"საჭმლის ფული არ გვაქვს, ბავშვები ჩაიზე და პურზე გვყავს დილიდან საღამომდე" - კვირის პალიტრა

"საჭმლის ფული არ გვაქვს, ბავშვები ჩაიზე და პურზე გვყავს დილიდან საღამომდე"

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელიწადი გავიდა, სწორედ ამ ტრაგიკული ამბების წლისთავზე მომიწია დევნილთა იმ ჩასახლებების მონახულება, სადაც ბინა, სწორედ აფხაზეთიდან დევნილებმა დაიდეს... ამ ადამიანებს გამოვლილი ომის ტვირთთან ერთად, მხრებზე უკვე საკუთარ სახლში დაბრუნების 23-წლიანი მოლოდინიც აწევთ. უამრავ ტკივილსა და მონატრებასთან ერთად კი კვლავაც ბრძოლა უწევთ, უკვე ყოფით პრობლემებთან გასამკლავებლად, რაც, შეიძლება ითქვას, რომ მათთვის გაორმაგებულად მძაფრია.

იმ მედიატურის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”დამოუკიდებლობიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოში” ეგიდით ჩატარდა და რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ”აფხაზეთი” (CHCA), ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად დასავლეთ საქართველოში 2015-2016 წლებში ახორციელებდა, პირველად ქუთაისში ჩასახლებულ დევნილებს ვესტურეთ, თუმცა შეიძლება ითქვს, რომ ჩასახლებიდან ჩასახლებაში მათი პრობლემები მეორდება.

საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთება, სასოფლო-სამეურნეო მიწების, აფთიაქის, მაღაზიების, სკოლა-ბაღების არარსებობა, კანალიზაციის გაუმართაობა, სასმელი წყალის მოუწესრიგებლობა, -  ეს დევნილთათვის ჯერაც გადაუჭრელი პრობლემებია.

ჩასახლებებში, სადაც სახელმწიფომ, ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად მოაწყო, ხალხი მაინც უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. იმ ინფორმაციის გარდა, რომელსაც ჩვენი მედიატურის ხელმძღვანელები გვაწვდიდნენ, გადავწყვიტე დამოუკიდებლადაც გავსაუბრებოდი დევნილებს.

ქუთაისში ე.წ. ადგილობრივმა დევნილებმა მითხრეს, რომ საბავშვო ბაღისა და სკოლის არქონის გარდა, ჩასახლების ირგვლივ აღმართული "გამყოფი კედელი" აწუხებთ, რომელიც მზის სხივსაც კი არ უშვებს ჩასახლებაში. როგორც გავარკვიე, კედელი კერძო პირის საკუთრებაა და მოქალაქეთა თხოვნას, ოდნავ მაინც დაადაბლოს რკინა-ბეტონის ღობე, არ ითვალისწინებს.

იქვე გაპარტახებულ შენობაში კი, რომელშიც თურმე ადრე სასადილო ყოფილა, სააკაშვილის ხელისუფლებამ იძულებით შეასახლა დევნილთა რამდენიმე ოჯახი, რომელიც დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათი თქმით, სინესტისა და სიძველის გამო საძირკველი მთლიანად მორყეულია და ის ქვეწარმავლებისა და მავნებლების ბუდედ არის ქცეული. აქ ადამიანები პრობლემებით სავსე ცხოვრებას დევნილთა სტატუსით მიღებული მიზერული დახმარებით უმკლავდებიან.

წყალტუბოში სტუმრობისას კი გავიგეთ, რომ ახალაშენებული კორპუსების სარდაფები წყლითაა სავსე, ხალხს არ აქვს სამუშაო ადგილები და ზოგიერთი ოჯახი იძულებულია თვიდან თვემდე ჩაით და პურით დაიკმაყოფილონ შიმშილის გრძნობა.

"შვილო, აქ ხალხს ძალიან უჭირს, მეტირება ამაზე რომ ვლაპარაკობ, არც მთავრობაა ჩვენთვის და არც არავინ. საჭმლის ფული არ გვაქვს, ბავშვები ჩაიზე და პურზე გვყავს დილიდან საღამომდე. არ ვიცი, როდის გვეშველება რამე, ისევ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები", - გამიმხილა გულის ტკივილი წყალტუბოს დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა ბებომ.

