"თუ ცეკვა გინდა, უნდა იცეკვო"! - ვინ არის ქალი, რომლის როკ-ენ-როლი ინეტერნეტჰიტად იქცა? - კვირის პალიტრა

"თუ ცეკვა გინდა, უნდა იცეკვო"! - ვინ არის ქალი, რომლის როკ-ენ-როლი ინეტერნეტჰიტად იქცა?

"23 წელია შვილი არ გვყავს, ამის გამო ჩვენ შორის კონფლიქტი არ ყოფილა და არც იქნება"

"მადლობა ყველას, ვინც ასე თბილად მიიღო ჩემი ცეკვა"

მისმა შესრულებულმა როკ-ენ-როლმა მართლაც მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საზოგადოება აღფრთოვანებაში მოიყვანა ქალბატონის არა მხოლოდ ენერგიულად შესრულებულმა საცეკვაო ილეთებმა, არამედ საოცრად პოზიტიურმა და სიხარულიანმა განწყობამ. ვინაიდან, ფაქტობრივად, თინეიჯერებთან ერთად ცეკვავდა, ყველამ რატომღაც მიიჩნია რომ მასწავლებელი იყო. kvirispalitra.ge-მ გადაწყვიტა მოეძებნა ეს ქალბატონი და თქვენთვის გაეცნო.

როგორც გაირკვა როკ-ენ-როლის მოცეკვავე 46 წლის ლამარა ხოროიშვილია, რომელიც აჭარაში ცხოვრობს.

ლამარა ხოროიშვილი:

- ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი და ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ როკ-ენ-როლმა ისე გამიტაცა, ცეკვა ჩემით ვისწავლე და დღემდე სადაც საშუალება მეძლევა, გატაცებით ვცეკვავ, ძალიან მიყვარს. სამარშრუტო ტაქსშიც, რომ ვიჯდე და როკ-ენ-როლი ჩართონ, მაკნაკალებს ცეკვის სურვილისგან და ლამის ადგილზე ავცეკვდები ხოლმე...

- სად არის ეს ცეკვა გადაღებული, რომელიც ყველამ ვნახეთ?

- ჩემი ქმრის ბიძაშვილის შვილის ქორწილი იყო. ჩვენთან აჭარაში ასეთი წესია, ქორწილის მეორე დღეს სტუმრებს ტორტზე ეპატიჟებიან, მე და ჩემი მეუღლეც დაგვპატიჟეს. ზოგადად, მხიარულება და ახალგაზრდებთან ერთად ხალისი ძალიან მიყვარს, უკვე ყველაფერი ჰქონდათ ნაცეკვი (ქართული ცეკვები, თანამედროვეები, "პაპიტოზეც" იცეკვეს), ჰოდა, თამადას ვთხოვე როკ-ენ-როლს ვიცეკვებ-მეთქი და ვიცეკვე ის, რაც ყველამ ნახეთ. სხავთა შორის, ისე მოეწონათ, რომ მერე სხვა მუსიკა აღარც დაუკრავთ, ყველას უნდოდა ჩემთან ეცეკვა, იძულებული გავხდი სუფრიდან გავპარულიყავი. ეს ვიდეო გადაიღო ერთმა კარგმა ბიჭმა, რომელსაც "ფეისბუკზე"დაუდია, მე კომპიუტერიც არ მაქვს.

- თუ ელოდით საზოგადოების ასეთ რეაქციას?

- სახლში ყველანაირი ტექნიკა მაქვს, გარდა კომპიუტერისა, არ მაინტერესებდა აქამდე, თორემ როგორმე შევიძენდი. რაღა დაგიმალოთ და ამ ამბების მერე გამიჩნდა სურვილი და ალბათ ვიყიდი კიდეც. რაც შეეხება რეაქციას, სიმართლე რომ ვთქვა, ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი. ლხინი იმისაა რომ იმხიარულო, იმღერო და იცეკვო, ცეკვა მეთაკილებოდეს, არც ვიცეკვებდი. იმათ, ვისაც მართლა ესიამოვნა და მოეწონა ჩემი ცეკვა, პირობას ვაძლევ კიდევ არაერთხელ ვიცეკვებ (იცინის).

- ქალბატონო ლამარა, რა პროფესის ბრძანდებით?

- რატომღაც ბევრს ვეგონე მასწავლებელი, თუმცა ასე არაა. დამთვარებული მაქვს წითელი ჯვრის სამედიცინო კურსები და ექთანი ვარ. ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭს ვუვლი და იქვე ამ ადამიანთან ვცხოვრობ. ჩემთვის შვილივითაა უკვე... მყავს მეუღლე, რევაზ კახიძე. იმას შემოევლოს ჩემი თავი. ჩვენ არ ვართ დაბოღმილი ცოლ-ქმარი. 23 წელია შვილი არ გვყავს, ამის გამო ბევრი წყვილი კამათობს ხოლმე, მაგრამ ჩვენ შორის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა და არც იქნება 100 წელი. ზოგ ქმარს არ უყვარს როცა მისი ცოლი ცეკვავს, ჩემ ქმარს, პირიქით, უხარია. როცა სადმე ერთად მივდივართ, ყოველთვის უკვეთავს როკ-ენ-როლს, რადგან იცის რომ ეს ცეკვა განსაკუთრებით მიყვარს

- ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც ცეკვის კომპლექსი აქვს ...

- კარგით, ხალხო, რა არის მოსარიდებელი?! ცეკვა სრიცხვილი არაა. ცეკვა ხელოვნებაა... ყველას ვურჩევ რაც გულში აქვთ, აისრულონ, თუ ცეკვა გინდა, უნდა იცეკვო! ზოგს კარგად გამოუვა, ზოგს - ცუდად, მთავარია, რომ სურვილს აისრულებენ.

- თქვენს ყოველდღიურობაში ამ ვიდეომ რამე შეცვალა?

- უპირველესად მადლობა ყველას, ვინც ასე თბილად მიიღო ჩემი ცეკვა. შეიძლება ბევრი პრობლემა მქონდეს და ერთი ვიდეო ცხოვრებას ვერ შემიცვლის, მაგრამ ხალხის სითბომ და სიყვარულმა, ისეთ ხასიათზე დამაყენა და ისე გამაბედნიერა, რომ უფრო ენერგიული და ხალისიანი გავხდი.

იხილეთ ვიდეო

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)