საქართველო კინოფონდს იბრუნებს - მოსკოვი 700-ზე მეტ ქართულ ფილმს გადმოგვცემს, პროცესი ნოემბრიდან დაიწყება - კვირის პალიტრა

საქართველო კინოფონდს იბრუნებს - მოსკოვი 700-ზე მეტ ქართულ ფილმს გადმოგვცემს, პროცესი ნოემბრიდან დაიწყება

საბჭოთა კავშირის ნებისმიერ რესპუბლიკაში გადაღებული ფილმების ორიგინალი ვერსია, როგორც წესი, მოსკოვში იგზავნებოდა. ქვეყანაში კი რჩებოდა მხოლოდ ე.წ. დუბლ-ნეგატივი, რომელიც ხარისხით ბევრად ჩამორჩებოდა ფილმის ორიგინალს. უკვე დიდი ხანია დაიწყო მოლაპარაკება რუსეთთან საქართველოსთვის ქართული ფილმების ორიგინალი ვერსიების დაბრუნების თაობაზე, როგორც ირკვევა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საქართველოს კინოფონდს 706 ფილმი-ორიგინალი დაუბრუნდება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ფილმების პირველი ნაწილი ნოემბრის დასაწყისში დაბრუნდება სამშობლოში.

„მთელი ჩვენი კინოარქივი - ორიგინალი ფილმები მოსკოვში ინახება. უკვე რამდენიმე წელია ამ საკითხზე ვმუშაობთ. 2 წლის წინ მემორანდუმი გავაფორმეთ, ახლა კი ამ შეთანხმებას განვახორციელებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის წარმომადგნელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნანა დოლიძემ განაცხადა, ორი წლის განმავლობაში გვარდებოდა სხვადასხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საკითხი, ქართული მხარე კი კონსულტაციებისთვის ევროპის სხვადასხვა ფონდების დახმარებით იძენდა გამოცდილებას.

„უკვე იმ ეტაპამდე მივედით, როცა საქართველოში ფილმების გამოგზავნა უნდა დაიწყოს. მემორანდუმი შეეხება კონკრეტულად 1921 – 1991 წლების პერიოდს, ანუ იმ ფილმებს, რომელიც საბჭოთა კავშირში გადაიღეს. მთლიანობაში კი 706 ფილმია, როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე ანიმაციური“.

ცნობილია ისიც, რომ ფილმების უმეტესი ნაწილი, რომელიც საქართველოში ინახებოდა, ქვეყნის დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ ხანძარმა იმსხვერპლა, ზოგიერთი მათგანი კი მოუვლელობის და პირობების არარსებობის გამო განადგურდა.

„არქივიდან თითქმის აღარაფერი დაგვრჩა, მხოლოდ მცირე ნაწილი“, - განაცხადა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ბი-ბი-სი-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში.

პირველ ეტაპზე საქართელოს მიხეილ ჭიაურელის, ლეო ესაკიას და ნუცა ღოღობერიძის რამდენიმე ფილმი დაუბრუნდება. ფილმებს საქართველოს ეროვნულ არქივში შეინახავენ. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