რა პრობლემებს აწყდებიან შშმ პირები დასაქმებისა და განათლების კუთხით - კვირის პალიტრა

რა პრობლემებს აწყდებიან შშმ პირები დასაქმებისა და განათლების კუთხით

ქუთაისელი ქეთი ჭიღლაძე 10 წელია ეტლით სარგებლობს. ქეთი დღის დიდ მონაკვეთს ძირითადად სახლში ატარებს, ვინაიდან არ მუშაობს. ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რაც დასაქმებაში ხელს უშლის, ეს შშმ პირებისთვის არადაპტირებული ტრანსპორტი და გარემოა.

„ქუთაისში არც ერთი სახეობის ტრანსპორტი არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული - არც მიკროავტობუსი, არც მუნიციპალური ტრანსპორტი და არც ტაქსი. შესაბამისად, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რომ ყოველდღიურად ვიარო სამსახურში. გარდა ამისა, დამსაქმებლები ძირითადად უმაღლეს განათლებასა და გამოცდილებას ითხოვენ“, - ამბობს ქეთი.

თუმცა, ყველაზე დიდ პრობლემას ქეთი თავად დამსაქმებელთა მხრიდან აწყდება, რომლებიც ნაკლები კეთილგანწყობით გამოირჩევიან შშმ პირების მიმართ.

„როგორც წესი, დამსაქმებლები თავს იკავებენ შშმ პირების სამსახურში აყვანისგან, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთი პირი ისე ვერ გაართმევს თავს საქმეს ან ისე სწრაფად და ხარისხიან ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, როგორც სხვა. გარდა ამისა, დამსაქმებლები ერიდებიან იმ ხარჯების გაწევას, რაც აუცილებელია დაწესებულებაში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის“, - აღნიშნავს ქეთი.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 1 მილიარდი ადამიანია, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ია. მათი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.

გაერო-ს შშმ პირების უფლებათა კონვენცია (CRDP) სახელმწიფოებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ ასეთი პირების სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. დღეისათვის კონვენცია მსოფლიოს 165 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშია რატიფიცირებული.

შშმ პირების დასაქმება მწვავე საკითხია მსოფლიოს მასშტაბითაც. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა მხოლოდ 44%-ია. შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებს შემუშავებული აქვთ დასაქმების ხელშეწყობის შიდა სქემა და დასაქმების ერთიანი პროგრამა.

აშშ-ში სპეციალური ორგანიზაციები პირდაპირ ეხმარებიან და ტრენინგებს უტარაბენ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ მზაობა დაასაქმონ შშმ პირები, ორგანიზაციები კომპანიებს ასევე ეხმარებიან ადაპტური გარემოს მოწყობაში.

ავსტრიაში შშმ პირების დასაქმების მხარდამჭერი პროგრამა 1992 წელს დაიწყო როგორც საპილოტე პროექტი, დღესდღეობით კი ეროვნული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალგაზრდა შშმპ-ის დასაქმებას და სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან მათ მოხვედრას შრომის ბაზარზე. დასაქმების მხარდამჭერი პროგრამა ფინანსდება ეროვნულ დონეზე - 40%-ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფედერალური სოციალური უზრუნველყოფის ოფისის მეშვეობით, ევროპის სოციალური ფონდიდან - 35%-ით, 25% ე.წ. „საკომპენსაციო“ ფონდებიდან - დამსაქმებელი, რომელსაც ჰყავს 25 ან მეტი დასაქმებული, თითოეული 25 დასაქმებულიდან უნდა ჰყავდეს ერთი შშმ პირი, თუ ის ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს, მან უნდა გადაიხადოს გარკვეული თანხა ყოველთვიურად, რომელიც დასაქმების მხარდამჭერი პროგრამის ბიუჯეტში ირიცხება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 123, 607 შშმ პირია რეგისტრირებული, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,3% შეადგენს.

საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიშის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით ჯამში 112 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 77 ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებშია დასაქმებული, 22 - სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატში, 9 - აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში, 1-1 - სასამართლოსა და საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 2 - სსიპ-ში. აღსანიშნავია, რომ არც ერთი შშმ პირი არ არის დასაქმებული საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში.

თსუ-ს შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 750 საწარმოში სულ დასაქმებულია 1 108 შშმ პირი.

ქეთის გარდა, მსგავს პრობლემებს დასაქმებისა და განათლების მიღების კუთხით საქართველოში მცხოვრები შშმ პირების უმრავლესობა აწყდება.

შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს არქონასა და როგორც დამსაქმებელთა, ასევე საზოგადოების მხრიდან არასწორ დამოკიდებულებაზე საუბრობს სოციალური საწარმოს „ერთად“ დამფუძნებელი გიორგი ალავიძე.

