"ევროპული სკოლა" - ევროპული სტანდარტითა და ქართული სულით - კვირის პალიტრა

"ევროპული სკოლა" - ევროპული სტანდარტითა და ქართული სულით

რამდენიმე ნაბიჯი და ევროპული სკოლის ეზოში ვხვდები, შენობისკენ მივდივარ, რომელზეც დიდი წარწერა რომ არ დამენახა - "ევროპული სკოლა", ნამდვილად ვიფიქრებდი, რომელიმე ევროპული ქვეყნის საელჩოა-მეთქი.

სკოლის კარი ავტომატურად იღება, თავაზიანი, ლამაზად ჩაცმული დაცვის თანამშრომელი მესალმება და მეკითხება მოსვლის მიზეზს. ახლა რომ შემეძლოს უკან, ეზოში გაბრუნება, კიდევ ერთხელ შევხედავდი შენობის ფასადს და შევამოწმებდი, ნამდვილად სკოლაში ვარ თუ არა. თითქოს საქართველო იმ კარს მიღმა დავტოვე, ეზოში რომ შემომიყვანა.

აქ არც უკმაყოფილო დაცვის წევრები დამხვედრიან, არც პედაგოგები მრისხანე სახით ან პირიქით - ზედმეტად ლმობიერი, წამებული გამოხედვით. კედლებზე არ იყო მოსწავლეების ნაფეხურები, რომლებიც სკოლებში რემონტის დასრულებიდან მეორე-მესამე დღეს მაინც ჩნდება. მეტიც, აქ ეზოში  ყვავილები ყვავის და არავინ წყვეტს, სარკესავით გაკრიალებულ იატაკზე არავინ აგდებს საღეჭ რეზინს, ტუალეტებიდან კი, მომიტევეთ, რომ ასეთ დელიკატურ თემას შევეხე, კეთილსურნელების მეტი არაფერი იფრქვეოდა... უფროსკლასელი გოგონებისათვის ტუალეტის სარკესთან დაკიდებული ფენიც რომ ვნახე, მაშინ კი მართლაც გაოცებისაგან პირი დავაღე, - და ეს ყველაფერი საქართველოში ხდება-მეთქი, ჩავიჩურჩულე.

ეს რა არის! შენობა - შენობაა, კომფორტი - კომფორტი, მაგრამ სწავლით რას ასწავლიან-მეთქი, დავინტერესდი. პასუხი უსიტყვოდ მივიღე: ყველა კაბინეტში, საკლასო ოთახში, კათედრაზე ინტენსიური მუშაობა მიდიოდა. შედეგი თვალნათელი იყო:

აქ ბავშვები ძირფესვიანად სწავლობენ ყველა საგანს, არა მარტო მათ, რომელიც მისაღები გამოცდებისათვის სჭირდებათ, არამედ იმათაც, დღეს რომ არაპრესტიჟულად მიიჩნევენ საქართველოში და სახელმწიფოს დიდი მცდელობით უნდათ ბავშვების ყურადღება და ინტერესი როგორმე დაუბრუნონ. საბუნებისმეტყველო სფერო ხომ ჩვენი რეალობის უსუსტეს წერტილად იქცა.

როცა საბუნებისმეტყველო კათედრაზე შევიხედე და  მოსწავლეთა ხელით დამზადებული პლასტილინის დიდი ვირუსები და ბაქტერიები დავინახე, მივხვდი, აქ რაც იციან, ძირეულად, მთელი შეგნებით იციან!

კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, შესანიშნავი ბიბლიოთეკა, სპორტული მოედნები გასახდელებითა და საშხაპეებით, სკოლის ტელევიზია, რომელიც დიდი ტელევიზიის პატარა ანალოგია და ასე უყვართ მოსწავლეებს, სააქტო დარბაზი - ყველაფერი მართლაც ევროპული სტანდარტებითაა გაკეთებული...

აკი მოგახსენეთ, თავი საქართველოში აღარ მეგონა-მეთქი... მეორე მხრივ კი მე საუკეთესო საქართველოში ვიყავი, რადგან აქ ქართული სული მივიწყებული და მეორე პლანზე გადატანილი კი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი გახლავთ. ვიყავი საქართველოში, როგორიც ოცნებაში არსებობს, რეალობაში კი, სამწუხაროდ, - არა. სკოლის სლოგანიც ხომ ასეთია: "ევროპული სკოლა - ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახალი გზა ევროპისაკენ!"

ევროპულ სკოლაში არ არის ჟურნალები, დღიურები, მაგრამ არის კომპიუტერიზებული შეფასების სისტემა, სადაც ყოველდღე შეიძლება ნახო, შენმა შვილმა რა შეფასება მიიღო... კომპიუტერთან მისვლის საშუალება არა გაქვს? მობილურით შეიძლება იგივე გააკეთო.

