"სამშობლოში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე იმ წამებაში უსამშობლოდ ცხოვრება..." - კვირის პალიტრა

"სამშობლოში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე იმ წამებაში უსამშობლოდ ცხოვრება..."

"ემიგრაციიდან იმ იმედით დავბრუნდი, რომ, მეგონა, ჩემს სამშობლოში  სამართალი აღდგენილი იქნებოდა, ახლა კი ჩემს ნაწვალებს ვკარგავ..."

ქვეყნის ფარგლებს გარეთ რამდენიმეწლიანი რთული ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტმა პოეტმა, ლია ნაროუშვილმა ინტერნეტში ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისთვის შექმნილ პრობლემებზე ლაპარაკობს.

"სამშობლოში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე იმ წამებაში უსამშობლოდ ცხოვრება. ნაწილობრივ დავბრუნდი ემიგრაციიდან, ნაწილობრივ რადგან ჩემი ოჯახი უკვე მიება იმ უცხოურ ყოფა - ცხოვრებას.

ჩემი ორშვილიანი და ორშვილიშვილიანი ოჯახი აგრძელებს ცხოვრებას იქ, ისინი ძალიან ჰგვანან საქართველოს, ხოლო მე ნოეს კიდობანიდან გადმოსულ მგზავრს მიმსგავსებული ვცდილობ სამერმისო მარცვალი ჩემს ფუძეს დავუბრუნო...

გასული წლის მაისის თვეში დავბრუნდი იძულებითი ემიგრაციიდან, არცთუ ისე ხელცარიელი, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კრებული გამოსაცემად მომზადებული და ვფიქრობ იქ ცხოვრების პერიოდში ერთი ქართველის სამყოფი საქმე ვაკეთე იქაური ქართველებისთვის. ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს დაბრუნებაც დროებითი იქნებოდა, დიახ, დროებითი და თუ რატომ მოგახსენებთ.

ჩემი დაბადების ადგილი ზუგდიდია, დაფრთიანების თბილისი, 7 წელი ვიცხოვრე რიგაში (ლატვია), 8 წელი მოსკოვში (რუსეთი). მოსკოვში ნებაყოფლობით არ წავსულვარ, თუმცა რუსეთ-საქართველოს კულტურის სიახლოვემ და ინგლისური ენის არცოდნამ განაპირობა ჩემი იმ ქვეყანაში თავშესაფრის ძებნა. 2007 წლის 7 ნოემბრის მოწამვლისა და ყველასათვის ცნობილი კარვებისა და მიტინგების შემდგომ დავტოვე სამშობლო..." - წერს პოეტი ქალბატონი, რომლის თქმითაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მას საკუთარ მიწაზე ფეხის მოკიდება გაუჭირდა...

ლია ნაროუშვილი:

- შარშან მაისში, როგორც კი დავბრუნდი, ზუგდიდის თეატრში ჩემი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა მომანიჭეს. მოგვიანებით ვთხოვე გამგეობას, რომ გამოეყოთ ჩემთვის მიწის ნაკვეთი, სადაც პოეტების თავშეყრის ადგილს მოვაწყობდი, ეს იქნებოდა კულტურის ცენტრი, ხელოვნების მოღვაწეების, მწერლების, მუსიკოსების შესაკრებად... ისინი დამთანხმდნენ აუქციონით ან პირდაპირ მიყიდვის წესით, ჩემს სოფელში, ოქტომბერში გადმომცემდნენ მიწის ნაკვეთს. გადმომცეს კიდეც... რის შემდეგაც, მისი შემოკავება და განაშენიანება დავიწყე. მისი დამუშავება 10 000 ლარზე მეტი დამიჯდა... ვიღაცეები მომედავნენ. ეტყობა, თვალში მოუვიდათ ეს მიწა. გასაგები იყო, რომ "ვიღაცის" ინტერესი იკვეთებოდა, რამდენიმე ხანში ეს მიწა გამგებელმა, (რომელიც ახლა ზუგდიდი მუნიციპალიტეტის დეპუტატობის კანდიდატია) როგორც გავარკვიე, იმ "ვიღაცის" მოთხოვნით, აუქციონზე გაიტანა.

