"ანი თავს არ მოიკლავდა"! - რა გახდა 25 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი?! - კვირის პალიტრა

"ანი თავს არ მოიკლავდა"! - რა გახდა 25 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი?!

"მას ვინც იცნობდა, დამეთანხმება, რომ გამორჩეულად უყვარდა სიცოცხლე და რაც მთავარია, ძალიან ეკლესიური ადამიანი იყო..."

ანი ბუბაშვილს დიდ საოპერო მომავალს უწინასწარმეტყველბდნენ, სპეციალსიტების თქმით, მას სულ მალე შეიძლება თავისი ადგილი დაემკვიდრებინა მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო სცენებზე, თუმცა ყველაფერი ორი დღის წინ, ტრაგედიით დასრულდა. ინფორმაციამ, რომ მოსკოვში მცხოვრები, 25 წლის ქართველი სოპრანო მე-12 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა, შეძრა მისი ახლობელ-მეგობრებიც და ქართული მუსიკალური სამყაროც. ტრაგედიის თაობაზე ინფორმაცია პირველად მომღერალმა თამარ ივერმა "ფეისბუკით" გაავრცელა.

"მოსკოვში, მე 12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო... ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა. დღეს რომ ჩავიდა, კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა - პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღ-სალამათი ძმა... ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა არ ვიცი. შოკში ვართ ყველა", - დაწერა თამარ ივერმა სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით გაურკვეველია რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რუსმა სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს, თუმცა ახლობლებს არ სჯერათ, რომ ანი თავს მოიკლავდა. გოგონა მოსკოვში, მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.

გოჩა აბულაძე, საოპერო მომღერალი:

- მიჭირს მომხდარის დაჯერება, ანი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, სიცოცხლით სავსე, უსაყვარლესი გოგო. ძალიან ნიჭიერი და ამავდროულად, მიზანსწრაფული. ბავშვობიდან ვიცნობდი, სულ სახე უღიმოდა... ძმა გარდაცვალების შემდეგ დადარდიანდა, მაგრამ ცდილობდა ტკივილი არავისთვის მოეხვია თავზე...

- ძმა რა ვითარებაში დაეღუპა?

- 5 წლის წინ, ექსკურსიაზე იყვნენ წასული და უცებ გული გაუსკდა. დათო 14 წლის იყო. არავინ იცის, რა მოუვიდა...

ანი ბოლოს 2 წლის წინ ვნახე, ისევ ისეთივე პოზიტიური და ხითხითა იყო. მითხრა, მოსკოვში მივდივარ სასწავლებლადო. მახსოვს, ბევრი ვიცინეთ, ჩვენს საერთო მეგობარ ელენე ჭავჭანიძესთან ერთად, ელენე მისი ყველაზე ახლო მეგობარი იყო... ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში ხშირად ვწერდით ერთმანეთს... არ ვიცი, რა ვთქვა, საშინლად მტკივა გული. გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანი დავკარგეთ, რომელსაც უდავოდ, დიდი და ნათელი მომავალი ჰქონდა.

- სად სწავლობდა?

- მუსიკალურ აკადემიაში და ძალიან წარმატებული იყო.

- მომხდარის ორი ვერსია ვრცელდება, მაინც რა შეიძლება მომხდარიყო - უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა?

- თვითმკვლელობას კატეგორიულად გამოვრიცხავ, - ანის ვინც იცნობდა, დამეთანხმება, რომ მას გამორჩეულად უყვარდა სიცოცხლე და რაც მთავარია, ძალიან ეკლესიური ადამიანი იყო... ანი თავს არ მოიკლავდა! დედა მასთან ცხოვრობდა, მაგრამ ამ ტრაგედიისას, თბილისში ყოფილა წამოსული. მოსკოვში, შვილთან რომ დაბრუნებულა, ახალი მომხდარი ყოფილა ეს უბედურება, - კორპუსის ეზოში, ხალხმრავლობა, პოლიცია და ამკრძალავი ლენტები შეუნიშნავს. რა თქმა უნდა, ვერ მიხვდებოდა, რომ ეს საშინელება მის თავს მოხდა, ვიდრე ბინის კარს არ მიადგა... წარმოდგენაც არ მინდა, რა დღეში ჩავარდებოდა. იმედია, სამართალდამცავები სიმართლეს გაარკვევენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)