"აქამდე ექიმი არ გვყავდა" - გადიან თუ არა სამედიცინო შემოწმებას ყვითელი ავტობუსის მძღოლები - კვირის პალიტრა

"აქამდე ექიმი არ გვყავდა" - გადიან თუ არა სამედიცინო შემოწმებას ყვითელი ავტობუსის მძღოლები

დედაქალაქის ავტობუსით მგზავრობა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბოლო დროს რისკფაქტორი გახდა, რადგანაც დიდი ხანი არ არის, რაც ორი, არც თუ სახარბიელო ფაქტი მოხდა, - ერთი, როდესაც ავტობუსი სასტუმროს შენობაში შევარდა, მეორე კი ავტობუსის მაღაზიაში შევარდნის მძიმე ფაქტს გულისხმობს.

პირველ შემთხვევაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მეორეზე მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია, - მაშინვე დადგინდა, რომ მძღოლს საჭესთან გულის მწვავე შეტევა მოუვიდა...

დავინტერესდით საკითხით, მუშაობს თუ არა ავტოკომპანიაში ექიმი, რომელიც მძღოლების ჯანმრთელობას აკონტროლებს და მართლაც უწევთ თუ არა მძღოლებს ზეგეგმიური მუშაობა, ამისთვის ტრანსპორტის საქალაო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს ვესაუბრეთ.

- როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი, რას გვეტყვით იმ ორ შემთხვევაზე, რომელიც ჩვენს ქალაქში თითქმის ზედიზედ მოხდა?

- ორი უსიამოვნო ფაქტი მოხდა, მესმის მგზავრების და მოსახლეობის აღშფოთება, მაგრამ უნდა დავარწმუნო ისინი, რომ არის ჯგუფი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიაში 24 საათი მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ ხაზზე მუდმივად გამართული ავტობუსი გავიდეს. რაც შეეხება პირველ შემთხვევას, როდესაც ავტობუსი სასტუმროში შევარდა, ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მანამდე ჩვენ შევისწავლეთ სიტუაცია და მანქანა ტექნიკურად გამართული იყო. მუხრუჭები მწყობრში გახლდათ. თუმცა დაველოდოთ მაინც გამოძიებას...

კი არის მოძველებული ტრანსპორტი, რაზეც კონკრეტული გეგმაც აქვს მთავრობას და ახალი ავტობუსები 5-6 ოქტომბერს ხაზებზე ეტაპობრივად გამოვა (თავიდან 143 მანქანა), მაგრამ იმ მოქმედი ავტობუსებიდან, რაც გვაქვს, გაუმართავი ხაზზე არც ერთი გადის.

- დღეისთვის სულ რამდენი ავტობუსია ხაზზე?

- 512. სამწუხაროა, რომ ეს 2 შემთხვევა ერთმანეთს მიჰყვა, თუმცა ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავებულია...

- ამბობთ, რომ ტრანსპორტი მოწმდება. იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ როგორ?

- გარდა იმისა, რომ ისინი ტესტირებას ცენტრში გადიან და შესაბამის სერტიფიკატს იღებენ, ჩვენს ბაზებზე ტექნიკოსებიც ამოწმებენ (სამი ბაზა გვაქვს). სამუშაოს დასრულების შემდეგ, ავტოპარკში შესული ავტობუსი მოწმდება, ხდება მძღოლის გამოკითხვა. დილით სანამ ხაზზე გავა ავტობუსი, ისევ ამოწმებენ. ასევე გვაქვს გეგმიური შემოწმებაც. ავტობუსმა 5-6.000 კილომეტრი შეიძლება, რამდენიმე დღეში გაირბინოს და სწორედ ამის შემდეგ ხდება გეგმიური შემოწმება იმიტომ, რომ მგზავრის გადაყვანას ვემსახურებით და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ ყველაფერზე დოკუმენტები დგება. არსებობენ პასუხისმგებელი პირები, ვისი ხელმოწერაც ამ ყველაფერს ადასტურებს.

- თუ მეორე შემთხვევას დავუბრუნდებით, რისი თქმა შეგიძლიათ?

- მეორე შემთხვევისას, რაც გლდანში მოხდა, როდესაც ავტობუსი "ელიტელექტრონიქსის" მაღაზიაში შევარდა, იქ დადასტურებული ფაქტია, რომ მძღოლს გულის შეტევა, ინფარქტი მოუვიდა. ახლაც საავადმყოფოში წევს, რეანიმაციაში მოხვდა. რეალურად ის მორიგე ავტობუსი იყო, რომელსაც, დღის ბოლოს, მძღოლები და მრეცხავი სახლში მიჰყავდა. მოკლედ, ავტობუსში სამი მძღოლი და ერთი მრეცხავი იმყოფებოდა. მძღოლს მოულოდნელად ინფარქტი დაემართა. სამი მძღოლი საავადმყოფოდან მაშინვე გამოწერეს, მრეცხავს კი სახეზე ორი ნაკერი დასჭირდა. თუმცა მძღოლი დღეისთვის რეანიმაციაში რჩება, მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ასეთი სერიოზული შემთხვევა საქართველოში, მასშტაბურობითაც არ გამიგია და როგორც მახსოვს, პირველად მოხდა.