ზუგდიდის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა ნინო ანთიამ კი მითხრა, რომ აქ ხალხს წამლის ფულიც არ აქვს:

"ბევრჯერ ვცადე სამსახურის დაწყება, თუმცა დღეს მხოლოდ ახალგაზრდების მიღება უნდათ სამსახურებში. დიდი გაჭირვებით ვიპოვე სამუშაო სათბურში, მაგრამ კუთვნილი ხელფასიც არ გადამიხადეს და ბოლოს სახლში წამოვედი. აქ მიწაც არ გვაქვს რაიმე რომ მოვიყვანოთ და ასე ვარჩინოთ ოჯახები. ადრე ახალ აბასთუმნის სკოლა-ინტერნატში ვცხოვრობდით, იქ პატარა ბაღჩა მქონდა. ახალ დასახლებაში რომ შემოვედით, სკამიც კი არ დაგვხვდა, შემოგვყარეს ცარიელ კედლებში და ჩვენი ამბავი აღარავის მოუკითხავს.

არც აფთიაქი გვაქვს, არც მაღაზია, არც სკოლა, არც ბაღი, არც სამსახური. ბავშვები სკოლაში 3 კმ-ს მოშორებით დადიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასახლებაში წყლის პრობლემა მოუგვარებელია. ჭაბურღლი გააკეთეს, თუმცა ისიც უხარისხოდ. წყალი დაზიანებული მილიდან გადმოდის და ამას ვიყენებთ დასალევადაც".

საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა სხვა დასახლებებშიც. დევნილები, რომლებიც 23 წლის წინ საკუთარი სახლ-კარის გარეშე დარჩნენ, ისევ უიმედოდ არიან, ამიტომ ცდილობდნენ ყველაფერი მოეყოლათ ჩვენთვის, რათა ინფორმაციის გავრცელებით ეგებ მიექციათ სახელმწიფო უწყებების ყურადღება. მაშინ, როცა ხანშიშესულები, ინვალიდის სტატუსით და სხვა უამრავი პრობლემით ვერ ახერხებენ მცირე ხელფასიანი სამუშაოს დაწყებას, ცდილობენ ახალგაზრდები თურქეთში თუ სხვა მეზობელ ქვეყანაში პურის ფულის საშოვნელად გაგზავნონ.

დევნილთა ახალ ჩასახლებებში აღმოჩენილი უამრავი პრობლემის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მივმართეთ. კითხვებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გვიპასუხა:

- დევნილთა ჩასახლებაში უამრავ პრობლემასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცირე სოციალური დახმარებაა, ამას თან ახლავს უმუშევრობაც...

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკურად მდიდარი არ არის, ამიტომ პრობლემები აქვს მთელ მოსახლეობას და ეს არ ეხება მხოლოდ დევნილებს. უმუშევრობასა და სიღარიბეს საერთო პრობლემებიც შეიძლება ვუწოდოთ.

თუმცა, როცა დევნილობას უმუშევრობა ერთვის, ეს უფრო მძიმე შემთხვევაა, რადგან ამ ხალხს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული - მათ ახლობლები და სახლ-კარი დაკარგეს. ამიტომაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათთვის პროფესიული განათლების მიცემაზე, რათა თავად დასაქმდნენ და აღარ იყვნენ დამოკიდებული შემწეობებზე.

უნდა დავეხმაროთ სამეურნეო საქმიანობაში და მივცეთ საშუალება განახორციელონ პროექტები აგრონომიის სფეროში. ჩვენ გვაქვს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის გეგმა და სხვა სამინისტროებთან ერთად, კოორდინირებულად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ დევნილთათვის საარსებო წყაროს გაჩენას. ჩვენს სამოქმედო გეგმაში ჩართულია სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროები. ვცდილობთ, მცირე გრანტებიც გავცეთ, რომელიც უზრუნველყოფს მცირე მეწარმეების ხელშეწყობას.

ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამეგრელო - ზემო სვანეთში მსგავსი პროგრამები უკვე ამოქმედებულია - ვისაც აქვს იდეა 2 000 ლარის ფარგლებში, ვაძლევთ საშუალებას ეს იდეა განახორციელოს. უამრავმა მოგვმართა მეფუტკრეობის, სანერგე მეურნეობის განვითარების მიზნით, ვცდილობთ ამ და სხვა მხარდაჭერით თავად ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შემოსავლის წყაროს გაჩენა.

რამდენიც არ უნდა იყოს სახელმწიფო დახმარება, ეს მაინც არ იქნება საკმარისი, თითოეულ ოჯახს უამრავი მოთხოვნა აქვს და საერთოდ ოჯახს ბევრი რამ სჭირდება. ჩვენი პრიორიტეტია მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, სანამ ისინი საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდებიან.

- ახალ ჩასახლებებში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებლებში დაზიანებულია სახურავები, სარდაფები წყლითაა სავსე...

