16 წლის ბიჭი, რომელიც 14 კილოს იწონის და შვილების სიცოცხლისთვის მებრძოლი დედა - კვირის პალიტრა

16 წლის ბიჭი, რომელიც 14 კილოს იწონის და შვილების სიცოცხლისთვის მებრძოლი დედა

"რაც გაირკვა, რომ ახალშობილს თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა, მიგვატოვა"

ცნობილია, რომ ადამიანები იმაზე ბევრ რამეს ვნატრობთ და მოსაპოვებლადაც ვიბრძვით, ვიდრე გვჭირდება. ხოლო თუ ეს არ გამოგვდის, ვიტანჯებით. რეალურად თურმე ერთადერთი ნატვრა უნდა გვქონდეს, - ჯანმრთელები და ბედნიერები ვიყოთ ჩვენც და ჩვენი ახლობლებიც, რადგან უამისოდ ყველა ნატვრას ფასი ეკარგება.

გლდანში, ერთ უსახურ ბინაში სამი ადამიანი ქეთევან სვანიძე და მისი 30 წლისა და 16 წლის ვაჟები ენითაუწერელად იტანჯებიან. უფროსს, გურამს, 2 წლის განმავლობაში მუცელში ჯოჯოხეთური ტკივილები სტანჯავდა, რომლის მიზეზი ექიმებმა თავიდანვე ვერ დაადგინეს, - უფულობის გამო კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გურამს ნაწლავებთან შარდის ბუშტი ჰქონია შეხორცებული, რის შემდეგაც პერიტონიტი განვითარდა. პერიტონიტის ასალაგებლად ოპერაცია გაუკეთდა, მუცლის სწორი ნაწლავი მუცლის ღრუს ზემოთ ამოუტანეს მონელებული საკვებიდან გასათავისუფლებლად, თუმცა, ნაწლავები კვლავ შეხორცებულ მდგომარეობაში დაუტოვეს, მისთვის ხელის შეხება სარისკო აღმოჩნდა.

ქეთევან სვანიძის მეორე ვაჟი, 16 წლის კობა კი რამდენიმე თანდაყოლილი ავადმყოფობით იტანჯება, მათ შორის: ჰიდროცეფალიით, სიბრმავითა და სახსრების დაჭიმულობით. ამ დაავადებათა ფონზე მხოლოდ 14 კილოგრამს იწონის, ვერ დადის, მუდამ წევს და მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როცა ხელში დედა აიყვანს. დედაც ლამის მთელი ღამე დაატარებს ხელით, დღე კი უმოძრაო შვილს მეზობელს აბარებს და სამსახურში მიდის, მისი ხელფასი ოჯახის არსებობის წყაროა. ბოლო თვეებში მის ტვირთს უფროსი ვაჟის მოვლაც დაემატა, რომელიც ოპერაციის შემდეგ ასევე საწოლს მიეჯაჭვა.

ქეთევან სვანიძე:

- ყველა გოგონა ბედნიერებას ეძებს და მეც ვეძებდი, არადა, დიდი შეცდომა დავუშვი, - ნაადრევად გავთხოვდი და თან ისეთს გავყევი ცოლად, ერთხელაც დედა რომ არ მომშველებოდა, ალბათ მომკლავდა. სხვა გზა არ მქონდა, გავეყარე და მთელი სიყვარული შვილზე გადავიტანე. ალბათ ბედისწერა იყო და წლების შემდეგაც თითქმის იგივე შეცდომა დავუშვი, - როცა ვიფიქრე, რომ ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელთანაც ბედნიერი ოჯახი მექნებოდა, მაშინ დასრულდა ყველაფერი - კობას დაბადებისთანავე, რაც გაირკვა, რომ ახალშობილს ჯანმრთელობის მძიმე, თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა, მიგვატოვა.

ჩემს ადგილას ალბათ ნებისმიერი ადამიანი ჭკუაზე შეიშლებოდა, მე კი თითქოს რკინის აღმოვჩნდი, - 16 წელიწადია შვილს ხელით დავატარებ; ახლა მეორე შვილის უბედურებაც დამემატა, რასაც უსახლკარობა ახლავს, - ორი და თან საწოლს მიჯაჭვული შვილის შენახვა ფანტასტიკის სფერო გამოდგა, სულ რეანიმაციის განყოფილების კარზე ვიყავი აკრული, ჩემი ხელფასი წამლის ფულადაც არ მყოფნიდა, ამიტომ ბინა გავყიდე, - ვიფიქრე პატარა ბინას ვიყიდი და ვალებს გავისტუმრებ-მეთქი. მერე როგორც ხდება, პატარა ბინის გაყიდვაც მომიწია და ახლა ნაქირავებს ვარ შეხიზნიული ავადმყოფი შვილებით, სადაც საბედნიეროდ, ქირას მერია მიხდის.

