"ადამიანის გადასარჩენად მტკვარში სასულიერო პირი გადახტა" - მძიმე სტატისტიკა და 34 გადარჩენილი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"ადამიანის გადასარჩენად მტკვარში სასულიერო პირი გადახტა" - მძიმე სტატისტიკა და 34 გადარჩენილი სიცოცხლე

"სიკეთე ულევია ამ ქვეყანაზე..."

"ახალგაზრდები აზარტული თამაშების ან შეყვარებულის ღალატის გამო ხტებიან, უფრო ხანდაზმულები კი, ძირითადად სოციალური გარემოს ვერ უძლებენ"

"სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ ცხოვრების ტვირთის ტარება უფრო მამაკაცებს უჭირთ"

ახლახან მტკვარზე სამაშველო სამსახური დაარსდა და კატერიც გამოჩნდა, რომელიც მდინარეზე განუწყვეტლივ მოძრაობს. ცხადია, მდინარეზე სამაშველო სამსახურის დაარსება აქ გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა განაპირობა, ისიც ცხადია, რომ კატერის სისწრაფე შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს განწირული ადამიანის გადასარჩენად.

მაშველები ის ხალხია, ვინც ადამიანის გადარჩენისთვის ბრძოლაში თავადაც ხშირად გადიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. დროული შეტყობინების შემთხვევაში კატერით ადამიანის გადასარჩენად მისვლა დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში შეიძლება. ეს კი სწორედ ის დროა, როცა გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, შემდეგ კი უკვე გვიანია!

ზოგადად, მაშველებს არც დღემდე დაუზოგავთ თავი, - შეიძლება ითქვა, რომ 2016 წლის შემაძრწუნებელ სტატისტიკაში მათ სასწაულის ჩადენა მოახერხეს, - იანვრიდან დღემდე, მტკვარზე სამაშველო სამსახური 66-ჯერ გამოიძახეს, აქედან წყალში 40 ადამიანი გადახტა, მაშველებმა მათგან 34 გადაარჩინეს.

სამწუხაროდ, 6 - ის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე სამაშველო განყოფილების უფროსს ლევან შარვაძესაც ბევრჯერ გაუვლია და სიკვდილთან ბრძოლაში ლამის საკუთარი სიცოცხლეც დაუტოვებია; თუმცა როგორც ამბობს, ადამიანის გადარჩენა ის შეგრძნებაა, რის ფონზე ყველაფერი ქრება, ბედნიერების განცდის გარდა.

ლევან შარვაძე:

- მდინარე მტკვარზე 9 ხიდია და სამწუხაროდ, ყველა მათგანიდან გვაქვს გადახტომის შემთხვევა.

ახალგაზრდები აზარტული თამაშების ან შეყვარებულების ღალატის გამო ხტებიან, უფრო ხანდაზმულები კი, ძირითადად სოციალურ გარემოს ვერ უძლებენ, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ, როცა ის წყლიდან ცოცხალი გამოგყავს, ეს უკვე ბედნიერების პიკია.

სოცოცხლისთვის ბრძოლისას აღარავინ და აღარაფერი გახსოვს, საკუთარი თავიც კი და მხოლოდ ერთი მიზანი გამოძრავებს, - რადაც არ უნდა დაგიჯდეს, როგორმე მიუსწრო ადამიანს და გადაარჩინო.

შეიძლება კაცი წყლის ყლაპვისაგან გასიებული და გალურჯებული იყოს, გულიც გაჩერებული ჰქონდეს, მაგრამ გულის მასაჟით გააცოცხლო. ეს არის სწორედ ის წუთები, როცა მაშველს ყველაფერი ავიწყდება და უკანასკნელ ნერვამდე დაჭიმული ელოდება, როდის ამოისუნთქებს სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანი. და თუ ამოისუნთქებს, ჩნდება შეგრძნება, რომელსაც სიტყვებით ვერავინ აღწერს.

თუ ადამიანი იღუპება, მაშინაც ენითაუწერელი გრძნობა ჩნდება, თუმცა ეს სინანულის და სიცარიელის გრძნობაა. შარშან მტკვრიდან 21 წლის დამხვრჩალი ახალგაზრდა ამოვიყვანეთ - ღამით გადამხტარა. როგორც ჩანს, ვერავინ დაინახა.… მერე გავიგეთ, რომ ის აზარტულ თამაშს თამაშობდა, დიდი ვალი ჰქონდა და... მაგრამ განა სიცოცხლით უფრო არ მოუვლიდა ამ პრობლემას, ასე თავის გამეტება როგორ შეიძლება. როგორ ღუპავს ეს თამაშები ადამიანებს...

სიცოცხლე იმდენად დიდი საჩუქარია, რომ წყალში მხოლოდ მის გადასარჩენად უნდა გადახტე და არა - გასაქრობად. საბედნიეროდ, - ამის შემთხვევებიც გვაქვს, ამასწინათ, საპატრიარქოსთან, სანაპიროზე, ადამიანის გადასარჩენად მტკვარში, იქ შემთხევევით მყოფი, სასულიერო პირი გადახტა, - იქვე იდგა, დაინახა, ადამიანი წყალს რომ მიჰქონდა და არც დაფიქრებულა, ისე გადაეშვა წყალში. სხვა შემთხვევებიც არის, - სიკეთე ულევია ამ ქვეყანაზე...

ისე, სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ ცხოვრების ტვირთის ტარება უფრო მამაკაცებს უჭირთ, - სახელდობრ, მტკვარში მამაკაცების გადახტომის ბევრად უფრო მეტი შემთხვევაა, ვიდრე - ქალების...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)