რომელმა ფილმმა გაიმარჯვა 64 ნომინაციაში? - კვირის პალიტრა

რომელმა ფილმმა გაიმარჯვა 64 ნომინაციაში?

როგორია მამაკაცისთვის იდეალური ქალი? „მაგარი გოგო“, რომელიც არასოდეს არ უბრაზდება მას, ყოველთვის იღიმის და უგებს ყველაფერში. მაგრამ, რისი გაკეთება შეუძლია ასეთ „მაგარ გოგოს“ მაშინ, როდესაც მამაკაცს ნელ-ნელა ბეზრდება ის და ყურადღებას ადუნებს მის მიმართ?

ნიკი და ემი ერთი შეხედვით ფანტასტიური წყვილია, რომელთაც ერთი და იგივე ინტერესები ამოძრავებთ, ერთნაირი წარმოდგენა აქვთ გარესამყაროზე და უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ასე ხდება ქორწინებამდე, თუმცა ქორწინების შემდეგ ყველაფერი იცვლება. ემისთვის ნიკი მოსაწყენი და აგრესიული ქმარი ხდება, ხოლო ნიკისთვის ემი ჯიუტი და შესაგუებლად გაუსაძლისი ცოლი. ამას ისიც ემატება, რომ ქორწინების ხუთი წლის თავზე ემი მოულოდნელად უჩინარდება, ყველა სამხილი კი მიუთითებს, რომ ამაში დამნაშავე ნიკია. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება.

ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის დევიდ ფინჩერის ფილმის- „გაუჩინარებული ქალი“ სიუჟეტია, რომელიც მან გილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანზე დაყრდნობით გადაიღო. ცოლ-ქმრული, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, ფსიქიკური პრობლემები და სხვადასხვა ადამიანური გრძნობები ფილმს ისეთ საინტერესოს და ჩამთრევს ხდის, რომ ეკრანს ვეღარ წყდები. ფილმს მთელი სიუჟეტის განმავლობაში გასდევს დაძაბული ემოციური ფონი, რომელიც მის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მტკიცდება და ბოლო წუთამდე გიჭირს იმის წარმოდგენა რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ან როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. „გაუჩინარებული ქალი“ ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა როგორც კინოკრიტიკოსების, ასევე მაყურებლის დიდი სიმპათია. ფილმში მთავარ როლებს ბენ აფლეკი და როზამუნდ პაიკი თამაშობენ, ამ უკანასკნელის შესრულებული როლით კრიტიკოსები იმდენად მოიხიბლნენ რომ იგი ოსკარზეც კი წარადგინეს. ფილმმა, სხვადასხვა დაჯილდოვებებში, საერთო ჯამში 169 ნომინაცია და 64 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის 4 ნომინაციაზე და ბაფტას 2 ნომინაციაზე. ფილმმა ჯერ კიდევ გამოსვლამდე დაიმსახურა მაყურებელთა დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა, რაც საბოლოო ჯამში გამართლდა და მოგებაზეც აისახა, „გაუჩინარებული ქალი“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია ფინჩერის კარიერაში.

ფილმს ისევე როგორც წიგნს დიდი გამოხმაურება მოყვა საქართველოშიც, ამიტომ გამომცემლობა პალიტრა L-მა ის თავისი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში “Top თრილერი“ გამოსცა. ასე რომ, New York Times- ის ბესტსელერების სიაში შესული, ამერიკელი მწერლის- ჯილიან ფლინის წიგნის “გაუჩინარებული ქალის“ წაკითხვა უკვე ქართველი თრილერის მოყვარული მკითხველისთვისაც არის შესაძლებელი.