"ორი ვედრო" დენით განათებული სოფელი, ცეცილია წუწუნავას მანევრი და შალვა ღამბაშიძის ოინები - კვირის პალიტრა

"ორი ვედრო" დენით განათებული სოფელი, ცეცილია წუწუნავას მანევრი და შალვა ღამბაშიძის ოინები

"ჭირვეული მეზობლები ამირან და გრამიტონი, დაობდნენ და ვერ გაიყვეს კვალითი და ზესტაფონი"... - ასე ღიღინ-ღიღინით მივუყვებოდი სოფელ კვალითის გზას და არ ვიცი, იმიტომ თუ ამიტომ, მაგრამ ბედნიერმა შემთხვევამ ზემო იმერეთის ლამაზი სოფლის სწორედ იმ ეზოში მომახვედრა, სადაც დიდი ხნის წინათ ძალიან სასაცილო და თბილი ფილმი - "ჭირვეული მეზობლები" გადაიღეს; სადაც არათუ ადამიანები, იმხანად ინდაურის ჭუკებიც კი ჭუკჭუკებდნენ; სადაც, თურმე, "სხვანაირი საღამოები" ეწყობოდა და მასპინძელიც ისე მასპინძლობდა, თითქოს სიხარულით მართლაც მეცხრე ცაზე იყო.

ამ ოჯახს ოდესღაც რეჟისორი შოთა მანაგაძე, დაუვიწყარი ქართველი მსახიობები: შალვა ღამბაშიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, ჩიტოლია ჩხეიძე, ცეცილია წუწუნავა, ლიანა ასათიანი და კიდევ ბევრი სახელოვანი ადამიანი სტუმრობდა... ჩემმა მასპინძელმა, რომელიც კარგა ხანია, თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ზაფხულობით მშობლიურ კვალითს ვერაფრით ელევა, 81 წლის დარბაისელმა ქალბატონმა მერი ჟორჟოლაძემ მითხრა: ხანდახან სიხარულით ამეტირება ხოლმე, რომ ვუფიქრდები, რამდენი ლხინი ახსოვს ამ კარმიდამოსო.

- იმხანად, 1945-46 წლებში, ომი ახალი დამთავრებული რომ იყო და კინოსტუდიასაც უჭირდა ფილმების დაფინანსება, ზესტაფონის რაიკომის მდივან სერგო საყვარელიძესთან თბილისიდან ჩასულან კინოსტუდიის იმჟამინდელი დირექტორი, თუ არ ვცდები, კირილე მაჭარაძე და რეჟისორი შოთა მანაგაძე და უთხოვიათ: ფილმის გადაღებას ვაპირებთ და იქნებ, შეგვირჩიოთ ორი შეძლებული ოჯახი, რომელთა სახლებიც გვერდიგვერდ არისო. სერგოს დაუბარებია მამაჩემი - ალექსანდრე (მუკა) ჟორჟოლაძე - ზესტაფონის ღვინისა და კონიაკის ქარხნის დირექტორი და გადამღები ჯგუფის მასპინძლობა დაუვალებია. საკმაოდ შეძლებული ოჯახი გვქონდა. სხვათა შორის, ჩვენს სოფელ კვალითში სამანქანო გზა მამამ გაიყვანა, ელექტრობოძებიც დაადგმევინა და სოფელი გაანათა. პირველად ჩვენი ოჯახი განათდა. ერთი მეზობელი გვყავდა, განათლება აკლდა, მაგრამ ლექსების შეთხზვის ნიჭი კი ჰქონდა. მოვიდა ბაბუაჩემთან და ჰკითხა: ეს შუქი როგორ მეიყვანეო? ბაბუამ უთხრა: გევედი სოფლის საბჭოს თავმჯდომარესთან, წევიღე ორი ვედრო, ჩამიდო შიგ დენი და ასე მევიტანე შინო. დაიჯერა ამ კაცმა, ვიქტორმა და მიაკითხა თავმჯდომარეს თხოვნით: ალექსანდრეს რომ დენი გაატანე და გაანათე, მეც გამატანეო. მომკვდარა სიცილით თავმჯდომარე: დეიღუპოს ეგ კვიმატი, როგორ გაგაცურა კაციო!

- კვალითისა და ზესტაფონის გაყოფაზე სიმღერა ფილმამდე დაიწერა?

