მოგზაურობა დროში - კვირის პალიტრა

მოგზაურობა დროში

ფოტოგალერეა

სრულიად მართლები არიან თეორეტიკოსი მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, - შესაძლოა, დრო, როგორც ასეთი, არ არსებობსო! გაუგებარია? ჩემთვისაც, თუმცა, ხანდახან დრო ნამდვილად ქრება. აი, თბილისშიც შუა საუკუნეების კოშკები, გორგასლის კედელი და თანამედროვე "კონკა" ისე მოქცეულა ერთ დროში, თითქოს მათ შორის 15 საუკუნე არ იყოს "ჩაკვეხებული".

ახლაც ძველი თბილისის ფოტოებს ვათვალიერებ და სუნთქვა მეკვრის - იქაც იგივე... ისეა ყველაფერი, როგორც დღეს: მშრომელები და მუქთახორები, ფულიანები და უფულოები, დარდიანები და უდარდელები! ეგ კია - საუკუნის წინანდელ თბილისში ტვირთი ცხენშებმულ ურიკებს, ვირებსა და აქლემებს დაჰქონდათ. სამაგიეროდ, საკუთარ მხრებსა და კისერს კურტნის გადასატანად მაშინაც იყენებდნენ და დღესაც.

- რა კარგი იქნება, რომ ამ ფოტოების პარალელები გაკეთდეს, - ვფიქრობ და თითქოს კადრებს წინასწარ ვხედავ. მერე კი ძველი თბილისის ფოტოგრაფებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოტოაპარატებს ზურგით დაათრევდნენ, ჩემს ციფრულ მინიაპარატს ჩანთაში ვიდებ და იქით მივიჩქარი, სადაც ყველა დროში ყველაზე კარგად ჩანს ცხოვრების ვნებათაღელვა - ბაზარში.

- ჩვენ რა გადასაღები გვნახე, მთელი დღე ბაზარში ვართ ფეხზე ჩამოყუდებულები, რა გვეფოტოვება! - მეუბნება ქუდების გამყიდველი და მხოლოდ ქუდების გადაღებას მთანხმდება, ხელებს ასავსავებს, აპარატი ჩემკენ არ გამოსწიოო! კი ვთანხმდები, მაგრამ რადგან ეს უსიცოცხლო ქუდები კადრს ვერ გამიცოცხლებს, ყველაზე ლამაზ შლაპაში თავს სასწრაფოდ ვუყრი, მექუდეს აპარატს ვაჩეჩებ, - ეს მაინც ჩააჩხაკუნე-მეთქი და სასურათედ შთაგონებულ სახეს ვიღებ... აი, ასე ვიჭერ "ქუდებიან წამს"

აგერ, ჩვენს ელიავაზე, დახლების თითო მწკრივში, უეჭველად იპოვი თითო "კუტოკს", რომელიც ისეა ჩაფლული თამაშში, ბაზარი მთლად რომ გაიტანო, ზედაც არ შემოგხედავენ. ასე იყო ძველ თბილისშიც...

ელიავაზე ზუსტად იმავე მოთმინებით ელიან მუშტრის გამოჩენას, როგორც ძველი თბილისის ბაზრებში - თუ მოვა, ხომ კარგი, თუ არადა, "ღრმად ჩაფიქრებულები" ან სიგარეტის ბოლში გახვეულები გასცქერიან გზა-შარას სამუშაოს მოლოდინში

ბურახისკასრიან გამყიდველს ფოტოს გადაღება ძალიანაც მოსწონს. - მაშ, საუკუნის წინანდელ ხალხს უნდა შემადაროო? ჰო, მაგრამ მათ კასრები მხრებით დაჰქონდათ-მეთქი! ის თავის უშველებელ ბურახის კასრს შესცქერის და ბედნიერია - კიდევ კარგი, რომ ამ "ბოჭკის" ზურგზე წამოკიდებას არავინ მთხოვსო!

მართალია, დღეს მამაპაპურ მატყლის პაჭიჭებსა და ხარის ტყავის ქალამნებს ვერსად შეხვდებით, სამაგიეროდ, თურქეთიდან თუ ჩინეთიდან შემოტანილი ფეხსაცმელები ზუსტად ისევეა ჩამოკონწიალებული დახლებზე, როგორც ეს ძველ თბილისში იყო!

ამბობენ, მალე წიგნები საჭირო არ იქნება, ბავშვები კომპიუტერზე ისწავლიან წერა-კითხვასო! ტყუილი! კომპიუტერი გონებას ვერ ჩაანაცვლებს - წიგნიერი ტვინი "კნოპკაზე" ხელის დაჭერით არ ირთვება,.. წიგნებიც მუდამ იყო, არის და იქნება! ერთი სიტყვით, როგორც საუკუნის წინ სოსო მერკვილაძის მაღაზია ანათლებდა ხალხს, დღეს "ბიბლუსი" ანათლებს... მომავალი საუკუნისთვის!

იხილეთ ფოტოგალერეა