"მადამ ტუზი" ისევ გიხმობთ - კვირის პალიტრა

"მადამ ტუზი" ისევ გიხმობთ

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლის გახდა

გიორგი მერგელოვი ხმის რეჟისორია... ძველისძველ მაგნიტოფონში ძველისძველი ფირი ჩადო, საიდანაც საოცარი მელოდია გადმოიღვარა...

არ არსებობს თაობა, რომლისთვისაც ამ თეატრს თავისი სპექტაკლებით სიხარული არ მიუნიჭებია. სწორედ ამიტომაც ერთხელ კიდევ დავბრუნდი - მივდივარ აღმაშენებელზე, ნაადრევი ზამთარი ფიფქებს მაყრის და თეატრში მისვლამდე საყელოდან თავის ამოყოფა აღარ მინდა; მაგრამ ვინ გაცლის, თეატრის კართან, ტროტუარზე ბავშვების აჟრიამულებული რიგი მხვდება, იქვე - ჩემი ბავშვობის მოგონებაც, როცა მეც ამ შესასვლელში ვიდექი, მერე კი თვალებგაფართოებული შევცქეროდი სცენას.

ხმის რეჟისორს უნდა შევხვდე, კაცს, რომელიც თეატრის დაბადებამდე 2 წლით ადრე დაიბადა... გიორგი მერგელოვი 1941 წლამდე ამ თეატრის მაყურებელი იყო, მერე სცენის გამნათებელი, ახლა კი ხმის რეჟისორია. თეატრის ბოლო სართულზე მიხვეულ-მოხვეული კიბით ავყავარ და მეუბნება, - მე დავბერდი, თეატრი კი ახალგაზრდააო! მერე თავისი ოთახის კარს მიღებს, რომელიც ძველი ნივთებითაა სავსე: ლამის საუკუნემიღწეულ მოვარდისფრო მაცივრით, დიქტოფონებით და მიკროფონებით.

- თეატრის რუსული დასი 1927 წელს პლეხანოვის სარდაფში დაარსდა, ქართული - 1928 წელს ზემელის სარდაფში. 1950 წლიდან, როცა ეს მაგნიტოფონები გაჩნდა, ჩვენი თეატრის კამერული ორკესტრიც გაუქმდა, - მეუბნება და უზარმაზარ მაგნიტოფონებს დასცქერის, საიდანაც თურმე უძვირფასესი მუსიკა ისმოდა.

გოგი ცაბაძემ პირველი მიუზიკლი ჩვენთვის დაწერა...

- და საბჭოთა ახალგაზრდობა ამ სარდაფში დადიოდა სპექტაკლის სანახავად?

- ანჩისხატთან ვცხოვრობდი და იქიდან ფეხით გავრბოდი სპექტაკლებზე. ჩვენ ხომ სხვა სიხარული არ გვქონდა. დაგვირიგებდა სკოლაში აბონემენტებს თეატრის მოლარე, რომელსაც ყველა თაობა "მადამ ტუზს" ეძახდა. მის დანახვაზე ყველა ხარობდა.

- დღესაც ასეა.

- როცა სპექტაკლია, წინა კარებიდან ვერავინ შემოვა, ისეთი რიგებია. ბავშვები რაიონებიდან ავტობუსებით ჩამოდიან.

ომის დროის დასიც მახსოვს - ფრონტზე მიდიოდნენ მატარებლით სპექტაკლის დასადგმელად. დასის ნაწილი კი თბილისში რჩებოდა, ნაბრძანები იყო, რომ სპექტაკლები არ შეწყვეტილიყო... მსახიობებს სციოდათ, შიოდათ და მაინც თამაშობდნენ, თანაც, სიბნელეში - ომის დროს შუქი მუდამ გამორთული უნდა ყოფილიყო, სანთელს კი ფული სჭირდებოდა. ვერ ავიტანე, ბავშვები მსახიობების სახეებს რომ ვერ ხედავდნენ და განათება გამოვიგონე... დენის გამორთვის შემდეგ სადენებში სუსტი დენი - 12 ვოლტია. გამორთული სადენები მანქანის ფარებზე დავამაგრე და ფარები ავანთე. დიდი არაფერი სინათლე იყო, მაგრამ სახეების გარჩევა შეიძლებოდა. თეატრმა თავგანწირული სიყვარული იცის...

ჩვენს თეატრში ერთი ოჯახი თამაშობდა - მამა, დედა, შვილი და რძალი. ერთხელ რუსეთში წავედით გასტროლებზე. მოულოდნელად ოჯახის მამა გარდაიცვალა. ექიმებმა მორგში წაასვენეს. იმ საღამოს სპექტაკლი იყო, განსვენებულის ცოლ-შვილი და რძალი კი სცენაზე თამაშობდნენ.

ამ სიყვარულისთვის ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მუშაობდა. მაგალითად, ელენე ახვლედიანს ჩვენი თეატრისთვის ისეთი ესკიზები აქვს შექმნილი, ნამდვილი შედევრებია. თბილისის ომიც ისე გადავიტანეთ, მაყურებელი არ მოგვკლებია. მსახიობებს შინ რაც გააჩნდათ, თეატრში მოჰქონდათ, რომ სპექტაკლები გამართულიყო, მაგრამ ზოგჯერ გვაკლდებოდა ის, რისი შოვნაც შეუძლებელი იყო. ერთხელ, მაგალითად, არ გვქონდა საღებავები ბუტაფორიებისთვის. დასის წევრმა გვითხრა, - მე ვიშოვიო. მეორე დღეს მართლაც მოიტანა და ბუტაფორიები შევღებეთ. მესამე დღეს ეს კაცი დაიჭირეს. თურმე, საღებავები მოეპარა... მერე სასამართლომ რაღაცები გაითვალისწინა და გაათავისუფლეს, - გამიღიმა ბატონმა გიორგიმ, ძველისძველ მაგნიტოფონში ძველისძველი ფირი ჩადო, საიდანაც საოცარი მელოდია გადმოიღვარა.

უკან მიხვეულ-მოხვეული კიბითვე წამოვედი, თან მელოდია მომყვებოდა. ფოიეში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დიმიტრი ხვთისიაშვილს შევხვდი. ალბათ არ მოიძებნება თაობა, რომელსაც ამ თეატრთან ჩავლისას ბავშვობა არ გაახსენდება-მეთქი.

- ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც თეატრში მუშაობდნენ. ახლაც ისეთ სპექტაკლებს ვდგამთ, ნებისმიერი ასაკის მოზარდს რომ დააინტერესებსო.

საუბარი ისე დაამთავრა, არ უთქვამს, - უსათუოდ მოდითო. არც გამკვირვებია, რადგან უხილავი "მადამ ტუზი" თეატრში ისედაც ყველას ისე ეპატიჟება, რომ შესასვლელთან ყოველთვის დიდი რიგია!

ეთერ ერაძე