიურ ინფორმაციას და გამორჩეულად საინტერესო სტუმარს ვპირდებით ჩვენს მაყურებელს. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ "პალიტრანიუსთან" ერთად გატარებული ყოველი საღამო მოგცემთ შესაძლებლობას, ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იყოთ". (იხილეთ ეთერში გასული გადაცემები ამ ლინკზე)

ეთერს უბრუნდება "პალიტრანიუსის" ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა" რომელსაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში ანალოგი არ ჰყავს - გადაცემაში ჟურნალისტების ადგილს მოქალაქეები იკავებენ და ისინი უსვამენ აქტუალურ, მწვავე კითხვებს ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. გადაცემაში მოქალაქეების პირისპირ უკვე წარსდგნენ და მწვავე კითხვებს უპასუხეს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და სხვებმა. ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა" "პალიტრანიუსის" ეთერში ყოველ პარასკევს, 21:00 საათზე გადის.

გიორგი გიორგაშვილი, "ჩემი კითხვის" ავტორი და პროდიუსერი: "ახალ სეზონზე "ჩემი კითხვა" კიდევ უფრო საჭირო და სასარგებლო გახდება მაყურებლისთვის. წინასაარჩევნო პერიოდის პიკზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კონკრეტული კითხვები აქვთ ამომრჩევლებს ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდთან და პოლიტიკოსებსაც მეტი ძალისხმევა სჭირდებათ ელექტორატის დასარწმუნებლად, რომ სწორედ ისინი არიან ძალა, რომელსაც ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს. სხვა ტელე-ფორმატებისგან განსხვავებით, პოლიტიკოსებს არა ჟურნალისტებისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვის მოუწევთ იმ დაპირებების რეალურობის დასაბუთება, რომელსაც ყოველ არჩევნებზე გულუხვად არიგებენ. შესაბამისად, ახალი სეზონი სანახაობრივადაც და შინაარსობრივადაც ბევრად საინტერესო იქნება მაყურებლისთვის". (იხილეთ ეთერში გასული გადაცემები ამ ლინკზე)