"იქნებ, სასწაული მოხდეს და წამლის ფული როგორმე ვიშოვო" - კვირის პალიტრა

"იქნებ, სასწაული მოხდეს და წამლის ფული როგორმე ვიშოვო"

რამდენიმე თვის წინ ისეთი ლამაზი ბიჭის ტკივილზე დავწერე, მისი გახსენებისას მეც მტკივა. მას შემდეგ სულ მინდოდა, დედამისთან დამერეკა და მომეკითხა, - გიორგი როგორ არის-მეთქი, მაგრამ მეშინოდა, რომ კარგს ვერაფერს გავიგებდი.

ამ პატარა ბიჭს პანეცეფალიტი სჭირს, უსაშინლესი ინფექცია, რომელიც აუცრელობის შემთხვევაში ბავშვის წითელათი დაავადებისას თავის ტვინში იბუდებს, მოზრდილობისას იღვიძებს და ტვინს მთლიანად ჭამს. იმჟამად, როცა პირველად შევხვდი, გიორგი ჯერ კიდევ ფეხზე დადიოდა და იშვიათად ითიშებოდა, თავის დედ-მამს და ძმებს სცნობდა.; მის უბედურ დედას კი შვილის გადარჩენის ერთადერთი შანსი ჰქონდა, - დონორი უნდა მოეძიებინა ბავშვის ტვინში ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედების გადასანერგად, რათა ჯანმრთელ უჯრედებს ავადმყოფი უჯრედები ჩაენაცვლებინათ და ბავშვი გამოჯანმრთელებულიყო. მერე გავიგე, რომ დონორის ძიებაც უეფექტო აღმოჩნდა... ამ ცოტა ხნის წინ, ქალბატონი ირინა დამიკავშირდა, ტიროდა, მიშველეთ, მგონი, გიორგის საშველს მივაგენი, მაგრამ ახლა როცა მის მკურნალობაში ყველაფერი გავყიდე ამ წამლის ფული აღარ მაქვსო. მისი თქმით ამ საშუალებამ გიორგი მოდებაძის თანატოლი უკვე გადაარჩინა სურამში,

ირინა ქობულაძე, გიორგი მოდებაძის დედა:

- ეს დღე კოშმარად დამრჩა, - სკოლიდან მოსულმა ჩემმა შვილმა წიგნი გადაშალა და უცებ პირველკლასელივით დამარცვლით დაიწყო კითხვა, ეს იმ დროს, როცა მხატვრული ლიტერატურის ტომები აქვს წაკითხული. შიშმა ამიტანა, - რა არის, შვილო, როდის იყო ასე კითხულობდი-მეთქი! მხრები აიჩეჩა და გამიღიმა. მეც დავივიწყე ეს ამბავი, რადგან აღარ განმეორებულა. თუმცა ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვეღარც წაკითხულს იმახსოვრებდა. ერთ დღესაც ჩემი შვილი საშინელ სიცივეში ქურთუკისა და ჩანთის გარეშე დაბრუნდა სკოლიდან. ვკითხე, სად დატოვე-მეთქი? დამავიწყდა, იმიტომ რომ ძალიან მეძინებოდაო... მაშინვე იაშვილში წავიყვანე. მითხრეს, ტომოგრამა უნდა გადავუღოთ, თავის ტვინში რაიმე პათოლოგია ხომ არ ფიქსირდებაო, მაგრამ გადაიღეს და მომილოცეს, არანაირი პათოლოგია არა აქვსო...

მაგრამ მერე ჩემი ბიჭის მდგომარეობა გართულდა, ხელიდან ნივთები უვარდებოდა, ვეღარ იჭერდა და ანალიზები უკვე გერმანიაში გავგზავნეთ... ასე გავიგე რა უბედურებაც მჭირდა...

- დღეს რა მდგომარეობაშია ბავშვი?

- ამ დაავადებას ბავშვის გათიშვა ახასიათებს და ჩემი შვილიც გაითიშა. თვალები აქვს დახუჭული და ვეღარავის გვცნობს. ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია; მაგრამ ვიდრე ვიცოცხლებ, ამას არ შევეგუები და გიორგის გადარჩენას ვეცდები. ტვინში ღეროვან უჯრედების გადანერგვაზე უარი რომ მითხრეს, მაშინ ვთქვი, მაინც არ გავჩერდები, შეუძლებელია ჩემი გიორგი ღმერთმა ასე გაწიროს-მეთქი. ასე დავადექი ერთ დღეს გზას სურამისაკენ, სადაც ჩემი შვილის ავადმყოფობით შეპყრობილი თანატოლი ცხოვრობს. გიორგიც საკაცით მყავდა თან, ოჯახმა არაფრით გამომიშვა და ბავშვი სახლში შეიყვანეს. ამ ოჯახში ასეთივე დაავადებით შეპყრობილი ბიჭი, დათო დეკანოიძე ცხოვრობს. მისმა დედამ სიკვდილს ისე გადაარჩინა, რომ ინდოეთში მოძებნა ექიმი, რომელიც თავის ტვინში უჯრედებს სასიკვდილო ბაქტერიებისგან ათავისუფლებს. მისი ბიჭი იმან გადაარჩინა, რომ დედა ინდოელ ექიმს ენდო. ეს ოჯახი ყოველთვე იღებს წამალს ინდოელი პროფესორისგან. შედეგი ის არის, რომ დათომ მუდამ დახუჭული თვალები გაახილა და როცა მანამდე ლოგინზე რამდენიმე თვის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, ახლა დედას მკერდზე ეყრდნობა. მაგრამ ეს წამალი 900 ევრო ღირს. სამწუხაროა, რომ ყველაფერი უკვე გავყიდე და ამჟამად ფულის შეგროვება არ შემიძლია. თუმცა ღვთის იმედი მაქვს, იქნებ, ისეთი სასწაული მოხდეს, რომ წამლის ფული როგორმე ვიშოვო.

მათთვის, ვისაც დახმარების სურვილი გაუჩნდება, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.

ლიბერთი ბანკი. ანგარიში:

GE79LB0711196350689000.

მიმღები ბანკის SWIFT კოდი LBRTGE22

მიმღები: გაგა მოდებაძე (პ/ნ 54001002090) ტ: 557 23 32 33

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)