"მისი მთავარი რეგალია "კაცობა" იყო" - გურამ თიკანაძის სიყვარულით სავსე ცხოვრება და 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"მისი მთავარი რეგალია "კაცობა" იყო" - გურამ თიკანაძის სიყვარულით სავსე ცხოვრება და 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე

"ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობის უნივერსალური უნარი ჰქონდა, 5 წლის ბავშვთანაც მეგობრობდა და 80 წლის მოხუცთანაც. რომ დაღუპულა და უშგულში ჩამოუსვენებიათ, ერთი ძალიან პატარა ბიჭი მჯდარა იქვე და გულამოსკვნით ტიროდა. რა გატირებსო, უკითხავთ და, - ჩემი ძმაკაცი დაიღუპაო, - უპასუხია..."

(ფოტოგალერეა)

"...ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!...

ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში"! (მ. ლებანიძე) - 1963 წლის 27 აგვისტოს დაღუპულა 30 წლისა, მთასა და ბარში ყველას საიმედო მეგობარი, მთელი საქართველოსთვის - უთბილესი და მოსიყვარულე, ხუჭუჭი თმითა და ულამაზესი მწვანე თვალებით. თაობებმა წლების განმავლობაში მასზე მოთხრობილი ამბებით, ლექსებითა და წერილებით ავკინძეთ და წარმოსახვით შევქმენით ერთი გამორჩეული ვაჟკაცი ქართველის - "კოხტა" გურამ თიკანაძის პორტრეტი. ის ნამდვილად თავისი თაობის კერპი იყო - მოგზაური და მთამსვლელი, მოთხილამურე და მოკრივე, უმახვილესი თვალის მქონე ფოტოგრაფი და ჟურნალისტი...

გაცილებით სრულყოფილი კი ეს პორტრეტი მისი ქალიშვილისთვის იქცა... როდის და როგორ "შეხვდა" პირველად თითქმის უცნობ მამას - პირისპირ გურამ თიკანაძის ქალიშვილი ია თიკანაძე გვესაუბრება:

- ერთი წლის ვიყავი, მამა რომ დაიღუპა. ვერ გეტყვით, სხვების მონათხრობით წარმოვიდგინე თუ მართლა მახსოვს კადრი, მის პანაშვიდზე როგორ დავდე ყვავილი სასახლესთან. მაგრამ, რაც თავი მახსოვს, ყველგან და ყველასთვის გურამ თიკანაძის ქალიშვილი ვარ. ბავშვობიდან მიუთითებდნენ, გურამის შვილიაო და მკოცნიდნენ, მეხვეოდნენ. ვგრძნობდი, მამასადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. მამა კარგი ფოტოხელოვანი იყო, საინტერესო ხედვით და თანამედროვე არა მარტო იმ წლებისთვის, დღევანდელობისთვისაც კი. მისი ნამუშევრები საზღვარგარეთაც იფინებოდა, ხშირად იმარჯვებდა კიდეც. კოლეგები უეჭველად შეაფასებდნენ მის შემოქმედებას, მაგრამ, ალბათ, იმხანად ამას ვერ აღიქვამდნენ მისი მეგობრები, ვერც ის ადამიანები, საქართველოს სოფლებში გზადაგზა რომ ხვდებოდნენ და მათ და მათი შვილების ფოტოებს ფირზე რომ აღბეჭდავდა. რომ გავიზარდე, მამის "ნაკვალევის" ძებნაში, უპირველესად, მის გასაოცარ ბუნებას გადავაწყდი: მას ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობის უნივერსალური უნარი ჰქონდა, 5 წლის ბავშვთანაც მეგობრობდა და 80 წლის მოხუცთანაც. რომ დაღუპულა და უშგულში ჩამოუსვენებიათ, ერთი ძალიან პატარა ბიჭი მჯდარა იქვე და გულამოსკვნით ტიროდა. რა გატირებსო, უკითხავთ და, - ჩემი ძმაკაცი დაიღუპაო, - უპასუხია... მამას განსაკუთრებული რეგალიები არ ჰქონია და მხოლოდ გვიან მივხვდი: მისი მთავარი რეგალია "კაცობა" და დიდი სიყვარულის ნიჭი იყო. თვითონაც ამიტომ შეიყვარეს ძალიან, თორემ სვანეთიც ბევრს გადაუღია უკეთესად და მთაც ბევრს დაულაშქრავს მეტი წარმატებით. და კიდევ, მისი ცხოვრების შესწავლით იმასაც მივხვდი, რომ მამა თავისი ქვეყნისა და ხალხის მოყვარე ახალგაზრდა კაცის სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

პატარა ია მამასთან ერთად

- როდის გეტკინათ ძალიან, ასეთ მამას რომ არ იცნობდით?

