"... ამ დროს აფეთქდა თარგამაძის მანქანა" - ვინ არის და რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელიც აფეთქებისას მძიმედ დაშავდა - კვირის პალიტრა

"... ამ დროს აფეთქდა თარგამაძის მანქანა" - ვინ არის და რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელიც აფეთქებისას მძიმედ დაშავდა

4 ოქტომბერს, კოლმეურნეობის მოედანზე დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებისას 5 ადამიანი დაშავადა, მათგან ერთი მძიმედ. დავით კუხალაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ისევ კრიტიკულია. აფეთქების დროს დაზარალებული კვლავ ინგოროყვას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია.

ჩვენ დავით კუხალაშვილის ოჯახის ახლობელს ვესაუბრეთ, რომლის ვინაობასაც მისივე სურვილით არ ვაქვეყნებთ:

- დათო დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში, დედასთან ერთად ცხოვრობდა. არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოვიდა და ახლახან დაოჯახდა. ახალდაქორწინებულებმა სახლი იყიდეს და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად.. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, ნათია. რომელიც ახლა თავზე ადგას და მეუღლის მდგომარეობის გამო, თავადაც ძალიან ცუდ დღეშია... დიდ ხანს უყვარდათ ერთმანეთი. ახლახანს პატარა შეეძინათ, ბიჭუნა. დათო პატარას შეჰხაროდა. არაჩვეულებრივი მამაა. თან გადაყოლილი შვილსა და მეუღლეს.

- ახლა როგორია დაშავებულის მდგომარეობა?

- ისევ მძიმეა. 6 ოქტომბერს გულმა ცემა შეწყვიტა და ელექტროშოკი დასჭირდათ დათოს გონზე მოსაყვანად. მეოთხე ხარისხის დამწვრობა აქვს, არტერიული სისხლძარღვებია დაზიანებული, ზედა და ქვედა კიდურებზე მძიმე დამწვრობა აქვს. ტკივილს ვეღარ უძლებს და უმეტესად ძლიერი დამაყუჩებლების ქვეშ არის, აძინებენ...

- ექიმები რას ამბობენ?

- სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშიაო... მეუღლე და დედა თავზე ადგანან. დედა რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, ამ ამბის შემდეგ ჩამოვიდა. როგორც ვიცი, საზღვარგარეთ წაყვანა და მკურნალობაც შესთავაზა სახელმწიფომ, მაგრამ ადგილობრივ ექიმებს უთქვამთ, რომ საჭიროების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ და ჯერჯერობით სადმე გადაყვანა საჭირო არ არისო. ყველანაირ ხარჯს სახელმწიფოს ფარავს, - ოღონდ გადარჩეს და ყველაფერს გავაკეთებთო, - უთქვამთ. პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრიც იყვნენ მისული და ოჯახი გაამხნევეს. ყველანი ვლოცულობთ, რომ გადარჩეს.

- აფეთქების ადგილას როგორ აღმოჩნდა?

- სამსახურიდან სახლში მიდოდა, კოლმეურნეობის მოედანზე, გზას გადადიოდა  ტრანსპორტში რომ ჩამჯდარიყო, სწორედ მაშინ აფეთქდა თარგამაძის მანქანა, კამერებსაც აქვს დაფიქსირებული ეს მომენტი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)