"მანქანამ ორი ბრუნი გააკეთა, ბიჭები გადმოცვივდნენ... ზოგი შიგ მოიყოლა" - კვირის პალიტრა

"მანქანამ ორი ბრუნი გააკეთა, ბიჭები გადმოცვივდნენ... ზოგი შიგ მოიყოლა"

რა მდგომარეობაში არიან ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები?

21 ოქტომბერს დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში, შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები კი თბილისში გადმოიყვანეს.

ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი - სტაბილური.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, რენიმაციულ განყოფილებაშია, ორი მათგანი ნეიროქირურგიის განყოფილებაშია და მათი მდგომარეობა სტაბილურია, კიდევ ერთი სამხედრო ქირურგიულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობაც სტაბილურია.

მომხდარ ავარის მოქალაქე რუსუდან კიკილაშვილი შეესწრო, რომელმაც "ფეისბუკზე" პოსტი გამოქვეყნა.

"საშინელი დღე და საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩემს თვალწინ დატრიალდა. ავარია, სადაც ჯარისკაცების მანქანა გადავარდა, მანქანის ბორტზე ოცდათხუთმეტი პატარა ჯარისკაცი იჯდა, სახლში მიდიოდნენ. მანქანამ ორი ბრუნი გააკეთა, ბიჭები გადმოცვივდნენ და ზოგი შიგ მოიყოლა. მეგონა, რომ ადამიანთა სასაკლაოზე მოვხვდი, ბიჭების მიმოფანტულები იყვნენ, არცერთი არ ინძრეოდა. მანქანა ჯერ კიდევ მუშაობდა. სისხლის გუბეები, პანიკა და გამვლელი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ მათ დახმარებას.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ერთის გადარჩენა და ადგილზე დაიღუპა. საშინელი ტრაგედიაა, რომელიც არასდროს გამოვა ჩემი თვალებიდან", - წერს კიკილაშვილი.

წყარო

ფოტო: რუსუდან კიკილაშვილი