- მთელი ცხოვრების განმავლობაში მტკივა. ახლა კი - უფრო მეტად. რასაკვირველია, ის რომ გვერდით მყოლოდა, მეც სხვანაირად ვიცხოვრებდი და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესიც ვიქნებოდი. ვიცი, რომ ძალიან უყვარდა ბავშვები, საოცრად ყურადღებიანი იყო ოჯახის წევრებისადმი, ნათესავებისადმი, ყველასადმი. დედას, ირინა მათიაშვილს და მამას, ფაქტობრივად, ცოტა ხანს მოუწიათ ერთად ცხოვრებამ, მაგრამ ვიდრე იყვნენ, დედა ყველგან დაჰყავდა, თურმე. ასევე, ყველგან - ღონისძიებებზე, მეგობრებთან, წვეულებებზე დაჰყავდა და - რუსუდანი და დედაც კი. ხომ ძალიან პატარა ვიყავი, მეც არ მიცილებდა გვერდიდან. მისი მეგობარი მიამბობდა: მახსოვს, მის თეთრ "ვოლგაში" ვისხედით კარგა ხანს, ვსაუბრობდით და უცებ რაღაც შეირხა. უკანა "სიდენიას" გავხედე და შენ იყავი მიწოლილი, მძინარეო. სულ მთლად ჩვილი, 2-3 თვისა შიშველი გავუყვანივარ თოვლში. მერე ქალებს აუტეხავთ ერთი ამბავი. ასე მაკაჟებდა ხოლმე. ერთხანს მოხევეებთან გაძიძებასაც გიპირებდაო, - მითხრეს. ეგ კი არა, თეთნულდას დარქმევას უნდოდა ჩემთვის და ჩანს, გადამარჩინეს (იცინის). მაინც თვითონ დამარქვა სახელი. ია დედას ეწერა, თურმე, პასპორტში... საოცარი ადამიანი იყო, საოცარი და სიყვარულში - უსაზღვრო. ვერაფრით ვხვდები, როგორ ასწრებდა ყველაფერს (ჩაფიქრდა). თითქოს, მართლაც ასწრებდა...

- ისე, თმითა და თვალებით კი ჰგავხართ მამას.

- კი (იცინის)... თვალების სილამაზე და კარგი შესახედაობა განსაკუთრებით გარუჯულს ეტყობოდა, თურმე. ერთხელ, მთიდან დაბრუნებულისთვის დედას კარი რომ გაუღია, ელდა სცემია, ისეთი შესახედავი ყოფილა (იცინის). ერთმანეთი ძალიან რომანტიკულ ადგილას - ბაკურიანში გაუცნიათ და შეჰყვარებიათ კიდეც. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე ნადვილი მამაკაცი ყოფილა, საქმიანი და შრომისმოყვარე. სხვათა შორის, მამის დღიურებს, წერილებს ძალიან გვიან, რამდენიმე წლის წინ გავეცანი. მანამდე ვერ ვეკარებოდი, რადგან ძალიან მძიმედ აღვიქვავდი ყველაფერს, რაც მის პირადულს ეხებოდა.

- გურამ თიკანაძე სვანეთში დაიღუპა, შხარადან დაშვებისას. ნუთუ არასდროს "გაბრაზებულხართ" შხარაზე, რომელმაც მამა წაგართვათ?

