"ISIS -ის "სტაფში" საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან" - რატომ დაინტერესდა სუს -ი "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიით? - კვირის პალიტრა

"ISIS -ის "სტაფში" საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან" - რატომ დაინტერესდა სუს -ი "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიით?

გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტი, ნინო ბურჭულაძე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტის თქმით, მისი დაბარების მიზეზი ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომელიც ხალიფატის მორიგ სავარაუდო მუქარას ეხებოდა. kvirispalitra.ge დეტალებზე ნინო ბურჭულაძეს ესაუბრა:

-  21 სექტემბერს, 11 საათზე მთხოვეს მივსულიყავი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში. საქმე ეხება ჩემს სტატიას, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 19 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა და რომელიც ISIS-ის შესაძლო ახალ მუქარას ეხებოდა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ საიდუმლო ჯგუფში მუვაჰიდ მუვაჰიდის სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც განცხადების ავტორი თავის მუსლიმ ძებს და არა მარტო მათ, მოუწოდებდა მათთვის მიეწოდებინათ ისლამის მტრების გვარ-სახელები, აგრეთვე იმ ადამიანებისა, რომლებიც ხალიფატს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიქვამდნენ და მითითებული იყო whatsapp-ის ნომერი. ვინაიდან ტექსტი იყო ქართულად, ვიფიქრეთ, რომ მიმართვა იყო ქართველების მისამართით გავრცელებული და გადავწყვიტე ეს ამბავი გამომეძიებინა. აღმოჩნდა, რომ მუვაჰიდ მუვაჰიდის სახელით გავრცელებული განცხადება ეკუთვნოდა აჭარელ თამაზ ჭაღალიძეს, იგივე აჰმედ ალ ჯურჯს, სწორედ ამ სახელით იცნობენ მას ხალიფატში.

- კონკრეტულად რას შეეხებოდა კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენელთა კითხვები?

- ძირითადად განცხადების ტექსტს. გაზეთში დაიბეჭდა ტექსტის ფოტოც, თუმცა მათ მთხოვეს, რომ ორიგინალი ტექსტი მენახებინა. ამას გარდა, ისინი დაინტერესდნენ ტელეფონის ნომრით, გაზეთში ჩვენ შეგნებულად დავფარეთ ნომერი, და გამოძიებას აინტერესებდა ვიცოდით თუ არა ეს ნომერი რეალურად.

- რამდენად საფუძვლიანია ეს მუქარები?

- "ისლამური სახელმწიფო" ადამიანურ რესურს კარგავს არა მარტო სირიაში მიმდინარე ბრძოლებისას, არამედ ევროპაშიც, რადგან გახშირებული ტერაქტების შემდეგ, ევროპის სპეცსამსახურების კოორდინირებული მოქმედება უფრო მოქნილი და ეფექტიანიი გახდა, ამის გამო, "ისლამურმა სახელმწიფომ" სოციალური ქსელებით საიდუმლო ჯგუფებში განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც თავის მხარდამჭრებს ევროპაში მოუწოდა, შექმნილი მდგომარეობის გამო შეეწყვიტათ ზედმეტი ინიციატივების გამოჩენა. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თამაზ ჭაღალიძე, რომელიც ზოგადად ხალიფატის ქართულენოვანი სპიკერია, ამ შემთხვევაში არ ახმოვანებს "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციას და ეს არის მისი პირადი ინიციატივაა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს მისი მიმართვები 2015 წლის 12, 13 იანვარს, სადაც ის აგრესიულად იმუქრებოდა, რომ დაგვაჩოქებდა, თავებს დაგვაჭრიდა და ა.შ.

თუმცა აქ არის მეორეც, რომ განცხადება არის, ერთგვარი დემონსტრირება, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა და ხალიფატს შეუძლია ისლამისტების მტრებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიაგნოს.

- სტატიაში თქვენ წერთ ალ-შიშანების ჩეჩნური მხარის დასუსტებაზე, რას გულისხმობთ?

- საქმე იმაშია, რომ თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ მის, ანუ სამხედრო მინისტრის პოსტს დაიკავებდა მისი ძმა თამაზ ცათიაშვილი (ის დედის გვარს ატარებს), რომელიც დღესდღეობით არის ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური სახელმწიფოს ე.წ. კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი და სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელიც.

თუმცა მოლოდინები არ გამართლდა და ხალიფატმა მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება, არჩევანი შეაჩერა მანამდე უცნობ გულმრუდ ჰალიმოვზე, რომელიც წოდებით პოლკოვნიკია და იყო ტაჯიკეთის ე.წ. ომონის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე, შიშანების პოზიციები შესუსტდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუმცა ამ ამბის შემოწმება ბოლომდე ჯერ ვერ მოვახერხე, დაახლოებით 2 დღის წინ, პოსტიდან გაათავისუფლეს ხალიფატის ე.წ. იუსტიცის მინისტრიც ადამ გუმაშვილი და "ისლამური სახელმწიფოს" "სტაფში" ქართველები აღარ არიან, თუ არ ჩავთვლით თამაზ ცათიაშვილს.

იხილეთ სტატია: "მოგვაწოდეთ მტრების მისამართები..."

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)