რომელმა წიგნმა აღაფრთოვანა მსახიობი ქეით ბლანშეტი - კვირის პალიტრა

რომელმა წიგნმა აღაფრთოვანა მსახიობი ქეით ბლანშეტი

ბევრი მიიჩნევს, რომ კრიტიკის გარეშე ლიტერატურა ვერ განვითარდება. კრიტიკა ხომ ხანდახან იმასაც ხედავს ნაწარმოებში, რაზეც, რიგ შემთხვევებში, ავტორსაც კი არ უფიქრია. ერთხელ ერთმა ცნობილმა მთარგმნელმა თქვა: "უკრიტიკო ლიტერატურა უნიჭობის თავშესაფარი მგონია და დიდი მანკიერების სიმპტომიო." მე კი ვიტყოდი, ალბათ ნემისმიერი მწერლისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც მკითხველებთან ერთად კრიტიკოსებიც სწყალობენ. ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა ჰოლანდიელ მწერალს ჰერმან კოხს, რომელიც თანამედროვეობის 10 ყველაზე კითხვად ავტორთა რიცხვში შევიდა და მისი წიგნები ყველაზე დიდი ტირაჟით გაიყიდა ჰოლანდიაში და ასევე დიდი წარმატება მოჰყვა მთელ მსოფლიოში.

ვინაიდან პალიტრა ლ-ის პროექტ "წლის ბესტსელერის" ფარგლებში, მხოლოდ ისეთი წიგნები იბეჭდება, რომლებიც მთელს მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულია და ამავდროულად, სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო აქვთ მოპოვებული, ამიტომ ჰერმან კოხის "ვახშამი", რომელსაც 2009 წელს ჰოლანდიის სახალხო პრემია ერგო, სრულიად ლოგიკურად და დამსახურებულად გახდა ამ პროექტის ნაწილი. გარდა ამისა: ჰერმან კოხის "ვახშამი" The New York times-ის მიერ გამოქვეყნებული "ყველაზე მნიშვნელოვან წიგნთა" შორის დასახელდა, შევიდა The Independent-ის "აუცილებლად წასაკითხი ნაწარმოებების" სიაში; გახდა USA today-ს, New York Times-ისა და Los Angeles times-ის ბესტსელერი. 2013 წელს კი ჰერმან კოხის "ვახშმის" მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

"ვახშამი" მოგვითხრობს ორ ძმაზე პაულ და სერჟ ლომანებზე, რომლებიც, ცოლებთან ერთად, ამსტერდამის ფეშენებელურ რესტორანში სავახშმოდ ხვდებიან ერთმანეთს. პაულ ლომანი ისტორიის ყოფილი მასწავლებელია, მისი ძმა სერჟი კი - მომავალი პრემიერ-მინისტრი. ვახშმის დროს, ბანალურ თემებზე საუბარი თანდათან დრამად იქცევა და ერთიმეორის მიყოლებით ამოტივტივდება საშინელი ოჯახური საიდუმლოებანი. რაც მთავარია, ირკვევა, რომ ორივე წყვილის შვილებს სასტიკი დანაშაული ჩაუდენიათ - მათ უსახლკარო, მაწანწალა ქალი მოუკლავთ.

გამოსავლის ძიებაში ლომანები უდიდესი მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდებიან. ახლა მათ უნდა გადაწყვიტონ, მართლმსაჯულებას გადასცენ შვილები, თუ ყველა ხერხით დაფარონ დანაშაული, რათა პატიოსანი მოქალაქეების სახელიც შეინარჩუნონ, შვილების რეპუტაციაც და ბედნიერებაც, რომელიც, მართალია, შორს იქნება ნამდვილი ბედნიერებისგან, მაგრამ მაინც "ბედნიერება" ერქმევა.

"ვახშამი" არის რომანი, რომლის ყველა გმირი, იმავდროულად, ანტიგმირიცაა და ყველა ანტიგმირი ცოტათი მაინც - გმირი. უნდა ითქვას, რომ ჰერმან კოხის აღნიშმულ ნაწარმოებს მთელი მსოფლიო გამოემხაურა, ლიტერატორები, კრიტიკოსები, კინოვასრკვლავები, სცენარისტები, რიგითი მკითხველები და სხვები სოციალურ ქსელში, ინტერვიუებსა თუ პირად საუბრებში ემოციურად განიხილავდნენ მას. "ვახშამის" წაკითხვის შემდეგ მსახიობი ქეით ბლანშეტი წერდა:

"ვახშამი" მახვილგონივრული და უაღრესად სერიოზული წიგნია... მასში, მთხრობელის პირით, კოხი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ამასხარავებს მორალურ არჩევანს, მკითხველს კი აიძულებს, განზე გადგეს და დაფიქრდეს, თავად რას მოიმოქმედებდა, მსგავსი დილემის წინაშე რომ აღმოჩენილიყო.ეს არის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!

The Independent წერს: "კვირები გავა, თქვენ კი ისევ ამ წიგნზე ისაუბრებთ". პალიტრა ლ-ის მკითხველი ნამდვილად დარწმუნდება ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ჰერმან კოხის "ვახშამის" წაკითხვის შემდეგ.

ეკა სალაღაია