„გარემოს ადაპტირების საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც კვლავ გადაუჭრელია. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული, რომ გარემო შშმ პირებისთვის გახდეს უნივერსალურად ადაპტირებული. თუმცა ზოგადად ცუდი დამოკიდებულებაა თვითონ საზოგადოების მხრიდან, მიდგომა ამ ადამიანის მიმართ არის ძალიან ცუდი. ასეთ ადამიანებს საზოგადოების დიდი ნაწილი საცოდაობის, დახმარების ობიექტად განიხილავს და არა - სრულფასოვნად და თანასწორ ადამიანებად. ძალიან რთულია თვალი დახუჭო, როდესაც ხედავ, როგორ ეცვლებათ ადამიანებს მომღიმარი გამომეტყველება მოღუშულად შშმ პირების დანახვაზე“, - აღნიშნავს გიორგი ალავიძე.

მისი თქმით, გარდა არადაპატირებული გარემოსი, დამსაქმებელთა მხრიდან შშმ პირები კიდევ ერთ მწვავე პრობლემას აწყდებიან - რაც დამსაქმებელთა მხრიდან მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მოთხოვნაშია.

„შშმ პირების უმეტესობას სკოლა არ აქვს დამთავრებული, ამთავრებენ ექსტერნად. ამ ადამიანების განათლების პრობლემა ყოველთვის იყო და არის. ხშირად როდესაც ცხადდება შშმ პირებთან დაკავშირებით ვაკანსია, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია, რომელსაც მხოლოდ ერთეულები დააკმაყოფილებენ. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, ვფიქრობ, ბოლო მომენტში დამსაქმებელი უპირატესობას მაინც არ ანიჭებს შშმ პირს“, - ამბობს გიორგი ალავიძე.

სოციალური საწარმოს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ბიზნესი უნდა დააინტერესოს შშმ პირების დასაქმების კუთხით და ამ მიზნით საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისიუფლოს.

„ამ ეტაპზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია შშმ პირი, რომლის ანაზღაურებაც წლიურად 6 ათას ლარს არ აჭარბებს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ თუ პირს უფრო მაღალი ანაზღაურება ექნება, მას მოუწევს საშემოსავლოს გადასახადი, რაც მიმაჩნია, რომ არ არის სწორი და ვფიქრობ, ეს თანხა სულ მცირე 12 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს“, - ამბობს გიორგი ალავიძე.

სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლია ტაბატაძე აღნიშნავს, რომ კერძო კომპანიებისა და კერძო ბიზნესის მხრიდან შშმ პირების დასაქმების მზაობა თითქმის არ არსებობს. მისი თქმით, შშმ პირები ძირითადად საჯარო სამსახურში არიან დასაქმებული მცირე რაოდენობით და ისიც მხოლოდ ეტლით მოსარგებლეები. მენტალური დარღვევების ან ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირების დასაქმების ფაქტი კი ფაქტობრივად არ არსებობს. ასეთი პირები მხოლოდ სოციალური ტიპის საწარმოებში ან შრომით თერაპიაში არიან ჩართული.

„ბაბალეს“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პრობლემის საწყისი განათლების სისტემაშია, რომელიც შშმ პირებს არ აძლევს იმ პროფესულ უნარებს, რაც შემდეგ დასაქმებაში გამოადგებათ. მისი თქმით, მობილობის შეზღუდვის თემაა, ეტლით მოსარგებლე ძირითადად ვერ შედის ქვეყანაში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც არ არის ადაპტირებული გარემო არც ეტლით მოსარგებლეებისთვის, არც უსინათლოებისთვის და არც სმენის არმქონეთათვის.

„ძალიან ცოტა სტუდენტია. შეიძლება ჩაირიცხოს, მაგრამ ფიზიკურად ვერ იაროს სასწავლებელში, რადგან გადაადგილების პრობლემა აქვს“, - ამბობს ლია ტაბატაძე.

პროფესიულ სასწავლებლებში მეორე წელია დაიწყო ინკლუზიური განათლება, თუმცა ფართო არჩევანს არ სთავაზობს სამსახურის მაძიებლებს. პროფესიული სწავლების გავლის მერეც ადამიანები ვერ საქმდებიან. სახელმწიფომ ასევე დაიწყო დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დასაქმების მაძიებელ შშმ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირება კონკრეტულ საიტზე, თუმცა გამოხმაურების ტენდენცია დამსაქმებელთა მხრიდან ძალიან დაბალია.

„სახელმწიფოში არ არსებობს დასაქმების ერთიანი პოლიტიკა, რომ ადამიანს მიყვნენ თავიდან ბოლომდე. შშმ პირები ხშირად მოკლევადიან პროექტებზე საქმდებიან, რომლის დასრულების შემდეგ ისინი კვლავ უსამსახუროდ რჩებიან“, - ამბობს ლია ტაბატაძე.