- ეს პრობლემები ჩვენთვისაც ცნობილია. სამწუხაროდ, ადრე არ ხდებოდა საცხოვრებლებისთვის ადგილების სწორად შერჩევა და დაპროექტება, ამიტომ წლების შემდეგ ამ ინფრასტრუქტურულმა პრობლემებმა იჩინა თავი. ის, რომ საცხოვრებლები ჭაობის ტერიტორიაზეა აგებული და რომ მათ უნდა ჩაუტარდეს სარემონტო სამუშაოები - ჩვენთვისაც ცნობილია და  ვეცდებით ეს პრობლემები ეტაპობრივად გამოვასწოროთ.

მას შემდეგ, რაც ახალი გუნდი მოვიდა სამინისტროში, ყოველი მშენებლობის დაწყებისას ექსპერტიზას ვატარებთ, რაც უკვე მაღალ ხარისხს განაპირობებს. ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიცილებთ და გვესმის, რომ ადამიანისთვის რომელიც გასაჭირშია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის სამინისტროში.

თუმცა, იქ, სადაც იყო გარანტიის ვადები დარჩენილი, ჩვენ ვეცადეთ ეს პრობლემები სამშენებლო კომპანიებთან ერთად მოგვეგვარებინა.

მსგავსი პრობლემები შეგვხვდა 2008 წლის ომის შედეგად დევნილთათვის აშენებული კოტეჯების შემთხვევაშიც. როგორც გაირკვა, კოტეჯები პირდაპირ მიწაზე აშენდა, საშინელი სანახავი იყო ჩავარდნილი იატაკები და ოთახებში ამოსული მცენარეები. დღეს ვცდილობთ ჩვენი პროექტის ფარგლებში მშენებლობისას მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ და ძველი შეცდომებიც გამოვასწოროთ. გვესმის, რომ უამრავი ადამიანი ისევ საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, ამიტომ რა რესურსიც აქვს სახელმწიფოს, ვცდილობთ, ის რესურსი სწორად გამოვიყენოთ. 2012 წლის შემდეგ ბიუჯეტი გაოთხმაგებულია და ჩვენი მთავარი მიზანია დევნილებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ.

- ამ პრობლემებთან ერთად, ზუგდიდში დასახლებულ დევნილებს არ აქვთ საშუალება მიწის ნაკვეთი დაამუშაონ და გამოიყენონ... ასევე ბევრ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ისევ დაუკანონებელი აქვს.

- ამ მიმართულებით დაიწყო სამთავრობო პროექტი. სახელმწიფომ 2016 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციის პროცესს ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას აზომვითი ნახაზების მომზადებასა და დაჩქარებული წესით მიწის ნაკვეთების დაკანონებაში. რა თქმა უნდა, დევნილ ოჯახებსაც აქვს საშუალება ისარგებლონ ამ პროექტით და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაიკანონონ.

სამწუხაროდ, ადრე ისე აშენებდნენ სახლებს დევნილებისთვის, რომ არ იყო გათვალისწინებული მათი მიწის ნაკვეთით უზრუნველყოფა. არასწორად დაგეგმილი პროექტების გამო კი დღეს დევნილების ნაწილს არ აქვთ საშუალება ცალკე მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ. მაგალითად, ახალციხეში, კასპში, ფოცხოეწერში აშენებულია საცხოვრებელი კორპუსები, მაგრამ ამ ადგილებში დევნილებს ჩასახლება არ სურთ, რადგან ირგვლივ არც მიწაა და არც დასაქმების რაიმე სხვა საშუალება.

რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, ამ მიმართულებით 2014 წელს დავიწყეთ სამთავრობო პროექტი. დევნილების უმეტესობას, რომლებიც ცხოვრობდნენ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ სახლებში საცხოვრებელი ფართები არ ჰქონდათ დაკანონებული. პროექტის თანახმად, ყველა დევნილ ოჯახს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი დაიკანონოს. პროექტის ფარგლებში, უკვე 12 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი გახდა საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.

- დევნილთა დასახლებებში სკოლა - ბაღების პრობლემაც მოუგვარებელია...

- ამ პრობლემას მუნიციპალიტეტებთან ერთად მოვაგვარებთ. მხოლოდ განსახლება და ჭერის მიცემა სხვა შემთხვევაში აზრს კარგავს. დევნილთა ოჯახები უნდა განვასახლოთ ისეთ ადგილებში, სადაც მათ ექნებათ დასაქმების - საარსებო წყაროების გაჩენის და თავიანთი შვილებისთვის სათანადო განათლების მიცემის საშუალება. რაც შეეხება აფთიაქებისა და მაღაზიების არ არსებობას, ზოგიერთი ჩასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუნებრივია, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ, ვფიქრობ, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, მეწარმეები აუცილებლად დაინტერესდებიან ამ საკითხით და ეს პრობლემა გადაიჭრება.

ეკა გადახაბაძე