წმინდანთა ცხოვრების ამსახველი წიგნების უნიკალური სერია - კვირის პალიტრა

წმინდანთა ცხოვრების ამსახველი წიგნების უნიკალური სერია

ეს არის საქართველოში პირველი სრულყოფილი გამოცემა, რომელიც ყველა წმინდანის საერო და სასულიერო მოღვაწეობას დაწვრილებით გაგაცნობთ

წიგნების სერია "თვენი" სექტემბრიდან ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად გაიყიდება სპეციალურ ფასად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მკითხველისათვის

"საღმრთო ისტორია ბავშვებისათვის", "საქართველოს იმედი" - ეს იმ საინტერესო პროექტების ნაწილია, რომელთაც ჟურნალი "კარიბჭე" "პალიტრა L"-ის სარედაქციო ჯგუფთან ერთად ერთგულ მკითხველებს წლების განმავლობაში სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ "კარიბჭის" მკითხველებისთვის წიგნების სერია სპეციალურ ფასად იყო ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, ჟურნალის ყველა პროექტს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ "კარიბჭე" სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის ემზადება. ერთ-ერთი სიახლეა წიგნების სერია "თვენი", სადაც მკითხველი კალენდარული თანამიმდევრობით გაეცნობა ეკლესიის წმინდანების ცხოვრებას, ამასთან, ტექსტში ჩართული იქნება წმინდანთა ტროპარ-კონდაკები. ეს არის საქართველოში პირველი სრულყოფილი გამოცემა, რომელიც ყველა წმინდანის საერო და სასულიერო მოღვაწეობას დაწვრილებით გაგაცნობთ.

წიგნების სერია "თვენი" სექტემბრიდან "კარიბჭესთან" ერთად გაიყიდება სპეციალურ ფასად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მკითხველისათვის.

"კვირის პალიტრას" პროექტის ავტორი და ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი ესაუბრება:

- მიხარია, რომ "კარიბჭის" პროექტებმა საზოგადოება დააინტერესა. ჟურნალის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის, "საქართველოს იმედის", მეორე ნაწილის გამოცემა სრულდება, თუმცა მკითხველს სასიამოვნო სიახლესაც ვთავაზობთ. "კარიბჭის" ახალი პროექტი ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ასევე საინტერესო იქნება. ეს გახლავთ წიგნების სერია სახელწოდებით "თვენი". წიგნების ამ სერიის საშუალებით მკითხველს შესაძლებლობა ექნება, კალენდარული თანამიმდევრობით გაეცნოს ყველა წმინდანის ცხოვრებას. ამასთან, ტექსტში ჩართულია წმინდანთა ტროპარ-კონდაკები.

- "პალიტრა L"-ის წარმატების ფორმულა პროექტებში პროფესიონალთა ჯგუფის მონაწილეობაა. რა ჯგუფი მუშაობს თქვენს ახალ პროექტზე?

- წიგნი "თვენის" ძველი გამოცემის, დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებისა" და ათონზე გამოცემული სვინაქსარის გაერთიანებული ვერსიაა.

ბუნებრივია, თითოეულ წვრილმანს ჩვენი სარედაქციო ჯგუფი ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. პროექტზე ამ მიმართულების სპეციალისტები, კონსულტანტები მუშაობენ.

ვფიქრობ, მორწმუნეთათვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეკლესიის ისტორია აინტერესებს, სურს, მეტი შეიტყოს ამა თუ იმ დღეს მოხსენიებულ წმინდანზე, კალენდარული თანამიმდევრობით დალაგებული ცხოვრებანი და ლოცვანი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

როცა ვეცნობით წმინდანის ღვაწლს, მოსაგრეობას, მოწამეობას, მისი ცხოვრება ჩვენთვის ახლობელი ხდება. ასეთი ადამიანების სიახლოვე აუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას. თუ ყოველდღიურად მოხსენიებულ წმინდანთა ღვაწლი ჩვენთვის სამაგალითო და მისაბაძი გახდება, ეს შეგვეწევა სულიერ სრულყოფაში. იმედი გვაქვს, ეს სერია ყველა მორწმუნის ბიბლიოთეკას დაამშვენებს.

წიგნების სერია "თვენის" ერთ-ერთი კონსულტანტი, პროფესორი, ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ლევან მათეშვილია, რომელიც აღნიშნავს, რომ ჟურნალ "კარიბჭის" ახალი პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა მორწმუნეთათვის, არა მხოლოდ გაეცნონ წმინდანთა ცხოვრებას, არამედ გაიაზრონ, ვისი მემკვიდრეები არიან და უფლის სამეუფო გზას შეუდგნენ:

- მართლმადიდებლობა სამყაროს თითქმის 2000 წელი განანათლებს ქრისტეს მაცხოვნებელი მოძღვრებით. ამ ხნის განმავლობაში ეკლესიას დიდი საუნჯე და გამოცდილება დაუგროვდა, რომელიც ისევ და ისევ ადამიანთა გადასარჩენად არის მოწოდებული. ზეციური, მოზეიმე ეკლესია უამრავი განღმრთობილი ადამიანის პირით ადიდებს ღმერთს და ჩვენი მეოხია.

ჟურნალ "კარიბჭის" უნიკალური პროექტი "თვენი" ორიენტირებულია, გააცნოს მკითხველს მრავალი საეკლესიო წყაროთი გაჯერებული ქრისტესთვის თავდადებული ადამიანების ვრცელი ბიოგრაფიები.

თანამედროვე ქრისტიანებმა უნდა იცოდნენ, ვისი მემკვიდრეები არიან; არათუ მემკვიდრეები, არამედ თანამლოცველები და ერთიანი ქრისტეს ეკლესიის წევრები, რომლებთან ურთიერთობა ისევე შესაძლებელია, როგორც მიწაზე მყოფ ნებისმიერ ეკლესიის წევრთან. ამ დიდი ადამიანების უკეთ გაცნობა საწინდარია მათთან მეგობრობის, განღმრთობის და უფლის ერთად დიდების! უნიკალური პროექტი "თვენი" სწორედ ამ განუმეორებელ სამყაროში მყოფი ადამიანების, წმინდანების ცხოვრებას გაგაცნობთ, მათ საოცარ თავგადასავალს ცხოვრების იმ გზაზე, რომელსაც გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე ჰქვია! ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ მკითხველი აღიძვრება საღმრთო შურით და შეუდგება უფლის სამეუფო გზას!

რუსუდან შელია