წინანდლის სახლ-მუზეუმში გამართულმა დიალოგმა წამყვანი ქალაქების საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლა - კვირის პალიტრა

წინანდლის სახლ-მუზეუმში გამართულმა დიალოგმა წამყვანი ქალაქების საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლა

„დიალოგი იმპერატორ ცინთან“ მოძრავი გამოფენაა, რომელიც იმპერატორ ცინის ტერაკოტის არმიის თანამედროვე განსახიერებაა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოფენის მოწყობას სამწლიანი მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა წინ. თანამედროვე ხელოვნების 30 საუკეთესო ევროპელი და ჩინელი სკულპტორის ნამუშევრის მსოფლიო მასშტაბით ტრანსპორტირება და წინანდალში ჩამოტანა კომპანია „სილქროუდ ჯგუფმა“ უზრუნველყო.მშვიდობის მარშისთვის შექმნილმა არმიამ მსოფლიო საქართველოს გავლით მოიარა.

მოძრავმა გამოფენამ სტარტი 2011 წელს ბრიუსელიდანაიღო და ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ერთი წლის განმავლობაში 8 დიდი ქალაქის მუზეუმში წარდგა დამთვალიერებლის წინაშე. ევროპაში დაბრუნებული ექსპოზიციის პირველი გამოფენა ტალინში შედგა. შემდეგ „დიალოგი იმპერატორ ცინთან“, საქართველოში, წინანდალში გაიმართა და აქედან მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გააგრძელა.

იმპერატორი ცინის ტერაკოტის არმიამ მრავალი საუკუნის შემდეგ ახალი სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. ევროპელი და ჩინელი მოქანდაკეების მიერ შექმნილი 30 მამაცი მეომარი ევროპიდან ჩინეთში გაემგზავრა, არა ომის და დაპყრობის სურვილით, არამედ მშვიდობისთვის და შემოქმედებისთვის, დამეგობრებისთვის და დიალოგისთვის.

"დიალოგი იმპერატორ ცინთან" ლონდონი

საქართველოს შემდეგ დიალოგი შედგა პორტუგალიაში, ჰოლანდიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში. რამდენიმე დღის წინ კი გამოფენა ლონდონში გაიხსნა და გახსნის დღიდანვე მიიქცია ხელოვნების მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან წარმოდგენილი ნამუშევრები მეტია ვიდრე უბრალო ექსპონატები, ისინი ჩვენი დროის მსოფლიო მშვიოდობას იცავენ. „როგორც იმპერატორ ცინის მარადიულ მშვიდობას იცავს ტერაკოტას არმია, ასევე თანამედროვე არმია დაიცავს ჩვენი დროის მსოფლიო მშვიდობას“, - აცხადებენ გამოფენის ბელგიელი ორგანიზატორები.

წინანდლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცე

წინანდლის მუზეუმი 2008 წლიდან მასპინძლობს სამხატვრო გამოფენებსა და მუსიკალურ ღონისძიებებს. მუზეუმში მოეწყო სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, პიიტმონდრიანის,ელენე ახვლედიანის, ალექსანდრე ბანძელაძის, კარლო კაჭარავას და სხვათა ნამუშევრების გამოფენები. ევროპელი და ჩინელი მოქანდაკეების მიერ 21-ე საუკუნეში შექმნილი ქანდაკებების გამოფენამ ქართული საზოგადოება ევროპის თანამედროვე ქანდაკების ესთეტიკას აზიარა დაამავე დროს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის მონაწილე გახადა.

გამოფენა ემსახურება ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების, კულტურათაშორის დიალოგის გაღრმავებას. არმიას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმში ცხოვრობს, წვლილი შეაქვს დიალოგზე დაფუძნებული მსოფლიოს შენებაში და საქართველო ამ დიალოგის მონაწილე გახდა, როგორც დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ხელოვნებასა და ჰუმანიზმზე დამყარებული ხიდი. თანამედროვე მოქანდაკეების ხელით შექმნილი ჩინეთის და ევროპის დიალოგი ზუსტად ერგება ამ მისიას.