რომის პაპი საქართველოშია - კვირის პალიტრა

რომის პაპი საქართველოშია

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.

დღეს რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

1-ელ ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მონახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს. 2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

რომის პაპის საქართველოში ვიზიტის საწინააღმდეგოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პაპის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ, რადგან „პაპი სამოციქულო ვიზიტით“ ჩამოდის საქართველოში.

”ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ პაპი ჩამოდის სულიერი, სამოციქულო მისიით იმისათვის, რომ იქადაგოს რაც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია. ეწევა პროზელიტურ საქმიანობას, ატარებს მესას სტადიონზე, უნდა შესვლა სვეტიცხოველში”, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

მისივე თქმით, პაპი შეეცდება, რომ ეკლესიურად გაუნათლებელი მართლმადიდებელი ადამიანები გადაიბიროს. დეკანოზის თქმით, სწორედ ასეთი ადამიანების გადაბირება რომ არ მოხდეს, ამიტომ აქციაზე შეკრებილი მონაწილეები პაპის ვიზიტს საქართველოში აპროტესტებენ.

ფრანსცისკე რომის 266-ე პაპია, რომელიც 2013 წელს აირჩიეს. მისი ერისკაცობის სახელი ხორხე მარიო ბერგოლიოა. ის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი პაპი გახდა, რომელმაც სახელი ფრანცისკი აირჩია.

ხორხე ბერგოლიო 1936 წელს ბუენოს-აირესში დაიბადა. ის პროფესიით ქიმიკოსია, ერთი პერიოდი საშუალო სკოლაშიც ასწავლიდა ქიმიას. პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი; 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.

პაპი მაშინვე გახდა მსოფლიო მედიასაშუალებების განხილვის ობიექტი, ის რადიკალურად განსხვავდება ეკლესიის ყველა იმ კარდინალისგან, რომლებსაც რომის პაპის ტიტულის მოპოვება სურდათ.

ახალი პაპი, თავიდანვე განსაკუთრებული კარდინალი იყო, იგი უარყოფდა ყოველგვარ მაღალ თანამდებობებს რომის ეკლესიის კურიაში. მხოლოდ მაშინ ჩადიოდა რომში, როცა აუცილებლად უნდა ჩასულიყო და არამარტო ერიდებოდა ყოველგვარ მაღალ თანამდებობებს ვატიკანის კურიაში, არამედ თავად არგენტინაშიც კი არც მძღოლი ყავდა და არც ძვირფასი მანქანები…