- არა, სპეციალურად ფილმისთვის. მგონი, ტექსტი თავად შოთა მანაგაძისაა. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, თბილი და მოსიყვარულე. სულ ეფერებოდა მსახიობებს, მაგრამ მომთხოვნიც იყო... მერედა, რა მსახიობები მონაწილეობდნენ! - შალვა ღამბაშიძე, ჩიტოლია ჩხეიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, ცეცილია წუწუნავა... ლიანა ასათიანისთვის, მგონი, პირველი როლი იყო. მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. მახსოვს, ლიანა რომ ჩამოვიდა, მამამ გადასარევი სუფრა გააწყო. იცით, სიმღერა ჩიტოლია ჩხეიძემ მასწავლა. ისე მიყვარდა, გიტარას რომ აიღებდა ხელში, გვერდით მომისვამდა და დაამღერებდა. 7-8 წლის ვიყავი, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს. შემოდგომა იდგა, ნაწვიმარი იყო, მსახიობები სატვირთო მანქანით პირველად რომ ამოიყვანეს სოფელში. მთელი სოფელი ველოდებოდით. ბაბუაჩემის ძმა, ვალოდია კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გადასარევი თამადა და არაჩვეულებრივი კაცი იყო. მამაკაცები მანქანას მიეგებნენ და მსახიობებს მანქანიდან ჩამოსვლაში ეხმარებოდნენ. ვალოდია ბაბუამ ჩიტოლია ხელში აიტაცა და ციმციმ დასვა მიწაზე. ჩიტოლია ომახიანად მიესალმა: თავმჯდომარევ! მოგესალმება შენი შემცვლელი თავმჯდომარე ჩიტოლია ჩხეიძეო (ჩიტოლიას ფილმში თავმჯდომარის როლი უნდა შეესრულებია) და მოეხვია. ვალოდია შეიშმუშნა, იუხერხულა მსახიობი ქალის სითამამე და დაიძახა: კაცო, როგორ მეხვევა, ჩემმა ცოლმა არ დეინახოსო! შორიახლოს მდგომმა ქალებმა სტუმრებს დოქით ღვინო და დიდ, მოწნულ კალათაზე დაწყობილი ხილი და ხაჭაპური მიართვეს. მამამ შინ დაახვედრა სუფრა - ხაჭაპურებით, მწვადებით, შემწვარი ქათმებით, ბროწეულში ჩაწყობილი ჭუკებით, თონეში გამომცხვარი პურებით...

- მენიუც კი გახსოვთ?

- აბა რა? ეგ კი არა, ისიც მახსოვს, სანდრო ჟორჟოლიანმა შემოსვლისთანავე ბებიას თონეში რომ მიაკითხა, ახალგამომცხვარი პური იქვე გატეხა და ყველთან ერთად გემრიელად მიირთვა... გადამღები ჯგუფის ნაწილი სასტუმროში მოაწყვეს, ნაწილი - სოფელში, ბაბუაჩემის ძმების ოჯახებში. ჩვენს სახლში მოხვდნენ ჩიტოლია და შალვა ღამბაშიძე. სანდრო ჟორჟოლიანმა რატომღაც სასტუმრო ირჩია, თუმცა როცა მოეპრიანებოდა, ჩვენთანაც რჩებოდა ხოლმე. გადაღებამ თითქმის ორ წელიწადს გასტანა. ჩემი ძმა - თამაზი მაშინ დაიბადა და სახელიც სტუმრებმა შეურჩიეს. ცუდ ამინდში ვერ იღებდნენ, განათება არ ჰყოფნიდათ. დიდი სარკეები ჰქონდათ, მზიანი დღე უნდა ყოფილიყო და სხივები სარკეში არეკლილიყო, მხოლოდ ასე იღებდნენ. სიუჟეტი ხომ გახსოვთ? - ომის დროს ორი ძლიერი ოჯახი - ამირანისა და გრამიტონის, მუდმივად ერთმანეთს ეჯიბრებოდა: ვისმა ქათამმა მეტი კვერცხი დადო, ვინ მეტი ყურძენი მოკრიფა და ა.შ. "ჩვენი" იყო გრამიტონის ანუ შალვა ღამბაშიძის ოჯახი, ამირანის ანუ სანდრო ჟორჟოლიანის ოჯახი კი დედაჩემის ბიძის სახლში ცხოვრობდა... ისე, ომის დროს ბაბუაჩემმა ალექსანდრე მახათაძემ მართლა უყიდა სახელმწიფოს თვითმფრინავი და ფრონტზე გაგზავნა. სიგელითაც დააჯილდოვეს ამისთვის. ფილმში ეს ამბავი არ უხსენებიათ, მაგრამ ფრაზას კი ამბობენ: "დეპეშაა მოსული დევდარიანისა და მუკა ჟორჟოლაძის სახელზე!"... ერთი ამბავი გამახსენდა: ამირანისა და გრამიტონის ეზოების გასაყოფად სახელდახელოდ დაბალი ღობე გააკეთეს, ერთ ადგილას კი ორი ფიცარი ისე მიაკრეს, ამირანის დაღუპვის მაცნე დეპეშის მიღებით გამწარებულ პეპელას (ცეცილია წუწუნავას), მის ცოლს, იოლად რომ გაენგრია და გამომძვრალიყო. ეზოში გვყავდა უჭკვიანესი გერმანული ნაგაზი მიშინკა, რომელიც მსახიობებს კი ცნობდა, მაგრამ ღობის "გამონგრევის" შემდეგ ჩვენი სახლისკენ გამოქცეული ცეცილია რომ დაინახა, არ მოეწონა, ფეხში ეცა და უკბინა. შოთამ სასწრაფოდ შეაწყვეტინა გადაღება, მსახიობისთვის რომ ეწამლათ და მერეღა ინანეს, ნეტავ ეს ეპიზოდი გადაგვეღო, ფილმში ხომ გამოვიყენებდითო... ბებიაჩემი რომ ყველის ამოყვანას იწყებდა, უნდა გენახათ, რა ხდებოდა სამზარეულოში! ჯერ ცეცილია მიაკითხავდა: ქალბატონო მარიამ, ჭყინტი ყველი მიყვარსო, - და მოაწყვეტდა ბებია დიდ წველას ნაწილს, ჩაუდებდა ხელში და გაისტუმრებდა; მერე მივიდოდა სანდრო, - რავა, მე არ მიყვარსო? - იმასაც ჩაუდებდა... მოკლედ, ბებიას აღარაფერი რჩებოდა ამოსაყვანი... გადაღების პერიოდში ბავშვებს წითელა ბატონები გვესტუმრა. ოჯახში საკლავის დაკვლა აღარ შეიძლებოდა და რა ექნა მამაჩემს - ამდენ ხალხს დაპურება ხომ უნდოდა?! კაცს აგზავნიდა სოფელ არგვეთაში, სადაც კარგი ბატკნები ჰყავდათ, იქვე აკვლევინებდა, მოატანინებდა და ვწვავდით ჩვენს თონეში. ლამის ყოველ მესამე დღეს დიდი სუფრა იშლებოდა ოჯახში და იყო კარგი დროსტარება... გახსოვთ, სარკეები რომ ვახსენე? ერთ-ერთი გადაღებისას, ძროხამ სარკეში საკუთარი თავი რომ დაინახა, გამოვარდა, თავით შეასკდა და მგონი, იმ სარკის ნატეხებს დღესაც ინახავენ კვალითელები. ძროხა კი გადარჩა, მაგრამ გადამღებმა ჯგუფმა ძალიან იზარალა.

