ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა - კვირის პალიტრა

ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა

23 სექტემებერს საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.

როგორც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი იტყობინება, პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები არიან.

აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში - ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელია მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში გაფორმდა.