"ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება" - რომის პაპმა მიხეილ მესხის სტადიონზე წმინდა წირვა ჩაატარა - კვირის პალიტრა

"ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება" - რომის პაპმა მიხეილ მესხის სტადიონზე წმინდა წირვა ჩაატარა

რომის პაპის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. რომის პაპი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს. (იხილეთ: "კათოლიკურ ეკლესიას სურს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კეთილდღეობასა და მშვიდობაში")

პაპმა ფრანცისკემ 1 ოქტომბერს მიხეილ მესხის სტადიონზე წმინდა წირვა ჩაატარა.

წმინდა წირვა პირდაპირ ეთერში რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებით გადაიცემოდა. მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგელები, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.

როგორც წირვაზე რომის პაპმა განაცხადა, საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას.

”თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა, რომელსაც დღეს მოვიხსენიებთ, “ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს” . საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, და ღვთიური ნუგეშის მაცოცხლებელი წყალი მიაქვთ უამრავ გაუდაბურებულ და მტრულ ვითარებაში... ეს გვეხმარება უკეთ შევიცნოთ სილამაზე დღევანდელ პირველ საკითხავში მოსმენილი უფლისეული სიტყვებისა: “როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მეც”. როგორც დედა იტვირთავს ხოლმე თავისი შვილების სიმძიმესა და გასაჭირს, ასევე ღმერთიც აღიღებს ჩვენს ცოდვებსა და საზრუნავს".

მისივე თქმით, ეკლესიის ყველაზე მთავარი მისია ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანაა. როგორც რომის პაპმა აღნიშნა, ”ნუგეშის მსურველთ გვმართებს ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ უფალი”.

”ნუგეშცემა, რომელიც ცხოვრების ორომტრიალში მყოფთ ასე გვჭირდება, სწორედ ესაა - ჩვენს გულში დავანებული ღმერთი. მისი ყოფნა ჩვენში არის წყარო ჭეშმარიტი ნუგეშისა, ჩვენში რომ ისადგურებს, ბოროტისაგან გვიხსნის, სიმშვიდითა და სიხარულით გვავსებს. ამიტომაც, ნუგეშის მსურველთ გვმართებს ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ უფალი; და თუ გვსურს უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ მას და გარეთ არ ვამყოფოთ. ნუგეშის კარნი მუდამ ღია უნდა გვქონდეს, რადგან იესოს იქიდან სჩვევია შემოსვლა. ასეთი კარია: სახარება, რომელსაც ყოველდღე ვკითხულობთ და მუდამ თან დაგვაქვს, ლოცვა სიჩუმესა და თაყვანისცემაში, აღსარება, ევქარისტია. სწორედ ამ კართა საშუალებით შემოდის ჩვენში უფალი და ყოველ საგანს ახლებურ გემოს ანიჭებს. ხოლო თუ გულის კარი დაკეტილია, აღარც უფლის ნათელი აღწევს და სიბნელეში ვრჩებით. შედეგად, ვვარდებით პესიმიზმში, ვეგუებით წარუმატებლობას, აღარ გვჯერა, რომ რამე შეიცვლება. ბოლოს კი ჩვენსავე სევდაში ვიძირებით, შფოთვის ჯურღმულებში ვიკეტებით, საკუთარ თავში ვმარტოვდებით. მაგრამ, ნუგეშის კარს თუ გავაღებთ, იქიდან უფლის სინათლე შემოიჭრება”, - განაცხადა რომის პაპმა.

”ღმერთი ბრძნული აზრებითა და განსწავლულობით კი არა, მორჩილი და მიმნდობი გულის სიმცირით შეიცნობა. უზენაესის წინაშე დიდ ადამიანად ვერც მიწიერი პატივი და დიდება გვაქცევს და ქონება და წარმატება, არამედ წარმოცარიელება საკუთარი თავისა. სწორედ ბავშვია ის, ვისაც გასაცემი არაფერი აქვს, მისაღები კი ყველაფერი. იგი სუსტია, დედ-მამაზე დამოკიდებული. ვინც ბავშვივით თავს იმდაბლებს, ის საკუთარი თავით ღარიბია, ღმერთით კი მდიდარი.

ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ. ამიტომაც შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, კერძოდ ის, რომ ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება, ვინც უბრალო, გულწრფელი და ალალია. ამას გვიდასტურებს სახარებაც, სადაც, დიდი სასწაულები მცირე საგნებით ხდება: რამდენიმე პურითა და ორი თევზით. მდოგვის მარცვლით. ხორბლის მარცვლით, რომელიც მიწაში კვდება, მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, ღატაკი ქვრივის მიერ გაღებული ორიოდე გროშით, უფლის მსახურის, მარიამის მორჩილებით”, - განაცხადა ფრანცისკემ.

დღესვე მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს, სიტყვით მიმართავს. საქართველოში მყოფი პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

რომის პაპის ვიზიტი საქართველოში 2 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ბაქოში გამგზავრება.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით