"ნინო საკუთარი ბინის აივნიდან გადახტა და მანაც იმ ადგილას დაასრულა სიცოცხლე, სადაც მისმა პატარამ" - კვირის პალიტრა

"ნინო საკუთარი ბინის აივნიდან გადახტა და მანაც იმ ადგილას დაასრულა სიცოცხლე, სადაც მისმა პატარამ"

"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები

სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა 8 ოქტომბერს თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში. იმ დროს, როცა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგების მოლოდინში იყვნენ და გაცხარებული ბრძოლა ჰქონდათ უბნებზე გაჩაღებული, კოპალიანების სახლში საშინელი ტრაგედია ტრიალებდა. ძნელია ასეთ დროს სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და ტკივილი, რასაც განიცდი, ძნელია ასეთ დროს რამე სანუგეშო უთხრა ჭირისუფალს, რომელსაც ასეთი უბედურება დაატყდა თავს.

მართლა მთელი საქართველო შეძრა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის სახლში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ. იმ საბედისწერო დღეს ბატონი ჯემალის შვილიშვილი, 2 წლის გოგონა საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ამ ტრაგედიას მალე ახალი ტრაგედია დაემატა. სასტიკი რეალობის წინაშე მდგარმა შოკირებულმა დედამ, 28 წლის ნინო ბოკუჩავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. სამწუხაროდ, ვერავინ შეძლო სასოწარკვეთილი დედის გადარჩენა. მეზობელების თქმით, "ნინო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოხტა და მანაც იმ ადგილას დაასრულა სიცოცხლე, სადაც მისმა პატარამ". როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყველაფერი წამებში მოხდა და ამ ფაქტის თვითმხილველები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან, რომლებიც მეზობლებმა ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გამოიძახეს.

28 წლის ნინო ბოკუჩავა პროფესიით იურისტი იყო და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მაია შოშიაშვილის მდივნად მუშაობდა. ნინომ და ბექა კოპალიანმა სიყვარულით შექმნეს ოჯახი, მალე მათ გოგონა შეეძინათ და წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, უცებ უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა.

როდესაც უბედური შემთხვევის ადგილას მივედით, კოპალიანების საცხოვრებელ კორპუსთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადა კორპუსთან იდგა, რადგან ოჯახის წევრებს რამდენჯერმე დასჭირდათ ექიმების დახმარება. საღამოს 6 საათზე ექსპერტიზიდან დედა-შვილის ცხედარი მოასვენეს. ყველა კუთხეში მოთქმა- გოდება ისმოდა...

ფაქტის თვითმხილველი ქალები ტირილით იხსენებდნენ დეტალებს:

"შოკში ვარ, მთელი ცხოვრება ვერ დავივიწყებ ამ საშინელებას, რაც აქ ვნახე. უცებ კივილ- წივილის ხმა გავიგე, წინა კორპუსთან ვიყავი და სირბილით გამოვიქეცი აქეთკენ. საშინელ სურათს შევესწარი. დედას თავისი გარდაცვლილი, დასისხლიანებული შვილი გულში ჰყავდა ჩახუტებული და ისტერიულად კიოდა. როგორც გავიგე, ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. პირველი სართულის მეზობელს აივანი აქვს მოშენებული და იმის აივანზე დაეცა. თურმე უცებ მოიძია სახლში ბავშვი დედამ და ოთახში რომ ვერ ნახა, კივილით ჩამოვიდა პირველ სართულზე, თქვეს, რომ მეზობლის აივანზე, სადაც ბავშვი იყო, პირველი ნინო შევარდა. მეზობლის 18 წლის ბიჭი იყო ამ დროს სახლში. ეტყობა ამ საშინელების შემხედვარე გაოგნდა, მან ვერაფერი მოიმოქმედა... გამწარებულმა დედამ ხელში აიტაცა პატარა და ატატებული გამოიყვანა ეზოში, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. ამასობაში ეზოში ჩამოვიდა მისი მამამთილი, ჯემალ კოპალიანი და რძალს ბავშვი მან გამოართვა. ხალხიც მალე მოგროვდა, მაგრამ ყველა იმდენად იყო შოკირებული, არავის უფიქრია თუნდაც ჯემალისთვის გამოერთმია გარდაცვლილი ბავშვი. ეტყობა ამასობაში ვიღაცამ სასწრაფოშიც დარეკა და მალე პატრული და სასწრაფოც მოვიდა.