- სამსახური ახსენეთ, ასეთ სიტუაციაში როგორ მუშაობთ?

- რომ არ ვიმუშაო, გავგიჟდები. მით უფრო, რომ უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული და სამსახურიც ნომალური მაქვს, ჩემი სამსახური ჩემთვის სულიერი ხსნაა; მატერიალურად კი ჩემი ხელფასი რამდენი ხანია წამლისთვის აღებული სესხების დაფარვას ხმარდება, 100 ლარიც კი აღარ მრჩება, რომ შვილებს საკვები მოვუტანო.

ბოლოს ერთ-ერთმა ბანკმა სასამართლოშიც კი მიჩივლა ვალის გადაუხდელობისთვის. ამას ისიც დაერთო, რომ სოციალური დახმარება მომიხსნეს, სამსახურში რომ ვიყავი, რადან ბინის კარი არავინ გააღო, წავიდნენ და დახმარება მოხსნეს, რომლითაც  შეგვეძლო საავადმყოფოში თანხების გარეშე გვემკურნალა, ახლა კი ეს უფლებაც წაგვართვეს. სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებ ჩემი უფროსი ვაჟი საავადმყოფოში სამკურნალო პროცედურებზე ვატარო.

არადა, ოპერაცია აპრილში გაუკეთდა, ახლა უკვე კომპიუტერული ტომოგრაფია სჭირდება იმის დასადგენად, შესაძლოა თუ არ გარეთ გატანილი ნაწლავის უკან ჩაბრუნება და რაც მთავარია, შეხორცებული ნაწლავების ერთმანეთისაგან დაშორება. იმაზე რომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ოპერაცია არ გაკეთდეს, და უფროსი შვილიც ინვალიდი დამრჩეს, ჭკუიდან გადავდივარ. ჩვენ კი კომპიუტერის ფულიც არ გვაქვს.

- მძიმე მდგომარეობაში ხართ, მაგრამ იმედის ნაპერწკალი უფროს შვილთან დაკავშირებით მაინც არის...

- უკვე გითხარით, რომ ჩემს მდგომარეობაში ალბათ ბევრი გაგიჟდებოდა, მე კი რკინის გამოვდექი. ხანდახან როცა კობა ტირის და ვერ ვხვდები რატომ ტირის, სად სტკივა, ლამის მართლა შევიშალო, ხელში ამყავს და აქეთ-იქით დავდივარ, 16 წელიწადია ნამდვილი ძილი რა არის, არ ვიცი, მაგრამ მის გარეშე მაინც ერთი წუთით არ მაცოცხლოს ღმერთმა. მის ტირილს მთელი სიცოცხლე ვუძლებ და ისევ გავუძლებ, ოღონდ იცოცხლოს. ადამიანს ღმერთი სულ არ გასწირავს, - ერთი კეთილი მეზობელი მყავს, ღმერთმა გაახაროს და კობას ის იტოვებს, როცა სამსახურში მივდივარ. იქ კი კარგი ადამიანები მუშაობენ და ჩემს მდგომარეობას ითვალისწინებენ, შეღავათს მიწევენ და დროზე ადრეც მიშვებენ. არც სხვაგან ვთაკილობ სამსახურს, ერთი ეგ არის, ფეხსაცმელი მაინც უნდა მქონდეს, რომ გარეთ გასვლა და სიარული შევძლო.

მითხრა ქეთევან სვანიძემ და ატირდა. გულდამძიმებული წამოვედი ოჯახიდან, რომელსაც დღეს ჩვენი თანადგომა შეიძლება ქვეყნაში ყველაზე მეტადაც კი სჭირდება.

ქეთევან სვანიძეს და მის ოჯახს კი შემდე ანგარიშზე შეგიძლიათ დაეხმაროთ:

საქართველოს ბანკი ანგარიში GE84BG0000000637693400.

მიმღები გურამ ლომსაძე.

პირადი ნომერი 01019034192.

სატელეფონო ზარი ბილაინიდან და მაგთიდან 0901701099 ( 1ლარი)

ტელეფონი: 555600520.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)