მაღალი სართულებიდან გადავარდნილი ბავშვების თავზარდამცემი სტატისტიკა - კვირის პალიტრა

მაღალი სართულებიდან გადავარდნილი ბავშვების თავზარდამცემი სტატისტიკა

"ეს შესაძლოა დეველოპერებმა და სამშენებლო კომპანიის მესვეურებმაც გაითვალისწინონ"

2013 წლის 21 ივნისს ფალიაშვილის ქუჩაზე, კორპუსის მე-5 სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა...

2013 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში ოთხი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა...

2014 წლის 13 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა...

2015 წლის 27 იანვარს ბათუმში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულიდან სამი წლის გოგონა გადმოვარდა...

2016 წლის 6 ივლისს რუსთავში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა...

გასულ კვირას გლდანის მეორე მიკრორაიონში კოპალიანების ოჯახში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. წლინახევრის ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოვარდა, შემდეგ კი ფანჯრიდან ბავშვის დედაც გადახტა... ორივე გარდაიცვალა.

ეს თავზარდამცემი სტატისტიკაა!

იყო შემთხვევები, რომლებიც იღბლიანად დასრულდა. 2012 წლის 25 დეკემბერს ექვსი წლის ნიკოლოზ ღაჭავა მე-9 სართულიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა(?!). "ჯერ ჩვენი ფანჯრის წინ სარეცხის თოკებს მოვეჭიდე, შემდეგ ხელები დამეღალა და გავუშვი. დაბლა სართულზე მიშენება იყო, სადაც მეზობლებმა ლეიბები დამიფინეს. ჯერ ნაძვის ხეზე დავეცი, შემდეგ - ლეიბზე" - იხსენებს ნიკოლოზი. 2016 წლის 26 მარტს ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადავარდა და ისიც სასწაულებრივად გადარჩა...

და მაინც, რა განაპირობებს ამგვარი შემთხვევების მატებას და დაცულია თუ არა კორპუსების დაპროექტებისას უსაფრთხოების წესები?! ამის შესახებ არქიტექტორების აზრით დავინტერესდით.

ლევან სალარიძე, არქიტექტორი: - უსაფრთხოების ნორმებს არქიტექტორი თავიდანვე ითვალისწინებს, მაგალითად, მოაჯირის სიმაღლე 80 სანტიმეტრიდან ერთ მეტრამდე მერყეობს, თუმცა, უბედური შემთხვევის გამორიცხვა არ შეიძლება. ბავშვმა შესაძლოა, სკამი მიაყუდოს და ისე გადავარდეს... ძველ კორპუსებს მეტწილად გისოსებიანი აივნები აქვს. ადრე ამ გისოსებს შორის დაცილება უსაფრთხოების^ ნორმებს შეესაბამებოდა. ძირითადად, ეს არის, რაც გათვალისწინებული იყო და ახლაც არის.

ბოლო დროს ხშირად ვხედავ მაღალ სართულებზე რკინის ჟალუზებს, რასაც, ალბათ, ბავშვების დასაცავად აკეთებენ, თორემ ქურდი ამ სიმაღლეზე ვერ შეფრინდება.

- რა საშუალებები არსებობს, რომ აივნები უფრო დაცული იყოს?

- საზღვარგარეთ აივნებისთვის ხშირად გამოიყენება დასაკეცი კარები. არსებობს აივნის შემინვის ისეთი ხერხიც, როცა გორგოლაჭებით მინა მოაჯირზეა დამონტაჟებული. ამგვარად მისი დახურვა და გაღება შეიძლება. თუმცა საქართველოში ეს იშვიათად მინახავს, რადგან ძვირია. შეიძლება მოაჯირებზე გისოსებიანი კონსტრუქციის დაყენებაც. ასეთი საკითხების გადაწყვეტა ინდივიდუალური დიზაინის შემუშავებით უნდა მოხდეს და თუკი ცვლის ფასადის დიზაინს, მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობაა საჭირო.

- იოლად გაიცემა ასეთი ნებართვები?

- მთავარია, წარადგინო ფოტომონტაჟი, რომელიც კორპუსის გარე დიზაინს მიესადაგება. შესაძლოა, დეველოპერებმა და სამშენებლო კომპანიების მესვეურებმა გაითვალისწინონ მომხმარებელთა მოთხოვნა და მათ თავიდანვე შესთავაზონ დაცვის მექანიზმები. არქიტექტურის სამსახურს ვერ მოვთხოვთ, ასეთი საკითხები უსაფრთხოების სავალდებულო ნორმად ჩათვალოს.

შეიძლება თუ არა, სამშენებლო კომპანიებმა საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებისას მომხმარებლებს ფანჯრებსა და მოაჯირებზე

დაცვის მექანიზმების გათვალისწინება შესთავაზონ? "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის არქიტექტორი ლუკა გოგლიძე ესაუბრა:

- ჩვენ უსაფრთხოების ნორმებს ზრდასრული ადამიანებისთვის ვითვალისწინებთ... არქიტექტურის შეცვლა (მოაჯირებზე გისოსები, დასაკეცი კარები ან შემინვა) არასწორად მიმაჩნია. მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი მოთხოვნით მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართოს, მაგრამ მეეჭვება, ასეთი მოთხოვნა დაუკმაყოფილონ.

ეკა ასათიანი