ცოტა ხანში ჯემალმა აიყვანა ბავშვის ცხედარი სახლში, ისინი ლიფტით ავიდნენ. ნინო როდის შევიდა სადარბაზოში არავის დაგვინახავს. ჩვენ გაოგნებულები ვიდექით კორპუსთან, პოლიციაც იქ იყო და ამ დროს მეზობლის კივილი გაისმა, ნინო, ეს არ ქნა, რას შვებრიო! მერე ზევით რომ ავიხედეთ, ნინო უკვე ზურგით აივანზე იყო გადმომჯდარი. ყველანი ავკივლდით, ვყვიროდით ეს არ ქნაო, ამასობაში გოგო ზურგით გადმოეშვა ძირს. ჩვენს თვალწინ მოიკლა თავი. ვერავინ ვერაფერი ვუშველეთ. ალბათ, ჩვენი, მეზობლების ბრალიც არის მისი სიკვდილი, ვერ დავიცავით ეს გოგო და ეს საშინელება მოხდა",  - მითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მათი მეზობელი ადვოკატი გულიკო გეჯაძეც მომხდარით შეძრულია:

"კივილის ხმაზე მივირბინე კორპუსთან. უკვე ჯემალის ყავდა პატარა ჩახუტებული, ლიფტში შევიდა, მე და სასწრაფოს ექიმიც ჯემალისთან ერთად შევედით ლიფტში და ავედით მეცხრე სართულზე. ეს საშინელება ჯემალის დედამ რომ დაინახა, გული წაუვიდა. სასწრაფოს ექიმი მის მოსულიერებას ცდილობდა. ამ დროს ჯემალი იძახდა, ნინო სად არის, ნინოს მიმიხედეთო. სრული ქაოსი იყო, ყველა შოკირებული იყო, ოთახში მყოფებს არ დაგვინახავს ნინო ზევით, ბინაში როგორ ამოვიდა, უცებ ეზოდან ისეთი კივილი და ყვირილი გაისმა გავიხედე იქითკენ, მაშინ გავიგეთ, რა მოხდა. მართლა არ ვიცი, როგორ შეიპარა საძინებელ ოთახში და როგორ გადახტა, ეს მე არ დამინახავს. ფაქტია ასეთი საშინელება დატრიალდა.

მოთქმით ტიროდა კოპალიანების კარის მეზობელი სედა ბდოიანი. იგი ტრაგედიის დროს სახლში არ იყო. თავის მეზობლებს საყვედურობდა, რომელიმემ ნინოს როგორ ვერ მიხედეთ, ასე რამ დაგაბნიათო.

სედა ბდოიანი:

- არ ვიცი რა ვთქვა. როგორ შეიძლებდა იმ მომენტში ნინოს უყურადღებოდ დატოვება, რომელიმე მეზობელმა როგორ ვერ იფიქრა ამაზე. ჩვენი ულამაზესი ნინო, რომელიც სულ ბედნიერი და ხალისიანი იყო, რომელიც სულ მომღიმარი სახით შემომეგებებოდა ხოლმე,  აღარ არის ცოცხალი. ცოცხალი არ არის მისი დახატული შვილიც. დილით ვნახე ორივე დედა-შვილი. ნინომ მომახარა, არჩევნებზე ჩვენ უკვე ვიყავითო. მოვეფერე პატარას, როგორა ხარ, ბებო-მეთქი, რომ დამინახავდა, მებურტყუნებოდა ხოლმე, ესას მეძახდა. ბავშვი არ იყო რაღაც ხასიათზე. ვიცოდი რომ გაციებული იყო და სურდო ჰქონდა.

მე რომ ვნახე, ეზოში ჩადიოდნენ, პატარა პარკში სასეირნოდ მიჰყავდა...  მეც არჩევნებზე მივდიოდი და წავედი. 5 საათი იყო დაწყებული უკან, სახლში რომ მოვბრუნდი, ეზოში ხალხი ირეოდა და გავიგე რა საშინელებაც მოხდა. ცხედრები პროზექტურაში იყო გადასვენებული. მეზობლის აივანზე ახლაც ამჩნევია სისხლის კვალი. მტკივა გული. ისინი აღარ არიან ცოცხლები. არადა, რა ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. პატარას გაზრდაში ნინოს დედამთილი ეხმარებოდა. თვითონ მუშაობდა. ყოველ დილით ის და ჯემალი ერთად მიდიოდნენ სამსახურში და სახლშიც ერთად მოდიოდნენ.

"კვირის პალიტრის" რედაქცია სამძიმარს უცხადებს ჭირისუფალს და იზიარებს მათ მწუხარებას

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)