- მძღოლების სამედიცინო შემოწმება არ ხდება?

- სამედიცინო ცნობა მოქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ ეჭვი ჩნდება, რომ რომელიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმას ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამისთვის გავამკაცრეთ სიტუაცია. მთავრობის სხდომაზე ჩემ მიერ საკითხი გავიდა, მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია და დამტკიცდა, რომ გადამზიდავ, სამარშუტო კომპანიაში ექიმი უნდა მუშაობდეს და იმუშავებს კიდეც. აქამდე ექიმი არ გვყავდა.

მოკლედ, მძღოლი რეისში გასვლამდე შემოწმდება. თითოეულის კარტოთეკა კონტროლზეა აყვანილი, რევიზიაც გაკეთდება და პარლელურად, ექიმების კადრების შერჩევაც მიმდინარეობს და 2 კვირის ვადაში ჩვენთან მედიკოსები სამსახურს შუდგებიან. ეს კი დამატებითი კონტროლი იქნება, რადგანაც მოსახლეობას არაფრის არ უნდა ეშინოდეს. 24 საათის განმავლობაში ყურადღებით მუშაობს ჯგუფი, რომლის ვალდებულებაცაა, ტექნიკურად გამართული მანქანები და ხაზებზე ჯანმრთელი მძღოლები გვყავდეს.

- ასაკობრივ ცენზზე რას იტყვით. ხანდაზმული მძღოლებს კანონი საჭესთან დაჯდომას არ უკრძალავს?

- რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, რადგანაც კანონი არ კრძალავს 65 წელს ზემოთ მძღოლის საჭესთან დაჯდომას, მაგრამ აქაც გვინდა, გარკვეული სიტყვის თქმა და პროფკავშირიც გააქტიურებულია. ვფიქრობთ, ერთი სამუშაო შეხვედრა მოვაწყოთ და რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ, შევქმნათ გარკვეული სტანდარტი, რომ ასაკოვან მძღოლებს ავტომატურად სხვა სამსახურში გადასვლა შევთავაზოთ.

- მძღოლები, როგორც ვიცი, შინიდან დილის 5 საათზე გამოდიან და ღამის 1-ელზე შედიან, შესაბამისად, არანორმირებული სამუშაო უწევთ (დღეში 17-18 ბრუნის გაკეთება). მგონი, ეს საკითხიც გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს.

-არა, საათები, დაცულია და ალბათ ცოტა გადაამეტა მან, ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ. ამის რევიზიაც არსებობს. მძღოლი, რომელიც ავტობუსზე მუშაობს, შემდეგ დღეს დასვენება უწევს. ამ ყველაფერს სისტემა აკონტროლებს და ამის მარტივად შემოწმება შეგვიძლია. ზეგანაკვეთურს არ მუშაობენ, ნორმაში სხდებიან. მაგრამ ვინაიდან მათთვის ხელფასი მიუღებელია, დასვენების დღეს საკუთარი მანქანებით ტაქსაობენ, ან სხვა სამუშაოზე არიან და სახლში დამატებითი შემოსავალი შეაქვთ...

- რამდენი აქვთ ხელფასი?

- 900 ლარიდან 1200 ლარამდე. 1300-იც გამოსვლიათ. ასეთია მათი სახელფასო განაკვეთი... კონტროლდება ისიც, თითოეულმა ავტობუსმა რამდენი საათი იმუშავა და ასევე საგზურიც, რომელიც იწერება. ყველაფრის აღრიცხვა ერთდროულად მიმდინარეობს და მათი ხელფასი სწორედ ამის მიხედვით ანგარიშდება. მძღოლი 18 საათი რომ ვამუშაოთ და ის საათები არ ავუნაზღაუროთ, არ გაჩერდება, აყვირდება, მაშინვე გაფიცვას მოაწყობს. ამიტომ, რასაც მუშაობს, იმ ანაზღაურებას იღებს. ნორმის ფარგლებშია ყველაფრი.

ამ სამსახურს ორი თვეა, რაც ვხელმძღვანელობ და უკვე გითხარით, რომ ჩემი პირველი პოზიცია დანიშვნისთანავე ის იყო, რომ ექიმი გაგვეჩინა ბაზაში და ამას მივაღწიეთ. იმედია, სხვა გადამზიდავები მოგვბაძავენ. სხვათა შორის, მანამდე სატრანსპორტო კომპანიაში გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გახლდით და მეტრო საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი. იქ ექიმის შტატი შენარჩუნებული იყო, მემანქანე მანქანასთან თუ ექიმმა ხელი არ მოუწერა, ვერ დაჯდება. აქ რომ მოვედი, სწორედ ის გამიკვირდა, რომ ექიმი არ დამხვდა. თუ რატომ დაიკარგა ეს შტატი, ესეც კარგად ვიცით, კორუფციის წყარო იყო, ბეჭდის დარტყმაში ფულს იღებდნენ.

შეიძლება ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ არის, მაგრამ ხმის ამოღებას ვაპირებ, რომ ავტოსადგურებმა ექიმის შემოწმების გარეშე მძღოლი არ გაუშვან საქალაქთაშორისო მარშრუტებზე. ამისთვის უკვე სერიოზული მუშაობა მაქვს პროფესიონალებთან ერთად დაწყებული.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)