"მაიკოს თენგოს ფული აინტერესებს" - რატომ უშლიდა მსახიობ ნინო ოკუჯავას შეყვარებული სერიალში გადაღებას - კვირის პალიტრა

"მაიკოს თენგოს ფული აინტერესებს" - რატომ უშლიდა მსახიობ ნინო ოკუჯავას შეყვარებული სერიალში გადაღებას

27 წლის ნინო ოკუჯავა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მომხიბვლელი, კეკლუცი მარკეტინგის მენეჯერის როლს ასრულებს. აღმოჩნდა, რომ გარდა ხასიათისა, მსახიობსა და პერსონაჟს სხვა საერთოც ბევრი აქვთ... მასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდებს.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" აბსოლუტურად სხვა როლი უნდა მქონოდა - კატოს მკითხავის როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ გადაწყდა, რომ თენგოსთან, გაყიდვების მენეჯერი უნდა ვყოფილიყავი.

- პროფესიით მსახიობი ხარ?

- კი, თეატრალური უნივერსიტეტი 4 წლის წინ დავამთავრე.

- მაიკოს როლზე როგორ მუშაობ?

- პირველი გადაღება ზაფხულში მქონდა. ეს ერთჯერადი როლი იყო: ბაქარი და თენგო ჩემთან, პიარ-სააგენტოში უნდა მოსულიყვნენ და წასულიყვნენ. ეს ხაზი თუ განვითარდებოდა, არ ვიცოდი. გარკვეული დროის მერე, კიდევ დამირეკეს - ბაქარი და თენგო შენთან ისევ უნდა მოვიდნენ, კიდევ გვჭირდებიო. რამდენიმე დღის შემდეგ, სცენარი კიდევ მომივიდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამ სერიალში ჩავერთე, რომელიც წლებია, ძალიან მომწონს.

- როგორი გოგოა მაიკო?

- ძალიან ჭკვიანი, თავის სფეროში განათლებული, წარმატებული, კარგი მარკეტერი. თენგოსთან დაკავშირებით, უფრო ფული აინტერესებს - უნდა, რაღაცები გამოსცინცლოს... ჯერ მეც არ ვიცი, სცენარი როგორ დაიწერება.

- თენგო მაიკოს მიმართ გულგრილი არ არის...

- თენგოს ის მოსწონს. მაიკო ამას ხედავს და ცდილობს, ეს ადამიანი რაღაცებში გამოიყენოს.

- მსგავსი სიტუაციით თავად თუ გისარგებლია?

- არასდროს (იცინის). ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ მქონია.

- მარკეტინგის სფეროში გიმუშავია?

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ვმუშაობ. საზღვარგარეთიდან პროდუქცია შემოგვაქვს და კლინიკებს ვამარაგებთ. ჩემი მოვალეობაა: ოფისის მიხედვა, პროდუქციის განბაჟება, გამოწერა. ოფისის მენეჯერს რაც ევალება, ყველაფერს ვაკეთებ. ჩემი საქმე მარკეტინგსაც მოიცავს, რადგან კლიენტებთან კონტაქტი, პროდუქციის შეთავაზება მიწევს.

...

- გულის სწორი გყავს?

- კი, შეყვარებული მყავს. უკვე წელიწადნახევრიანი ურთიერთობა მაქვს. იკა 4 წლის წინ გავიცანი. თავდაპირველად, ფლირტი გვქონდა. ნელ-ნელა ერთმანეთი მოგვეწონა. შემდეგ ჩვენი შეხვედრები გახშირდა. ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის დასაწყისი იყო. მაშინ ერთმანეთს დავშორდით. დაახლოებით, ორწელიწად-ნახევარი გავიდა. სრულიად შემთხვევით, ერთმანეთს ბათუმის ბულვარში შევხვდით. ურთიერთობა აღვადგინეთ. მას შემდეგ ერთად ვართ.

- ეკრანულ ბოსებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- შოთიკოსა და ბუბასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. არ მეგონა, რომ შეიძლებოდა, ასე მოკლე პერიოდში შემყვარებოდა ისინი. ძალიან მეგობრული, გახსნილი, კარგი ადამიანები არიან. მიხარია, რომ გავიცანი. (ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" 17 ნოემბრის ნომერში)

ეთო ყორღანაშვილი