- პირიქით - თითქოს მშობლიურად აღვიქვავ, არადა, ერთ-ერთი მრისხანე მთაა კავკასიონის მთიანეთში. ასევე, მშობლიურია ჩემთვის ივდითი ნიჟარაძის სახლი უშგულში, სადაც მამა ცხოვრობდა ხოლმე და უკანასკნელი გასვლის წინაც იქ ეძინა. დღემდეა იქ მამას კუთხე ფოტოებითა და მისი საწოლით. სხვათა შორის, მხოლოდ ორი წლის წინ მაჩვენეს ნიჟარაძეების ეზოში ის ადგილი, სადაც მამა იყო დასვენებული და... ამან ძალიან იმოქმედა. ასევე, ძალიან იმოქმედა იმ ადგილის ნახვამ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ყოფილ გაზეთ "ზარია ვისტოკას" რედაქციაში, სადაც გურამის პანაშვიდები გაიმართა. ეს ადგილები მთრგუნავს, შხარა კი, პირიქით - რატომღაც მიზიდავს კიდეც.

ია თიკანაძე შვილთან, უმცროს გურამთან ერთად - თვითონ არასდროს მონაწილეობთ ალპინისტურ ექსპედიციებში?

- არა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეთმცოდნეობის წრის წევრი ვიყავი და მხოლოდ მოსწავლეობისას და სტუდენტობისაც დავდიოდი მთაში, ისიც - ლაშქრობებში. არა მგონია, ალპინისტობის მონაცემი მქონოდა. თანაც, არც სურვილი მქონდა. ვერ გეტყვით, ვაჟი რომ ვყოფილიყავი, რას ვიზამდი, მაგრამ ძალიან მეშინოდა, ჩემი შვილი - გურამი არ დაინტერესებულიყო ალპინიზმით. თხილამურით სრიალმა გაიტაცა და, ალბათ, ამით დაიოკა მთისადმი ინტერესი. სხვათა შორის, ბავშვობაში ისიც ხუჭუჭი იყო და ძალიან მიხარია, რომ უფროსი გურამივით თბილი და მოსიყვარულეა. ეგაა, თვალებით არ ჰგავს, თორემ იერით ბევრი ამსგავსებს. და ისიც ხელოვანია, ოღონდ - მხატვარი.

- წარმოგიდგენიათ გურამ თიკანაძე დღეს, ჩვენს რეალობაში?

- (ფიქრობს) აუცილებლად ახალგაზრდული შემართებით და საინტერესოდ იცხოვრებდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი დონის მსოფლიოში ცნობილი ფოტოხელოვანი იქნებოდა... ვფიქრობ ხოლმე: მამა, გურამ რჩეულიშვილი და კიდევ ბევრი მათნაირი ქართველი რომ არ გამოგვკლებოდა ნაადრევად, შეიძლება დღეს უკეთესი საქართველოც გვქონოდა... ძალიან ხშირად ავდივარ სვანეთში, სულ ცოტა - წელიწადში ერთხელ მაინც, თუ მეტჯერ არა. პირველად კი მეექვსე-მეშვიდე კლასში სწავლისას მოვხვდი. მახსოვს, ვიღაც პატარა ბიჭი მომვარდა, თითი დამადო და გაიქცა. მერე შინ უთქვამს, გურამ თიკანაძის შვილს შევეხეო (იცინის).

გურამ თიკანაძის მუზეუმი ლატალში

სვანეთში ძალიან ბევრი ახლობელი მყავს და სამსახურეობრივადაც ვცდილობ, იმ კუთხეს რაღაც გავუკეთო. ძალიან მაფიქრებს და მაწუხებს იქაურების ბედი. იმ ხალხსაც ძალიან ვუყვარვარ, მამას კი დღემდე ვერ ივიწყებენ. 1981 წელს სოფელ ლატალის მოსახლეობამ საკუთარი ფულით, საშენი მასალითა და ხელით გურამ თიკანაძის სახელზე უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ააშენა და მას შემდეგ, ისევ და ისევ საკუთარი ძალებით, ყოველ 12 სექტემბერს - მამას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ გურამობას და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ვინ აღარ სტუმრობდა ლატალს.

პ.ს. წელს, 12 სექტემებრს გურამ თიკანაძეს 84 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა ის დარჩა მარად ჭაბუკად...

იხილეთ ფოტოგალერეა: გურამ თიკანაძის ცხოვრება და ფოტოგრაფია

ირმა ხარშილაძე

გაზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან