"არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ"

21 წლის იყო, როდესაც სატელევიზიო კარიერა დაიწყო. სილამაზითა და გამართული მეტყველების უნარით დაჯილდოვებული მოსწავლე სკოლაში მალევე გამოარჩიეს. მშობლების რადიოში მუშაობის მიუხედავად, ჟურნალისტობაზე არასოდეს უფიქრია.

პროფესიით უცხო ენების სპეციალისტმა, დონარა კინწურაშვილმა თავისი ცხოვრება მაინც ტელევიზიას დაუკავშირა და თითქმის 50 წელი საქართველოს მოსახლეობას ტელეეკრანიდან ესაუბრებოდა.

- ქალბატონო დონარა, როგორ მოხვდით ტელეეკრანზე?

- მშობლები რადიოში მუშაობდნენ, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტობაზე არ მიფიქრია. ერთხელ პიონერთა სასახლეში საახალწლო გადაცემისთვის ბავშვებს არჩევდნენ. შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად სკოლიდან დირექტორმა გამიშვა. ლექსი უნდა მეთქვა, დავიწყე, მაგრამ ბოლომდე თქმა არ მაცალეს, გული დამწყდა, ვიფიქრე, არ მოეწონათ მეთქი, მაგრამ დამტოვეს... ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ტელეკრანზე. შემდგომში პიონერთა სასახლეში თუ რამე ღონისძიება ტარდებოდა, ყოველთვის მიძახებდნენ, თუმცა ამის მერე თავი დავანებე წამყვანობას და უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე.

ერთხელაც ჩემი ძმის ამხანაგი, ცნობილი მთარგმნელის ვენერა ურუშაძის ვაჟიშვილი მოვიდა ჩვენთან. სახლში დიდი ფარდები გვეკიდა, გავწიე ეს ფარდები და მურმანს მივესალმე. გაეცინა და ჩემ ძმას უთხრა: კინოსტუდიაში არ უშვებ, ტელევიზიაში დიქტორად მაინც გაუშვიო.

შევეწინააღდეგე დიქტორად არ მინდა, ჟურნალისტობა მინდა-მეთქი. მურმანმა ტელევიზიის იმჟამინდელ დირექტორ კაკო ძიძიგურთან მიმიყვანა, მასთან ერთად ჯულიეტა ვაშაყმაძე და თენგიზ ნათაძე იყვნენ, გაუხარდათ ჩემი მისვლა, გამომცადეს და ყველას მოვეწონე. 1963 წელს დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში. 21 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ჩაწერიდან გამოვედი, ეს იმდენად სასიამოვნო იყო, მეგონა, რომ უკვე ყველა მცნობდა და ყველა მე მიყურებდა. ტელევიზიაში თითქმის 50 წელი დავყავი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი ვარ...

- როგორც ვიცი, ბი-ბი-სი -ს პირდაპირ ეთერშიც მოგიწიათ ყოფნა...

-ბი-ბი-სი -ს გადამღები ჯგუფი ჩამოსული იყო იმისათვის, რომ გადაეღო მოკავშირე რესპუბლიკების ხალხური შემოქმედება და წარედგინა ინგლისისთვის. იმ წელს პირველად იღებდა მონაწილეობას საქართველო. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩაიწერა ჩემი გამოსვლა და ცოტა ხნის შემდეგ ბი-ბი-სი -დან მოვიდა მადლობის წერილი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარდგენაში შეტანილი წვლილისათვის.

- დღეს ტექნიკის მხრივ უფრო მარტივადაა საქმე, თქვენ დროს კი სუფლიორიც არ იყო...

- ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ. არც ტექნიკა გვქონდა წესიერი, ფუჭდებოდა და კარგა ხანს ველოდით ხოლმე მის გაკეთებას... გააკეთებდნენ, მერე ისევ მალევე ფუჭდებოდა, ახლა რომ ვფიქრობ, საშინელ პირობებში ვმუშაობდით. სულ ძველ და გაფუჭებულ ტექნიკას გვიგზავნიდა რუსეთი. დღეს ტექნიკა განვითარებულია და მიხარია. ერთხელ ჩვენთან საკავშირო შოუ-პროგრამების რედაქტორი მასლიაკოვი ჩამოვიდა, გაოცებული იყო, როგორ მუშაობთ ამ პირობებშიო.

- რა შენიშვნები გაქვთ დღევანდელი მედიის მუშაობასთან და რა რჩევებს მისცემდით ჟურნალისტებს?

- პირველი რიგში, მინდა, ყურადღება ჟურნალისტების ჩაცმის სტილზე გავამახვილო, რაც საშინლად არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ. ასე როგორ შეიძლება, ჩაცმის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ოპერაში საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, ოდნავ ჩახსნილი, რეკავს გადაცემის ავტორი, დონარას უთხარით რამე მოიხუროსო. ახლა კი ისეთი განუკითხაობაა, არ ვიცი. ალბათ სიამოვნებთ, ასეთ გაშიშვლებულ გოგონებს რომ უყურებენ.

- რომელ არხს უყურებთ?

- სადაც კარგი გადაცემებია, იქ გადავრთავ ხოლმე. მე როგორც "საზოგადეობრივი მაუწყებლის" თანამშრომელი, ამ არხს მაინც დიდ პატივს ვცემ.

- ტელევიზიიდან გამოშვების მიზეზად რა დაგისახელეს...

- 2000 წელს, 3000 კაცი, მოქმედი საუკეთესო გუნდი, სრულიად უმიზეზოდ გამოგვიშვეს. კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ. დაცვამ საკუთარი ნივთების ასაღებად აღარ შეგვიშვა, გეგონება სამშობლოს მოღალატეები ვყოფილიყავით. ბოლო ასე გვითხრეს, თქვენს საქმეს ახალი თაობა გააგრძელებსო.

- როგორც ვიცი, არაჩვეულებრივი დიასახლისი ბრძანდებით...

- ასე ამბობენ და რა ვიცი, არ მიყვარს საკუთარი თავის ქება.

- ქალბატონო დონარა, ეთერ კაკულიას ჯემის მომზადება ასწვალეთ, მოგვიყევით ამ ამბავზე...

- მე და ეთერი არაჩვეულებრივი მეგობრები ვიყავით. მიჭირს მისი გახსენება უცრემლოდ... ერთ დღესაც მირეკავს ქლიავის ჯემის გაკეთება მასწავლეო. ავუხსენი, რომ ქლიავისთვის კურკები უნდა გამოეცალა, ცოტა წყალი დაესხა და ასადუღებლად დაედგა. საღამოს მირეკავს - დონჩიკ, იცი რაა, ავიღე პური, წავუსვი კარაქი და თან მღერის, წავუსვი კარაქიან პურს ჯემი და არაფრის გემო არ აქვსო.. თურმე გაზქურაზე ჯემი დაუდგამს, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთია. ამ ამბის მოყოლა მისმა ძმამ ერთ-ერთ ტელევიზიაში მთხოვა, მას შემდეგ გავრცელდა ეს სახალისო ამბავი ჩემს ეთერზე.

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართული ტელევიზიის პირველი დიქტორები და...

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)