- კონკრეტულად გვითხარით, ვის ინტერესებში შედიოდა?

- საქმე ის არის, რომ პირად საუბრებში ზუგდიდის ყოფილ გამგებელ ედიშერ თოლორაიასთან და მის მოადგილე გიზო სართანიასთან ერთად შევთანხმდით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ჩემი ჩანაფიქრის განსახორციელებლად გადმოეცათ. თუმცა, შემდეგ, თოლორაიამ ჩემს მიერ მონიშნული მიწის ნაკვეთი, "ნაციონალური მოძრაობის" "იდეოლოგების" თხოვნით, აუქციონზე გაიტანა. არადა, ამ დროისთვის, იქ უკვე ბევრი რამ გაკეთებული მქონდა. 5-6 ადამიანი დავასაქმე და იქაურობა წალკოტად ვაქციე... მე თვითონ ვმუშაობდი მათ გვერდით მიწაზე, ყველას უკვირდა, ამდენი სად შეგიძლიაო... ახლაც, ვიდრე თქვენ გესაუბრებოდით, იქ ვიყავი, ნახევარი საათია, რაც მოვედი. ძალიან მინდა ჩემს ფესვებს არ მოვწყდე. ემიგრაციიდან იმ იმედით დავბრუნდი, რომ, მეგონა, ჩემს სამშობლოში სამართალი აღდგენილი იქნებოდა, ახლა კი ჩემს ნაწვალებს ვკარგავ... მივნებდი ბედს და მივიღე მონაწილეობა აუქციონში, სადაც 1130 ლარად გატანილი მიწის ფასი 15.000 ლარამდე ხელოვნურად გაზარდეს იმ ადამიანებმა, ვისაც უპირატესობა მიანიჭა გამგებელმა... როგორც კი აუქციონი ინიშნება, ის ადამიანი, ვისაც გამგეობა აგულიანებდა, გამოჩნდება და თანხას კოლოსალურად ზრდის, ყველანაირად ცდილობენ, რომ მე ვერ შევწვდე და ვერ ვიყიდო...

- რამდენია მიწის ფართობი?

- 3 ჰა-ზე მეტია... არსებობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16- სექტემბრის ბრძანება (N1-11537), რომელიც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საშუალებას იძლევა, ოღონდ გამონაკლის შემთხვევაში. ვთხოვე, იქნებ, გამიწიოთ ანგარიში, როგორც ემიგრანტ პოეტს, მით უფრო, რომ ჩემს გარშემო უამრავი აუთვისებელი და დაუმუშავებელი მიწაა... სოფელი დაცლილია ახალგაზრდებისგან და დედებისგან, ისინი უცხო ხალხის მოსამსახურეებად არიან გადახვეწილი. მე კი, მცირეოდენ ბიძგს ვეძებ, რომ საქართველოში დავფუძნდე... ან მომყიდონ, ოღონდ შესაბამის ფასში, კრიჭაში რომ მიდგებიან... იმხელა თანხას ვერ გადავიხდი...

ამ თემაზე ზუგდიდი მუნიციპალიტეტის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელს გიზო სართანიას დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, რის საფუძველზე და რა სტატუსით მოხდა ქალბატონი ლია ნაროუშვილისთვის მიწის ნაკვთის გადაცემა ან რა გახდა მისი აუქციონზე გატანის მოტივაცია? -  სართანიამ ასე გვიპასუხა: "ახლა დაკავებული ვარ, ვმუშაობ და საუბარი არ შემიძლია" .

იხილეთ ასევე: ემიგრანტებო, არ დაბრუნდეთ სამშობლოში!

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)