"ერთი ჭურვის ჩამოვარდნაც საკმარისია, საკუთარმა შეიარაღებამ რომ გაგვანადგუროს" - სერჟანტი ქალის ბრძოლა სამშობლოსთვის - კვირის პალიტრა

"ერთი ჭურვის ჩამოვარდნაც საკმარისია, საკუთარმა შეიარაღებამ რომ გაგვანადგუროს" - სერჟანტი ქალის ბრძოლა სამშობლოსთვის

"ჩვენი ბატალიონიდან ავღანეთში სამნი წავედით"

"ხშირად მეკითხებიან, მთელი ცხოვრება ჯარში გაატარე და ოჯახისთვის როდისღა გრჩება დროო? - რა ვიცი, როგორღაც მრჩება. თანაც, ოჯახი ჩემს საქმეს გაგებით ეკიდება", - ამბობს ჩვენთან საუბარში სერჟანტი თამარ გელაშვილი. ის ერთ-ერთი მათგანია, ვის თვალწინაც ქართული არმია ჩამოყალიბდა...

1990-იანი წლების რთული პერიოდიდან ყველაფრის დეფიციტი ახსოვს: სამედიცინო ნივთებისთვის თანხას მომსახურე პერსონალი ვაგროვებდითო. მის "ანგარიშზეა" სამშვიდობო მისიები - ერთი ერაყში და ორიც - ავღანეთში... შუალედში კი, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო.

თამარ გელაშვილი, სერჟანტი, მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის სამედიცინო პუნქტის მოსამსახურე:

- ჯარში 1989 წლის 1-ლი სექტემბრიდან ვარ. მაშინ საბჭოთა არმია იყო და იქ ვმსახურობდი. ახალციხელი გახლავართ და იმ პერიოდში სამი წელი რუსების ახალციხის დივიზიის სამხედრო ჰოსპიტალში მომიხდა ყოფნა. 1992 წელს ახალციხიდან რუსები გავიდნენ და ქართული ნაწილის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ, ქართულ ჯარში ვარ. თუმცა, "გასამხედროება" 1997 წელს "გამიკეთდა", როცა თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე იყო... მანამდე ამ პროფესიის ადამიანები სამოქალაქო პირებად ვითვლებოდით.

- 1990-იანი წლების ქართულ ჯარში სამსახურს როგორ გაიხსენებთ?

- იმ დროს ქვეყანას უჭირდა და ბევრი სირთულეც იყო. მახსენდება ისეთი პერიოდები, როდესაც ჯარისკაცებისთვის მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთების ფულს ექთანები და ექიმები ვაგროვებდით. სამინისტროდან საკმარისი მომარაგება არ გვქონდა. რუსებმა, გარკვეული მარაგი კი დატოვეს, მაგრამ აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, იქ გავგზავნეთ.

2003 წელს ყველაფერი ერთბაშად და რადიკალურად შეიცვალა, - ყველა სამხედრო ჰოსპიტალი დაიხურა და მხოლოდ გორში აშენებული, ახალი ჰოსპიტალი დარჩა. ახალციხეში იდგა 22-ე ქვეითი მოტომსროლელი ბრიგადა, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა მე-3 ქვეითი ბრიგადა...

- ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში თუ მონაწილეობდით?

- არა, თუმცა, 2008 წლის ომში ვიყავი...

- მანამდე, როგორც ვიცი, რამდენიმე სამშვიდობო მისია გამოიარეთ.

- დიახ, 2007 წელს პირველად წავედი სამშვიდობო მისიაში - ერაყში, სამედიცინო ექთანის სტატუსით. მაშინ ხშირად მეკითხებოდნენ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, სამშვიდობო მისიით წასვლა რისკებთან არ იყო დაკავშირებულიო?! ბავშვობიდან მიზიდავდა სამხედრო საქმე, ამიტომაც წავედი არმიაში. მქონდა შესაძლებლობა, სამოქალაქო სექტორში გადავსულიყავი, მაგრამ ვერ შეველიე... როდესაც კამუფლაჟი და ჩექმა გაცვია, ისიც უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ მხოლოდ შენს ოჯახს არ ეკუთვნი...

მაშინ ერაყში ჩემს ქვედანაყოფს უწევდა წასვლა და არც მე ვიყავი უარზე. სადაც ჩემი ბიჭები იყვნენ, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი... ჯერ ალკუტში ჩავფრინდით, სადაც ერთი თვე გავატარეთ, იქიდან კი ბაღდადში 33-ე ბატალიონს შევუერთდით. მეთაურობამ გადაწყვიტა, რომ ბატალიონს ექიმი და ორი ექთანი წაჰყოლოდა...

- თქვით, რომ 2008 წლის ომში მოგიწიათ მონაწილეობამ...

- გაიცა ბრძანება და შუადღის 3 საათისთვის კოლონა დაიძრა. გვიან საღამოს, ჩვენი საარტილერიო ბატალიონი სოფელ დიცთან შეჩერდა. უკვე სროლები ისმოდა და ჩვენებმაც გაისროლეს... მოგვიანებით, ადგილი შეგვაცვლევინეს. როგორც გაირკვა, მტერმა ჩვენი ადგილმდებარეობა დაადგინა და ერთი-ორი ჭურვი ჩამოაგდო, მაგრამ გამოსვლა მოვასწარით. შემდეგ ჩვენი ბატალიონიდან, ორი ექთანი ნაღმტყორცნელთა ასეულთან ერთად წავედით, მაგრამ მალევე, უკან დახევის ბრძანება გაიცა... არსებობს ასეთი გამოთქმა, - არტილერიაში ან ყველა იღუპება, ან არავინ. ქვემეხებს ისეთი განლაგება აქვს, რომ ახლომახლო ერთი ჭურვის ჩამოვარდნაც საკმარისია, საკუთარმა შეიარაღებამ რომ გაგვანადგუროს... ჩვენს ბრიგადას ძალიან კარგი ბატალიონის მეთაური ჰყავდა, კაპანაძე. მან უკან დახევა მობილიზებულად, პანიკის გარეშე განახორციელა. მოგვიანებით თბილისის ზღვასთან დავბანაკდით და იცით ალბათ ის ამბები, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსები თბილისისკენ მოდიანო. ყველას ერთნაირი ფსიქოლოგია არ აქვს და რამდენიმემ ბატალიონი დატოვა. თავიდან მედდები ლისზე ავედით, მაგრამ შემდეგ, მეთაურის გადაწყვეტილებით, ისევ ბრიგადაში დაგვაბრუნეს...

კითხვის გაგრძელება