- ბავშვები გადაგიღეს ფილმში?

- ბევრ ეპიზოდში მოვხვდით, მაგრამ მერე დიდი ნაწილი ამოჭრეს. ჰო, კიდევ რა გამახსენდა: სანდრო ჟორჟოლიანს დილაობით რძის დალევა უყვარდა. სოფელში ქალი დაუქირავეს და ყოველ დილით სასტუმროში მისთვის ახალი რძე მიჰქონდა. ეს რომ შალვა ღამბაშიძემ გაიგო, მამაჩემს სთხოვა: მუკა, ადრიანად ჩამიყვანე სასტუმროში, მაგას "შტუკა" უნდა მოვუწყოო. კი სთხოვა მამამ, ნუ გადარევ კაცსო, მაგრამ... ერთი კვირის განმავლობაში შავი პურის ნამცეცს უგდებდა რძეში, ახალი რძე დუღდებოდა და სანდროს ყოველ დილით გაფუჭებული რძე ხვდებოდა. გადაირია კაცი, დაიბარა ის ქალი. საწყალმა ქალბა უთხრა: თქვენ სოფელი გაანათლეთ, კინოს გადაღებას გვაყურებინებთ და გაფუჭებულ რძეს როგორ მოგიტანდით. მაგას, ეტყობა, ვიღაც გიწყობთო. საბოლოოდ კი მიხვდა სანდრო, ვისი ოინებიც იყო. ისე, არც თვითონ აკლებდა ოინებს. ჰოდა, იყო სულ სიცილ-ხარხარი. წლების შემდეგ შოთა მანაგაძემ გადაიღო "საბუდარელი ჭაბუკი". რომ ჩამოსულა ზესტაფონში, ვიღაცებისთვის ჩემი მოძებნა უთხოვია, - ფილმში მინდა, გადავიღო, უკვე დიდი გოგო იქნებაო. სკოლაში მიპოვეს და წამიყვანეს. შოთამ მაშინვე მიცნო. წამიყვანა გადაღებაზე სოფელ ფუთში. თავზე თეთრი ფატა დამაფარეს, გოგონები ღობეზე ჩამოგვსვეს და გადაგვიღეს. ფილმი ჩვენი კადრით იწყება: იმედა კახიანი და სხვა ბიჭები მღერიან, - "გოგოვ, გოგოვ, მე შენს მეტი..." აქეთ ჩვენს ვსხედვართ და მათ ვეპრანჭებით. სულ ეს იყო ჩემი როლი, თუმცა - დაუვიწყარი.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)