ევროპულ სკოლაში ბავშვები ლამაზი ფორმებით დადიან, სპორტულები და ჯანმრთელები, გონიერები და მხიარულები არიან.

პედაგოგები კონკურსით ჰყავთ შერჩეული, თანაც ყოველწლიურად ტრენინგებზეც გზავნიან ევროპაში.

ნანა მოსიძე, "ევროპული სკოლის" დირექტორი:

- როცა "ევროპულ სკოლაზე" ვფიქრობდით, ბევრი სკოლა ვნახეთ ევროპაში, ამერიკაში. თითქოს ყველა სკოლიდან ავიღეთ გამოცდილების ნაწილი, ტელევიზია სან-ფრანცისკოს სკოლიდან ავიღეთ, თუმცა დღეს ჩვენი ტელევიზია გაცილებით საინტერესო და მრავლისმომცველია, ვიდრე მათი.

გასახდელები, სათავსები გერმანიის სკოლების მიხედვით დავაპროექტეთ... არ მინდა, იფიქროთ, რომ მხოლოდ უცხოურზე ვართ ორიენტირებული, ქართული ტრადიციებიც გავითვალისწინეთ. მიმაჩნია, რომ ეროვნული განათლების სისტემაში წინ გადავდგით ნაბიჯი.

- ევროპულზე ორიენტირებამ ხომ არ დაჩაგრა ჩვენი ეროვნული საგნები?

- ტრენინგებზე სწავლობენ აქტივობებს, სიახლეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იქიდან უნდა მოვიტანოთ... ჩვენ ვასწავლით ჩვენს ეროვნულ პროგრამასაც და ევროპულსაც. ვინც ამ სკოლას დაამთავრებს, არ უნდა იყოს მხოლოდ უცხოეთში წასვლისთვის მზად, აქაც კარგად უნდა იგრძნოს თავი, ისწავლოს, პროფესიონალი გახდეს. გინდაც უცხოეთში მიიღონ განათლება, მაინც აქ უნდა დაბრუნდნენ საცხოვრებლად...

ჩვენ გვაქვს შინაგანი კულტურა, რაც უცხოეთში ზოგან დაკარგულია. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ უცხოელ სპეციალისტებს: თქვენ იმდენი რამ გაქვთ კარგი, ყველაფერს ჩვენგან ნუ გადაიღებთო. მართლაც ასეა... ჩვენ კარგი უფროს-უმცროსობის ინსტიტუტი გვაქვს და ეს არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ ვართ "ევროპული სკოლა", სადაც ქართული ძალიან ბევრია...

ეს სკოლა თავისი ბაზისითა და ინტელექტუალური პოტენციალით მსოფლიოს საუკეთესო სკოლების ტოლფასია და გადაჭარბებული სულაც არ არის, რომ მისი კურსდამთავრებული განვითარებული მსოფლიოს ნაწილი ხდება. ახლა ეს გზა კიდევ უფრო რეალური და მარტივია, რადგან ევროპულმა სკოლამ გაიზიარა IB საერთაშორისო ორგანიზაციის მისია, აქ უკვე შეიძლება მე-10 კლასის მოსწავლეებმა აირჩიონ და გაიარონ  IB-ის - საერთაშორისო ბაკალავრიატის ორწლიანი სადიპლომო პროგრამა.

IB ყველაზე პოპულარული და გავრცელებული წინასაუნივერსიტეტო კურსია მსოფლიოში. დასავლეთის 1700-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტი, მათ შორის ჰარვარდის, ოქსფორდის, ოკლენდის, ბრიტანეთისა და კოლუმბიის ცნობს და აღიარებს IB-ის დიპლომს, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ენიშნებათ სტიპენდია, ხოლო ცალკეულ ფაკულტეტზე მიიღებიან პირდაპირ მეორე კურსზე.

IB DP დიპლომი გახლავთ საგზური წამყვან უნივერსიტეტებში.

საერთაშორისო ბაკალავრიატის სერტიფიკატი ბევრ სკოლას როდი აქვს: მაგალითად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ასეთი 18 სკოლაა, თურქეთში - 20, გერმანიაში - დაახლოებით 30, ინგლისში - 80-მდე...

მართლაც საამაყოა, რომ ამ სკოლების რიცხვს ერთი ქართული სკოლაც მიემატა. როგორც სკოლის დირექტორმა მითხრა, ყველაფერს აკეთებენ, რომ IB პროგრამის გავლის შემდეგ ბავშვებმა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა...

- ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი მოსწავლეებისა, - მითხრა ქალბატონმა ნანამ დამშვიდობებისას.

- მეც დიდი იმედი მაქვს, ქალბატონო ნანა, რადგან ამ ორ საათში, რაც თქვენს სკოლაში ვიყავი, ფაქტობრივად, ოცნების საქართველო ვნახე... აქედან გამოსული ბავშვები, ალბათ, სრულიად საქართველოშიც ააშენებენ ნაოცნებარ საქართველოს!

R